ხათუნა დონდუას ნაადრევად შეწყვეტილი ზღაპარი - კვირის პალიტრა

ხათუნა დონდუას ნაადრევად შეწყვეტილი ზღაპარი

"გამოჩნდებოდა ეკრანზე მშვიდი, ლამაზი, მუდამ გემოვნებით ჩაცმული მომღიმარი ხათუნა დონდუა და ერთგვარი შვება მოჰქონდა საზოგადოებისთვის"

ხათუნა ყოველთვის მოწესრიგებული იყო. მახსოვს მისი სასიამოვნო ხმის ტემბრი და დაუვიწყარი სიცილი. თავმდაბალი, განათლებული, საინტერესო მთხრობელი, იშვიათი ტაქტითა და ზომიერების გრძნობით სავსე ადამიანი გახლდათ, ერთი სიტყვით, ნამდვილი არისტოკრატი იყო.

ის თავის აზროვნებით დროს უსწრებდა. სწორედ ახლა დადგა ის დრო, როდესაც ჟურნალისტებს მიეცათ საშუალება, გამოიყენონ თავიანთი შესაძლებლობები, ამას კი ხათუნა წლების წინ ახერხებდა. დარწმუნებული ვარ, დღეს რომ შეძლებოდა მოღვაწეობა, იგი შექმნიდა ჟურნალისტის ახალ სახეს. ყველასთვის თვალსაჩინო იქნებოდა მისი ნიჭიერება, არტისტიზმი, იმპროვიზაციის უნარი, იუმორის გრძნობა, კორექტულობა".

მაია ჯაბუა, მომღერალი.

საქართველოს რესპუბლიკის დამსახურებულ ჟურნალისტთა კოჰორტას ამ ცოტა ხნის წინათ ახალი გვარ-სახელი შეემატა - პირველი "მზიურის" სოლისტი და ელექტროგიტარისტი, 90-იანი წლების ცნობილი ტელესახე, ხათუნა დონდუა, ჟურნალისტთა შემოქმედებითმა კავშირმა როგორც ღირსეული, მუდამ მოვლენათა ეპიცენტრში მყოფი ჟურნალისტი, ანალიტიკური აზროვნებით გამორჩეული, ზომიერი, კომპეტენტური ადამიანი, გარდაცვალებიდან 15 წლის შემდეგ, საქართველოს დამსახურებულ ჟურნალისტად დაასახელა.

იმ უსახურ, უსასტიკეს 90-იან წლებში, საინფორმაციო პროგრამა "მოამბე" სახელმწიფო რადიო-ტელევიზიის ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცა. გამოჩნდებოდა ეკრანზე მშვიდი, ლამაზი, მუდამ გემოვნებით ჩაცმული მომღიმარი ხათუნა დონდუა და ერთგვარი შვება მოჰქონდა საზოგადოებისთვის. ის ახერხებდა სადიქტორო ტექსტი ისე შეეკრა, სიუჟეტებს შორის გადამსვლელი ტიხრები ისეთი საინტერესო ტექსტებით შეევსო, რომ მაყურებელი ზედმეტად არ აეღელვებინა. გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის წყალობით იგი გარდაცვალებამდე იყო საინფორმაციო პროგრამა "მოამბის" გამომშვები რედაქტორი და საუკეთესო წამყვანი.

1999 წელს, ხათუნას გარდაცვალების შემდეგ, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტებისთვის საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ "ხათუნა დონდუას სახელობის სტიპენდია" დააწესა; გაკეთდა მემორიალური დაფა სახლზე, რომელშიც ხათუნა ცხოვრობდა; მისი სახელი ეწოდა ზაზიაშვილის, ყოფილი მონტინის შესახვევს; 2006 წელს ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდის მიერ "ოქროს ფრთით" დაჯილდოვდა და მწერალთა კავშირის ხელმძღვანელმა, მაყვალა გონაშვილმა გამოსცა წიგნი, რომელიც ხათუნას ხანმოკლე, 37-წლიან ცხოვრებასა და მოღვაწეობას ასახავდა.

მათ ყველგან იცნობდნენ, ისინი უყვარდათ და მათ სიმღერებს მღეროდნენ - გოგონათა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი "მზიური" 1971 წელს შეიქმნა და საყოველთაო აღიარება არ მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც მოიპოვა.

მზიურელების ცხოვრება სხვადასხვაგვარად წარიმართა: ბევრი შემორჩა სცენას, ბევრმაც სხვა პროფესია აირჩია. თითოეულმა საზოგადოებაში გამორჩეული, გარკვეული ნიშა დაიკავა. ხათუნა დონდუამ ჟურნალისტის რთული, მაგრამ საინტერესო პროფესია აირჩია. მამამისს, ტელეოპერატორ ენრიკო დონდუას ხშირად დაჰყავდა ხათუნა ტელევიზიაში და იქ ყველას ხიბლავდა ოსტატურად წაკითხული ლექსებით. გოგონა ფოლკლორის ცენტრში გამართულ მხატვრული კითხვის კონკურსში ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა.

მაშინდელი პიონერთა სასახლის მხატვრული კითხვის პედაგოგი ინეზა აბესაძე იხსენებს, რომ თავიდანვე საოცარი დეკლამაციის ნიჭი აღმოაჩნდა ხათუნას. ერთ-ერთ სამთავრობო ღონისძიებაზე, ოთხიოდე წლის ხათუნა საათზე მეტ ხანს იჯდა თურმე მოთმინებით სასახლის ფოიეში მდგარ ხელოვნურ ტიტაში, რომელიც შემდეგ ყრილობათა დარბაზში გადაიტანეს. როდესაც ყვავილების ფურცლები გადაიშალა და იქიდან ამოსულმა, თეთრ კაბაში გამოწყობილმა ულამაზესმა ბავშვმა საგანგებოდ მისთვის დაწერილი ტექსტი წაიკითხა, სტუმრების აღტაცებას ბოლო არ უჩანდა.

გურამ ჯაიანი, "მზიურის" ხელმძღვანელი: "როცა "მზიურისთვის" ბავშვებს ვარჩევდით, "ჰერიო, ბიჭებო, ჰერიო" ისე ომახიანად შემოსძახა ხათუნამ, მისი ვოკალის პედაგოგს ციცინო ციცქიშვილს მადლობა გადავუხადე და სასწრაფოდ ავიყვანე ანსამბლში. მერე ელექტროგიტარაც შეისწავლა და ისე ვირტუოზულად უკრავდა, თითქოს მასთან ერთად დაიბადა.

გასტროლებზე ყოფნისას სულ წიგნებს კითხულობდა, დღიურებსაც წერდა, ამიტომ ანსამბლის პრესმდივნობა დავავალეთ. მეცხრე კლასში იყო, ერთსაათიანი სატელევიზიო გადაცემა "ახალგაზრდობის" ავტორი და წამყვანი რომ გახდა, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ კი ამავე გადაცემის განყოფილების გამგედ გადაიყვანეს. ყველაფერს ასწრებდა, ყველაფერში სანიმუშო იყო და თავდაუზოგავად ისწრაფოდა მიზნისკენ. მჯერა, ძალიან ბევრს მიაღწევდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ნაადრევად შეწყვეტილ ზღაპარს დაემსგავსა მისი ცხოვრება და ყველას ძალიან ატკინა გული".

ლუიზა დოლიძე, ხათუნას დედა: "სკოლა ოქროს მედალზე დაასრულა, ძალიან უნდოდა ექიმობა. სწორედ მაშინ დაიბარა მაშინდელი კომკავშირის ცეკას პირველმა მდივანმა ჟიული შარტავამ და სთხოვა, "მზიურმა" უნივერსიტეტის კედლებშიც უნდა გააგრძელოს არსებობა და, რაკი გამოცდილებაც გაქვს, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე შეიტანე საბუთებიო. უარი ვერ უთხრა ბატონ ჟიულის. მის ოცნებას კი შემდეგ წლებში ხორცი მისმა დამ, თამარმა და ქალიშვილმა, გვანცა გიორგაძემ შეასხეს. გვანცამ წითელ დიპლომზე დაასრულა სამედიცინო უნივერსიტეტი, რეზიდენტურა მოსკოვში გაიარა და დღეს ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობს. ხათუნა ადრე დაოჯახდა, წყვილი ქუჩაში რომ გაივლიდა, ყველა თვალს აყოლებდა".

ეთერ კაპანაძე, აწ გარდაცვლილი მზიურელის,"ქეთინო ფირცხალავას დედა: "თუ ოდესმე შენი და ჩემი ქეთინოს სულები ერთმანეთს შეხვდება, წარმოვიდგენ, როგორ მიეფერებით და გეყვარებათ ერთმანეთი.

აქ არ დაგცალდათ ამქვეყნიური მეგობრობა და ნათელ-მირონით კავშირი. იქაურ მარადისობაში ნათელში ამყოფოს უფალმა თქვენი ხანმოკლე ლამაზი სიცოცხლე".