"გუნდის ახალი წევრი მათ ზედაც არ უყურებდა, სალამსაც კი არ აძლევდა" - ფეხბურთის გენიოსი აუტისტური პრობლემებით - კვირის პალიტრა

"გუნდის ახალი წევრი მათ ზედაც არ უყურებდა, სალამსაც კი არ აძლევდა" - ფეხბურთის გენიოსი აუტისტური პრობლემებით

უცნაურები და გენიალურები

ისინი ჩვენ შორის ცხოვრობენ, თუმცა, გარშემომყოფებთან კონტაქტში არ შედიან. მათი შინაგანი სამყარო გარეშე თვალისთვის დაფარულია. ასეთ ადამიანებს აუტისტებს უწოდებენ. სტატისტიკის მიხედვით, ყოველი მეასე ადამიანი პლანეტაზე მათ რიცხვს მიეკუთვნება. მაშ, როგორები არიან ისინი სინამდვილეში: გონებრივი განვითარებით ჩამორჩენილნი, თუ პირიქით - უსაზღვროდ ნიჭიერნი?

ეს არ არის შიზოფრენია!

ტერმინი "აუტიზმი" (ბერძნულიდან - "თვითონ") შემოთავაზებული იყო შვეიცარიელი ფსიქიატრის - ეიგენ ბლეილერის მიერ, 1910 წელს. მეცნიერი ფსიქიკურ გადახრებს სწავლობდა და ამ სიტყვით სახელდო პაციენტთა მდგომარეობა - მათი გადანაცვლება საკუთარი ფანტაზიების სამყაროში და გარშემომყოფი ადამიანების მხრიდან ზემოქმედების შიში.

1930-1940 წლებში, ავსტრიელმა მკვლევარმა - ჰანს ასპერგერმა და ამერიკელმა პროფესორმა - ლეო კანერმა განავითარეს ამ ტერმინის მნიშვნელობა და აუტიზმი განაცალკევეს გონებრივი ჩამორჩენილობის, შიზოფრენიისა და ფსიქიკის სხვა დარღვევებისგან. მათ დაამტკიცეს, რომ განმარტოვებისკენ ავადმყოფური სწრაფვა დამოუკიდებელ სინდრომს წარმოადგენდა. საერთოდ, ამ დაავადების შესახებ, ჯერჯერობით ცოტა რამ არის ცნობილი. ის უფრო ხშირად მამაკაცებში გვხვდება.

მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი

ითვლება, რომ აუტიზმის სრულყოფილად განკურნება შეუძლებელია, თუმცა ფსიქოლოგებთან რეგულარული მეცადინეობები, ამ დაავადების მსუბუქი ფორმის მქონე ადამიანებს, არა მხოლოდ საზოგადოებასთან ადაპტაციის საშუალებას აძლევს, არამედ პროფესიული კუთხით წარმატების მიღწევაშიც კი ეხმარება. ამის ყველაზე მკაფიო, თანამედროვე მაგალითად, სახელოვანი არგენტინელი ფეხბურთელი - ლიონელ მესი გვევლინება.

13 წლის ასაკში, ის კლუბი - "ბარსელონას" ახალგაზრდულ ნაკრებში მიიწვიეს. თანამედროვენი იგონებენ, რომ გუნდის დანარჩენ ბიჭებს ლიონელი დიდი ხნის მანძილზე მუნჯი ეგონათ. ის არავისთან საუბრობდა. აუტიზმის გარდა, მოზარდს სხვა პრობლემაც აღმოაჩნდა - ზრდის ჰორმონის ნაკლოვანება. კლუბის ხელმძღვანელობამ მესის ფიზიკური და ფსიქიკური მკურნალობა იკისრა, რადგან მასში განსაკუთრებული ტალანტი შენიშნა. ასევე, უზრუნველყო მისი მშობლების გადმოყვანა არგენტინიდან ევროპაში.

როცა მესის 18 წელი შეუსრულდა, ის არგენტინის ახალგაზრდულ ნაკრებში მიიწვიეს. სხვა მოთამაშეებს თავდაპირველად უკვირდათ, რომ ახალი წევრი მათ ზედაც არ უყურებდა და სალამსაც კი არ აძლევდა.

2015 წელს, მთელი მსოფლიო მოიარა სპორტული ქრონიკის ამსახველმა კადრებმა, სადაც "ბარსელონამ" ევროპული საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატის ფინალში იტალიის კლუბ "იუვენტუსს" მოუგო. მატჩის შემდეგ, მინდორზე ემოციები დუღდა: ერთნი დარდისგან ტიროდნენ, მეორენი მძაფრად გამოხატავდნენ სიხარულს. მხოლოდ ლიონელ მესი იდგა თავისთვის და ერთ წერტილს გაჰყურებდა. არადა, გუნდში მისი როლი შეუფასებელი გახლდათ - სწორედ ის აღიარეს იმ წელს ტურნირის ერთ-ერთ საუკეთესო ბომბარდირად, რომელმაც ლიგის ყველა მატჩში 10 გოლი გაიტანა.

მიუხედავად გუნდის ამხანაგებთან უხალისო ურთიერთობისა, ლეო იმდენად მაღალი ხარისხის ფეხბურთელია, რომ ის უკვე რამდენჯერმე აღიარეს საუკეთესოდ მთელს მსოფლიოში. და ეს ამტკიცებს ფაქტს, რომ აუტისტებს სავსებით შეუძლიათ მიესადაგონ ვითარებას და შესანიშნავად მოახდინონ საკუთარი თავის რეალიზაცია.

თუ გსურთ გაარკვიოთ კიდევ რომელ ცნობილ ადამიანებს აქვთ აუტისტური სპექტრის პრობლემები, წაიკითხეთ ჟურნალ "გზის" 26 იანვრის ნომერი.