"ასეთი მარკეტინგით უამრავი კლიენტი მყავს" - კვირის პალიტრა

"ასეთი მარკეტინგით უამრავი კლიენტი მყავს"

პაატა წკრიალაშვილი: "როცა მგზავრი მაჩერებს და ავტომობილში ჯდება, პირველი რეაქცია გაოცებაა, ზოგი აღფრთოვანებას ვერ მალავს, ზოგიც ცდილობს, არ შეიმჩნიოს. როცა ყავას, ჩაის ან ტკბილეულს ვთავაზობ, აი, მაშინ კი უფართოვდებათ თვალები და მეკითხებიან, რომელი რა ღირს. როცა ვეუბნები, რომ უფასოა, ვერ იჯერებენ..."

რამდენიმე დღის წინ სამსახურიდან გამოსულმა პეკინის ქუჩაზე ტაქსი გავაჩერე. მძღოლმა საქარე მინა რომ ჩამოსწია, შევამჩნიე, რომ მანქანის სალონი ორიგინალური და საინტერესო იყო. ტარიფზე შევთანხმდით და დანიშნულების ადგილამდე მისასვლელი გზა მძღოლთან საუბარში გავატარე... მანქანის სალონში სავარძლები, თავის მისაყუდებლები და სახელურები სხვადასხვა ფერის ბენდენებით იყო გაფორმებული. მძღოლის გვერდით სავარძელთან კი, არც მეტი, არც ნაკლები, ბარია, სადაც სხვადასხვა ტკბილეულთან ერთად, ყავის და ჩაის ჭიქები შევნიშნე...

- სურნელოვანი სიგარეტი ან სიგარა ხომ არ გნებავთ?! - თავაზიანად მეკითხება მძღოლი და პასუხის მიღებამდე, კითხვას კითხვითვე მიბრუნებს, - რა ჟანრის მუსიკას უსმენთ?! - ჯაზს! - ვპასუხობ და ისიც ფლეილისტში შესაფერის მუსიკას ეძებს... ერთი სიტყვით, დანიშნულების ადგილამდე მისასვლელი გზა ასე საინტერესოდ და კომფორტულად არასდროს გამივლია... მძღოლი თბილისელი 38 წლის პაატა წკრიალაშვილი ინტერვიუზე ძლივს დავითანხმე.

- მთელი ცხოვრება კერძო ბიზნესში ვიყავი ჩართული, ერთხანს ხილ-ბოსტნეულის მაღაზია მქონდა. საამქროშიც ვიმუშავე, მეხანძრეც ვიყავი... არასდროს მყოლია ავტომობილი, თუმცა ცხოვრება რომ შეიცვალა, გადავწყვიტე, მართვის მოწმობა ამეღო და მეც იმ რამდენიმე დიპლომიანთა რიცხვში ჩავწერილიყავი, რომლებიც ოჯახს ტაქსაობით არჩენენ. ჩემს მანქანას `პანდელანი~ დავარქვი. ჩემი, მეუღლისა და შვილების სახელების აბრევიატურაა...

მოკლედ, ერთ დღესაც გადავწყვიტე, ჩემი კოლეგებისგან განსხვავებული და ორიგინალური ვყოფილიყავი. ვფიქრობ, გამომივიდა. ჩემთვის ყველა მგზავრი პატივსაცემია. ტაქსის მძღოლი უნდა იყოს კეთილი, კომუნიკაბელური და პოზიტიური ადამიანი. სხვა ტაქსის მძღოლებისგან იმით განვსხვავდები, რომ ქუჩაში არავის ვტოვებ, შეიძლება საკმარისი ფული არა აქვს, მაგრამ მგზავრი მაინც მიმყავს დანიშნულების ადგილამდე. როცა მგზავრი მაჩერებს და ავტომობილში ჯდება, პირველი რეაქცია გაოცებაა, ზოგი აღფრთოვანებას ვერ მალავს, ზოგიც ცდილობს, არ შეიმჩნიოს. როცა ყავას, ჩაის ან ტკბილეულს ვთავაზობ, აი, მაშინ კი უფართოვდებათ თვალები და მეკითხებიან, რომელი რა ღირს. როცა ვეუბნები, რომ უფასოა, ვერ იჯერებენ... აი, ეს არის ჩემი რეკლამა, რითაც მუდმივი ვიაიპი-კლიენტები გავიჩინე.

მანქანაში სულ მაქვს მამაკაცის რამდენიმე სუნამო, სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ მიიპკურონ. განსაკუთრებით მან, ვინც პაემანზე ან მნიშვნელოვან შეხვედრაზე მიდის.

- ეს ხომ ხარჯია?

- ასეთი მარკეტინგით უკვე იმდენი კლიენტი მყავს, რომ ნორმალური შემოსავალი მაქვს და ის ხარჯი, რისი გაწევაც მიწევს, სულაც არ არის დიდი დანაკლისი. ჩემი მომსახურებით კმაყოფილი კლიენტი ინიშნავს ნომერს და აძლევს ახლობლებს. ვიაიპი-კლიენტისთვის ყოველი მერვე მგზავრობა უფასოა. მაქვს ჟურნალი, სადაც გამოძახებებს ვინიშნავ. ვიაიპ-მომხმარებლებს, მათივე სურვილისამებრ, თვეში ერთხელ კაფეში ვპატიჟებ. ერთხელ ორი ასეთი ერთგული მომხმარებელი დავპატიჟე რესტორანში და ძალიან კარგადაც მოვილხინეთ.

ბევრ ადამიანს დავუახლოვდი, ისინიც მეპატიჟებიან შინ და კარგ დროს ვატარებთ. დღესასწაულებზე ვცდილობ, უფრო სახალისო გავხადო მგზავრობა და ფერად-ფერადი ბუშტებიც მიმიმაგრებია ავტომობილზე.

- ალბათ, გხვდებათ უჟმური მგზავრებიც.

- კი, მყოლია, თუმცა შემიძლია მათი კარგ ხასიათზე მოყვანა...

ერთხელ ახალგაზრდა მამაკაცმა ჯერ სოლოლაკში გამიყვანა, იქ რაღაც უნდა აეღო და მერე მისი შეყვარებულისთვის გაგვევლო. როცა სოლოლაკში მივიყვანე, მითხრა, არ გეგონოს, რომ გავრბივარ, თუ გინდა, ფულს დაგიტოვებ და ახლავე გამოვალო. უარი ვუთხარი, როცა გამოხვალ, შენს შეყვარებულს გავუვლით და ბოლო მისამართზე მიგიყვანთ, მაშინ გადამიხადეთ-მეთქი. გადავიდა და ცოტა შეაგვიანდა. ამასობაში ვიაიპ-მომხმარებელმა დამირეკა. დაცდა აღარ გამომივიდა და გამოდის, გადავაგდე კლიენტი, თუმცა პრეტენზია აღარ უნდა ჰქონოდა, რადგან უფასოდ მივიყვანე ერთ მისამართზე.

ერთხელ ვარკეთილში გამომიძახეს, ჩემი ვიაიპი-კლიენტის ახლობელი იყო. აეროპორტში უნდა წამეყვანა. რომ მივედი, რამდენიმე ჩემოდნით გამოვიდა გოგონა სახლიდან. ჩავალაგე ბარგი და დავადექით კახეთის გზატკეცილს. მასთან საუბარში ისე გავერთე, რომ აეროპორტის გადასახვევის ნაცვლად, ორხევში გადავუხვიე. როცა მივხვდი, რომ მისამართში შემეშალა, არ შემიმჩნევია, ისევ განვაგრძობდი საუბარს, თუმცა ვერ გამოვაპარე. პანიკაში ჩავარდა, ვამშვიდებდი, მაგრამ არ გაჭრა, ისე დავიძაბე, რომ კახეთის ცენტრალურ გზაზე გამოსულს, ვეღარ გამეგო, აეროპორტის გადასახვევი საით იყო. მოკლედ, როგორც იქნა, დანიშნულ დროს მივიყვანე და რეგისტრაციაზე არ დააგვიანდა...

თუ რომელიმე დღესასწაულზე, ქუჩაში ბუშტებით დამშვენებულ ტაქსიში ჩაჯექით, ნამდვილად არ ინანებთ, კომფორტული მგზავრობა, უფასო ბარით მომსახურება, უსაფრთხო გადაადგილება და გახალისება გარანტირებული გაქვთ. (იხილეთ ასევე: კანფეტებიანი მძღოლი)

თორნიკე ყაჯრიშვილი