დიდთოვლობა საქართველოში - როდამდე გაგრძელდება უამინდობა?! - კვირის პალიტრა

დიდთოვლობა საქართველოში - როდამდე გაგრძელდება უამინდობა?!

უკვე მეორე დღეა საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე თოვს, რამაც ქვეყნის მასშტაბით გზებზე პრობლემები შექმნა. განსაკუთრებით რთული ვითარება აჭარაში.

ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურში აცხადებენ, რომ 29 იანვარს, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ცივი ჰაერის მასების გავრცელება გრძელდება, შესაბამისად, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში თოვს, ზოგან ძლიერად. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კი თოვა დღის მეორე ნახევარში შეწყდება, თუმცა ნალექი მაღალმთაში შენარჩუნდება, სადაც ასევე მოსალოდნელია ქარბუქიც.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვისა და ლიპყინულის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ188 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. მოძრაობა მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის შეზღუდული რიკოთისა და გომბორის უღელტეხილებზეც. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

დიდთოვლობის გამო ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ქუთაისი-მილანის რეისი გადაიდო. როგორც აეროპორტში მყოფი მგზავრები აცხადებენ, ავიარეისის გადადების გამო მათ სასტუმროში გადაიყვანენ. "როგორც გვითხრეს, რეისი დიდთოვლობის გამო გადაიდო. დროებით სასტუმროში გადავყავართ, ხოლო ფრენა ხვალ 13.00 საათისთვის განახლდება", - აღნიშნეს მგზავრებმა.

ქუთაისში მთელი ღამე თოვდა, თუმცა ნალექს განსაკუთრებული პრობლემები არ შეუქმნია. შესაბამისი ტექნიკა ქალაქში დილიდანაა მობილიზებული და მიმდინარეობს გზების გაწმენდა. როგორც შესაბამის სამსახურში განმარტავენ, ხიდებზე ტექნიკური მარილი უკვე დაყრილია.

უახლოესი დღეების პროგნოზით უამინდობა 1-ლ თებერვლამდე შენარჩუნდება, 31 იანვარს ღამით კი ქვეყნის უმეტეს რაიონებში ღამით ყინვა გაძლიერდება.