ამის მიმდევართ სჯერათ, რომ კასტრირების შემდეგ ქალში ვნება კვდება - ქალის გენიტალიების დასახიჩრება დაისჯება - კვირის პალიტრა

ამის მიმდევართ სჯერათ, რომ კასტრირების შემდეგ ქალში ვნება კვდება - ქალის გენიტალიების დასახიჩრება დაისჯება

"მათ უნდა დავეხმაროთ, გააცნობიერონ, რომ წინადაცვეთა არ არის მუსლიმანური წესი და საფრთხეს უქმნის გოგონების ჯანმრთელობას"

24 იანვარს საქართველოს მთავრობამ ევროპის საბჭოს 2011 წლის კონვენციის "ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ" საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი დაამტკიცა, ამ კონცენციას ხშირად სტამბოლის კონვენციადაც მოიხენიებენ. ცვლილებათა პაკეტზე მუშაობა თითქმის ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ეს საკანონმდებლო ინიციატვები ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გატარებას, ამ თვალსაზრისით საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებას, სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომელთა მომზადებას და მსხვერპლთა დაცვისა და რეაბილიტაციის კუთხით ახალი მიდგომების შემუშავებას.

ცლილებების მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსს ასევე დაემატება ახალი, 133-ე პრიმა მუხლი, რომელიც ქალთა გენიტალიების დასახიჩრების კრიმინალიზაციას ითვალისწინებს. შესაბამისად, აღნიშნული ქმედება რელიგიური, ეროვნული, ეთნიკური ან სხვა ტრადიციების გავლენით თუ ამის გარეშე, სისხლის სამართლის წესით დაისჯება. ხოლო ამ დანაშაულის ორსულის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალის ან არასრულწლოვანის მიმართ ჩადენა დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევა.

24 იანვარს გამართული მთავრობის სხდომის შემდეგ ამ საკითხზე იუსტიცის მინისტრმა თეა წულუკიანმა შემდეგი განაცხადა: "სტამბოლის კონვენცია და დღეს დამტკიცებული ცვილებათა პაკეტო დაიცავს ყველას, ვინც ოჯახში ზალადობის მსხვერპლი გახდება - ქალებს, კაცებს, მოხუცებს, ბავშვებს. ცვლილებებს ახლახან დავამატეთ ქალის გენიტალიების დასახიჩრების კრიმინალიზაცია, რადგან სულ ახლახან, საქართველოს რამდენიმე დასახლებულ პუნქტში. გოგონებზე ძალადობის გაუგონარი ფაქტები გამოვლინდა".

ადამიანის უფლებადამცველთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ძალიან საფრთხილო თემაა, შესაბამისად, სახელმწიფო უწყებებს მეტი დაფიქრებისკენ მოუწოდებენ. არსებობს საფრთხე, რომ კრიმინალიზაციის შემდეგ ამან უფრო მახინჯი ფორმა მიიღოს...

გოგონების წინადაცვეთა, გენიტალიების დასახიჩრების მრავალსაუკუნოვანი მახინჯი ტრადიცია, რომელსაც მსოფლიო ებრძვის,  საქართველოშიც კიდევ რომ არსებობს, ამ ცოტა ხნის წინ გახმაურდა, როდესაც გამოქვეყნდა საერთაშორისო ორგანიზაცია "ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის" წარმომადგენლის, აიდა მირმაკსუმოვას ჟურნალისტური გამოძიება, რომლის მიხედვით, ყვარლის რაიონის სოფლებში - თივში, სარუსოსა და ჩანთლისყურში მცხოვრები ეთნიკური ავარიელები პატარა გოგონებს წინადაცვეთას უტარებენ და ამტკიცებენ, ეს მუსლიმანების წესიაო, არადა, მუსლიმანთა სულიერი წინამძღვრები ამბობენ, რომ მათი რელიგია მხოლოდ ვაჟების წინადაცვეთას ითვალისწინებს.

ამ სისასტიკის მიმდევართ სჯერათ, რომ გენიტალიების კასტრირების შემდეგ ქალში ვნება კვდება და ღალატის სურვილი არ გაუჩნდება.

მიმდინარე წლის აგვისტოში რუსი უფლებადამცველების მიერ დაღესტნის რესპუბლიკის ზოგიერთ მაღალმთიან რაიონში წინადაცვეთასთან დაკავშირებით მომზადდა მოხსენება, რომლის თანახმად, დაღესტანში ათობით ათასი ავარიელი გოგონა წინადაცვეთის ტრადიციის მსხვერპლია.

"კვირის პალიტრამ" დაღესტნელ ჟურნალისტთან, აიდა მირმაკსუმოვასთან საუბრისას სცადა, შეეტყო, უცდიათ თუ არა ქალებს პროტესტის გამოხატვა, ან მშობიარობის დროს ექიმებს თუ შეუნიშნავთ წინადაცვეთის დამღა.

- სოფელ სარუსოს მკვიდრი ქალები ამბობენ, ეს ჩვენი ტრადიციაა და ყოველთვის დავიცავთო. ახალსოფელში ვნახე ექიმი, რომელიც 20 წელია, გინეკოლოგად მუშაობს, მაგრამ ავარიელი ქალებისთვის არასდროს შეუნიშნავს წინადაცვეთა. საქართველოში განსხვავებულ, მსუბუქი სახის წინადაცვეთას ატარებენ, რაც შეუმჩნეველია.

- წინადაცვეთის შედეგად დაინფიცირება ან გარდაცვალება ხომ არ არის მოსალოდნელი?

- ჩემი რესპონდენტების თქმით, წინადაცვეთის გამო არავინ დაღუპულა. ძალიან გამიჭირდა ამ საქმეზე მუშაობა. წინადაცვეთა არის სახიფათო ტრადიცია, რომელიც ჰეპატიტით ან სხვა დაავადებით დაინფიცირების საფრთხეს ქმნის, მაგრამ ეს ამ ხალხის ტრადიციაა და მტკიცედ იცავენ.

- ფიქრობთ, რომ ეს ტრადიცია უნდა არსებობდეს?

- არ უნდა არსებობდეს, მით უფრო, თუ ის ასახიჩრებს გოგონებს და ვნებს მათ ჯანმრთელობას. თუმცა, ეს პრობლემა კანონის ძალით ვერ მოგვარდება. ავარიელების საზოგადოება ჩაკეტილია, ემორჩილებიან საქართველოს კანონებს, მაგრამ საკუთარ ტრადიციებსაც უფრთხილდებიან. მათ უნდა დავეხმაროთ, გააცნობიერონ, რომ წინადაცვეთა არ არის მუსლიმანური წესი და საფრთხეს უქმნის გოგონების ჯანმრთელობას.

იხილეთ სრულად