ბუმბერაზთა პალიტრა - მერაბ მამარდაშვილი - კვირის პალიტრა

ბუმბერაზთა პალიტრა - მერაბ მამარდაშვილი

ადამიანი იწყება ღირსებიდან და მას მხოლოდ საკუთარი ღირსების გავლით შეუძლია, ჭეშმარიტად გააცნობიეროს თავი ამა თუ იმ ერის შვილად! ქართველობა არ არის ბიოლოგიური მოცემულობა - ეს არის ნება, იყო ქართველი, ნება კი რაინდული ღირსების ფენომენია და მე თუ არა მაქვს ის, რამდენიც უნდა მოინდომოს ერმა თუ ბერმა, ვერც კაცი ვიქნები და ვერც ქართველი!

* * *

ქართულმა ხასიათმა, ქართულმა გენოტიპმა დაკარგა თავისი მოხაზულობა, ეს დაიკარგა უკვე რუსეთთან უთიერთობაში XIX საუკუნეში, დაიკარგა ჩვენი ეკლესიის და რელიგიის დონეზე. იმდენი ჩვენ არ გვავნო მაჰმადიანობამ, ან მუსლიმანურმა სამყარომ, არაბებმა ან მონგოლებმა, ან სპარსელებმა, ან თურქებმა, რომლებიც ყოველთვის გვმტრობდნენ, განსაკუთრებით ემტერებოდნენ ჩვენს რწმენას - რელიგიას, რამდენადაც ჩვენ გვავნო "ნათესაობრივმა" კავშირმა რუსულ კულტურასთან, რუსულ ეკლესიასთან, რომელიც გვეჩვენებოდა მონათესავე... უფრო მყარი, უფრო მტკიცე იყო ჩვენი რწმენა, როცა ჩვენ განვასხვავებდით ჩვენს თავს განსხვავებულ მაჰმადიანისგან ან სხვა რწმენის სახელმწიფოსაგან, რომელიც შემოიჭრებოდა ჩვენი სახელმწიფოს ფარგლებში. იქ არის რაღაც გაუგებრობა - ჩვენს დამოკიდებულებაში, წაშლა საზღვრებისა რუსულ ეკლესიასთან. ერთი რუსი ეკლესიის ისტორიკოსი აღიარებდა: "უმცროსმა დამ" (რუსეთის ეკლესია) თავისი "უფროსი და" (ქართული ეკლესია) დაახრჩო თავისი ხელით, იმიტომ რომ, უფროსმა დამ აღარ იცოდა, ვინ არის მტერი და ვინ - მოყვარე.

* * *

კანტი ამბობდა, რომ ქვეყნად ყველაზე დიდი სასწაული ან ყველაზე დიდი სრულყოფილებაა "სული, გრძნობებით აღსავსე". აქ მეტაფორულად უნდა ვიგულისხმოთ თვითონ გრძნობის სისრულე ან ინტენსიურობა, რაღაცგვარი ამაღლება - თითქოს გრძნობის ფრთები ან ტალღა მიმაქროლებდეს. ტალღა კი არის, ან არ არის. შეიძლება მთელი სიცოცხლე ვიოცნებო იმ ქალის ნახვაზე, რომელიც მიყვარს, ბოლოს შევხვდე, მაგრამ ეს შეხვედრა მხოლოდ მაშინ იქცევა ხდომილებად, მხოლოდ მაშინ შეიძლება აღიწეროს, როგორც ორი შეყვარებულის შეხვედრა, როცა პაემნის მომენტს გრძნობათა სისრულის მდგომარეობაში ვხვდები. შეიძლება სწორედ ამ მომენტში, გაუგებარი მიზეზების გამო, მოწყენილობა დამეუფლოს და ჩემს სულში არაფერი ჟღერდეს; როგორც ხე არ არის ვიოლინო და მოკლებულია ჰარმონიულ მუსიკალურ ხმას, ასევე ჩემი სული შეიძლება გახევებული შეხვდეს პაემნის მომენტს, სწორედ იმ მომენტს, როცა ვიოლინო უნდა იყოს და არა ხე.

* * *

ნუ გაუსწრებთ მოვლენებს წინ, ნუ იფიქრებთ პოლიტიკური კლიშეებით, ვისი მხრიდანაც უნდა იყვნენ ისინი, დაიწყეთ საკუთარი თავით და საქმით, რადგან ჯერ ისედაც გვაკლია პროფესიონალური ცოდნა და გამოცდილება, მოქალაქეობრივი შეგნება და თუ ამის გარეშე მაინც ჯიუტად გადავეშვებით პოლიტიკის აღელვებულ ზღვაში, ძალიან მალე გავირიყებით ნაპირზე ისევ ისეთივე მშიერ-ტიტველნი და უმეცარნი.

* * *

აზროვნება არის ღმერთთან ჩუმი საუბარი წარსული შეხვედრების შესახებ, ანუ ეს არის სიტუაცია, როდესაც რაღაც ხელახლა იბადება თავისი თავის იგივეობრივი, მაგრამ განახლებული, აღორძინებული.

* * *

ჩემთვის დამოუკიდებლობა პირველი და აბსოლუტური, სადღეისო მიზანია, ოღონდ იმიტომ კი არა, რომ უბრალოდ დამოუკიდებლები ვიყოთ, არამედ იმიტომ, რომ დავინახოთ ჩვენი თავი და შევქმნათ სიტუაცია, სადაც ჩვენი რეალური პრობლემები გამოჩნდება. ამ პრობლემის გადაწყვეტის პირობა კი შინაგანი განთავისუფლებაა. ე.ი. ჩვენ გვჭირდება განთავისუფლება არა მხოლოდ იმპერიისგან, არამედ ჩვენივე ცხოვრების გარკვეული შინაგანი პრინციპისაგან.