"არ შეიძლება ასეთ ბუნებაში გაზრდილი ადამიანი ცუდ პიროვნებად ჩამოყალიბდეს. ამიტომაც ხართ ქართველები ასეთი კარგები" - კვირის პალიტრა

"არ შეიძლება ასეთ ბუნებაში გაზრდილი ადამიანი ცუდ პიროვნებად ჩამოყალიბდეს. ამიტომაც ხართ ქართველები ასეთი კარგები"

"საქართველოში ბევრი ქალი ინახავს ოჯახს, ბანგლადეშში ასე არ არის" - ბანგლადეშელი მხატვრის ქართული თავგადასავალი

მშრალი ხიდის გამოფენა-ბაზრობაზე მხატვრებიც და დამთვალიერებელ-მყიდველებიც კარგად იცნობენ 27 წლის მხატვარ მიმო მონდალს. იგი უკვე 6 წელიწადია საქართველოში ცხოვრობს და მოღვაწეობს. სახელოსნოში მუშაობისა და გამოფენების პარალელურად, მიმო თავის ნამუშევრებს მშრალ ხიდზე ფენს და ყიდის. მისი მოძებნა მხატვრებს შორის არ გამჭირვებია. ვიკითხე თუ არა, მაშინვე ხალისით მიმასწავლეს მიმოს ადგილსამყოფელი.

მიმო მონდალი:

- ჩემი მეგობარი ცხოვრობდა საქართველოში. ისეთი აღტაცებითა და სიყვარულით მიამბობდა ამ ქვეყანაზე, რომ მეც მომინდა ნახვა და სამშობლოს გარეთ ჩემი შესაძლებლობების მოსინჯვა. მართლაც აქ არაჩვეულებრივ ქვეყნაში აღმოვჩნდი.

მიმო მონდალი

ვიდრე აქაურობას ჩემი თვალით ვნახავდი, ვიცოდი, რომ საქართველო თავისუფალი და თანამედროვე ქვეყანა იყო. რაც, ჩემთვის როგორც ამ ქვეყნის სტუმრისთვის მნიშვნელოვანი გახლდათ. ხალხიც თბილი და კეთილგანწყობილი დამხვდა, ამიტომაც დავრჩი... განსაკუთრებით მხიბლავს თბილისური ძველი სახლები. ახალ-ახალ კორპუსებზე რა მოგახსენოთ, ასეთს ყველგან ნახავ, ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. აი, ქართული სოფლები ცალკე საუბრის თემაა. იქ ყველაფერი საუკეთესო შენარჩუნებულია, სოფლად ყველაფერი ნამდვილია და არა გაპრანჭული.

- გამოდის თბილისის გარეთაც გიმოგზაურია...

- რა თქმა უნდა, შემოვლილი მაქვს მთელი საქართველო, - რაჭა, შატილი, აჭარა, გურია... ბუნება ყველა ადგილას განსხვავებული და მომხიბვლელია, ხალხი კი ერთნაირად თბილი და სტუმართმოყვარე. შარშან ვიყავი რაჭაში. ავდიოდი სიმაღლეზე და არ მთავრდებოდა ნაქერალას უღელტეხილის ხვეულები. საოცარი განცდა დამეუფლა, ღრუბლებს რომ ავცდით... ზღაპრული ადგილებია, დავდიოდი და ვხატავდი, - უწერა, შოვი, ნიკორწმინდა... მჟავე წყალზე გავგიჟდი, საღამოობით სანახშოზე ვხალისობდი ხოლმე ადგილობრივებთან.

შატილის ხილვამ არანაკლები აღტაცება განმაცდევნია, ზემოდან რომ დასცქერი, შენს დაბლა მოროინე ფრინველებს. არ შეიძლება ასეთ ბუნებაში გაზრდილი ადამიანი ცუდ პიროვნებად ჩამოყალიბდეს. ამიტომაც ხართ ქართველები ასეთი კარგები...

ვნახე ბათუმიც, თუმცა მე უფრო სხვაგვარი ბუნება მხიბლავს, სულ სხვაა ევკალიპტის სუნით გაჟღენთილი გურია. გურულების საუბარი სიმღერას ჰგავს, - იქაური გადაძახილები ორღობეებს შორის, სოფელს რომ ავსებს... ასეთ ადგილებში მეტად პროდუქტიული ვხდები, ბევრს ვხატავ და ეს გასაკვირიც არაა.

- მშრალ ხიდზე როგორ მოხვდი პირველად?

- 5 წლის წინ, ერთმა ნაცნობმა მხატვარმა მითხრა, მიმო, მიდი მშრალ ხიდზე, არის ადგილიო... მივედი, მაგრამ არავის ვიცნობდი, ენაც არ ვიცოდი კარგად. ისე თბილად მიმიღეს, ყველა მეუბნებოდა, მოდი, ჩვენთან დადექიო. მას შემდეგ აქ ვარ, ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი. უცხოელებიც ბევრი მოდიან. ყურადღება მივიქციე ჩემი ნამუშევრებით, რაც მახარებს. ქართველები სხვა სტილზე ხატავენ, მე - სხვაზე. გამოფენებზეც მეძახიან, მეუბნებიან, მიმო, კარგი მხატვარი ხარო...

- თვითნასწავლი ხართ?

- არა, ბანგლადეშში სამხატვრო აკადემია დავამთავრე. შემდეგ საქართველოში გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ტურიზმის განხრით მივიღე განათლება.

- თქვენს ოჯახზე მიამბეთ.

- ჩემი ოჯახი თქვენი ფოთის ტიპის ქალაქში ბინადრობს, რომელსაც ბოულა ჰქვია. იქ ყველა მეთევზეობას მისდევს. მეც ვთევზაობდი ხოლმე ბავშვობაში. ბოულაში ცხოვრობს ჩემი დედ-მამა, დედისერთა ვარ. მამაჩემს თევზის ბიზნესი აქვს. დედა არ მუშაობს, დიასახლისია.

- დედისერთა ყოფილხარ, მშობლები არ გეუბნებიან მიმო დაბრუნდი სამშობლოში და ოჯახი შექმენიო?

- მათ იციან, რომ მე საქართველოში ცხოვრება მომწონს. ისიც იციან, რომ ჩემი შეყვარებული ქართველია. ანა მშრალ ხიდზე გავიცანი, ის ლიტერატორია. აქ ხშირად დადიოდა, ნახატებს ათვალიერებდა ხოლმე, ჩემი ნამუშევრებით დაინტერესდა და ურთიერთობაც ასე დავიწყეთ. ძალიან ბევრი საერთო აღმოგვაჩნდა. გემოვნებაც ერთნაირი გვაქვს. უკვე 3 წელია შეყვარებულები ვართ. ჩემი მშობლები პირადად არ იცნობენ ანას. ფოტოები კი გადავუგზავნე, ლამაზი გოგოაო, - მოსწონთ. საერთოდ ყველა, ვინც საქართველოს იცნობს, ისიც იცის, რომ აქ ძალიან ლამაზი გოგონები ცხოვრობენ.

ქალები გარდა იმისა, რომ შესახედად არიან მომხიბვლელები, ბევრს მუშაობენ, მშრომელები არიან. საქართველოში ბევრი ქალი ინახავს ოჯახს. ბანგლადეშში ასე არ არის. ადრე ჩვენში არ ამუშავებდნენ ქალებს. ახლაც იქ ქალაქელი ქალები უფრო არიან დასაქმებულები. ბანგლადეშში მაღაზიებში, რესტორნებსა და ამგვარ სამსახურებში მხოლოდ მამაკაცები მუშაობენ.

- რა არ მოგწონთ საქართველოში ნახულ-განცდილიდან?

- ლოთობა არ მომწონს. ბევრს სვამენ ქართველი მამაკაცები და ცოტას მუშაობენ.

- ყველაზე ხშირად რა კითხვებს გისვამენ საქართველოს შესახებ, როდესაც სამშობლოში ხარ?

- ფოტოებს რომ ათვალიერებენ, აღნიშნავენ რომ ქართველები ლამაზი ხალხია. კიდევ შავი ზღვით არიან დაინტერესებული. ძველი თბილისი მოსწონთ, ამბობენ, ჩვენც გვქონდა ადრე ამგვარი ხის ფერადი აივნებიო.

მე განსაკუთრებულად მომწონს ძველი საეკლესიო მოხატულობა. საერთოდ ქართველი მხატვრებიდან ფიროსმანი მომწონს განსაკუთრებით. მისი "გოგონა ბუშტით" ჩემი საყვარელი ტილოა.

ქართული ქორწილშიც ვყოფილვარ და მომილხენია კიდეც, სანახაობრივია და ბევრი რამ აქვს ჩვენებურ ქორწილებთან საერთო. ერთი კი ქართული ქორწილები 1 - 2 დღეს გრძელდება, ჩვენი ზოგჯერ ერთი კვირაც კი მიმდინარეობს.

მომწონს ქართული ფოლკლორი. მრავალხმიანი სიმღერები ჩვენც გვაქვს, იმიტომაც ადვილად შევიგრძენი ქართული სიმღერის მშვენიერება. ცალკე საუბრის ღირსია ქართული ცეკვა. განსაკუთრებით სამაია მხიბლავს, - ნელი, ნაზი, საოცრად ქალური და დახვეწილი მოძრაობებით, ჩაცმულობით - განუმეორებელი. არ შეიძლება გვერდი ავუარო ღვინის თემას. განსაკუთრებულად შავი ღვინო მიყვარს. სადღეგრძელოებიც ვისწავლე.

პ.ს.

ინტერვიუს ჩაწერიდან რამდენიმე დღეში, მიმო დამიკავშირდა და გულნატკენმა მითხრა: "აქაურობა მიყვარს და მინდა, გარკვეული ხნის განმავლობაში კიდევ გავაგრძელო საქართველოში ცხოვრება, თუმცა მიუხედავად არაერთი რეკომენდაციისა, სამუშაო ვიზის მოცემაზე უარი მივიღე და მიზეზიც არ განმიმარტეს. ადვოკატსაც ვაჩვენე საბუთები, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში 3 იურისტი გაეცნო და უარის საფუძველი ვერ ამოიცნო. ახლა გასაჩივრებას ვგეგმავ... სხვა არ ვიცი რა მოვიმოქმედო, გული მეტკინება, რომ იძულებით მომიხდეს ჩემი ქართულ დღეების შეწყვეტა"

ეკა სალაღაია (სპეციალურად საიტისთვის)