ძლიერი ხანძარი თბილისში - მთლიანად დამწვარი "ბავშვთა სამყარო" და დაზარალებული ათობით მოვაჭრე - კვირის პალიტრა

ძლიერი ხანძარი თბილისში - მთლიანად დამწვარი "ბავშვთა სამყარო" და დაზარალებული ათობით მოვაჭრე

თბილისში, "ვაგზლის მოედანზე" მდებარე სავაჭრო ცენტრი "ბავშვთა სამყარო" თითქმის მთლიანად დაიწყვა. მეხანძრეები ცეცხლის კერებს ამ დრომდე ებრძვიან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცახდებით, დილის ათის ნახევრისთვის ადგილზე ჯერ კიდევ მაშველთა 26 მანქანა მუშაობდა.

"შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. წუთი-წუთზე ველოდებით ხანძრის სრულ ლოკალიზებას", - განაცხადეს უწყებაში.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. "ბავშვთა სამყაროში" ცეცხლი გამთენიისას გაჩნდა.

დიდუბის რაიონის გამგებლის თქმით, ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად გამოწვეული ზარალი "ფართო მასშტაბისაა" და მისი ანაზღაურება მხოლოდ გამგეობის ბიუჯეტიდან რთული იქნება.

ავტორი: ბიქტორ გვინია

"პოლიცია აქაა, ყველა აქაა. ალბათ, გაარკვევენ, რა იყო მიზეზი. იმედს ვიტოვებ, რომ დაზღვევა არსებობს. ანაზღაურებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, ჯერ ცეცხლი უნდა ჩავაქროთ და მოხდეს ხანძრის ლოკალიზება, დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ. გამგეობის მასშტაბებს ეს აღემატება. ეს უფრო ფართო მასშტაბის პრობლემაა, რადგან ძალიან დიდი ცეცხლია", - განაცხადა დიდუბის გამგებელმა ირმა ზავრადაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბავშვთა სამყაროში ხანძრის გაჩენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, საქმე "სისხლის სამართლის კოდექსის" 187-ე მუხლით აღიძრა, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

უწყებაში მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.

"ბავშვთა სამყაროსთან" თბილისის მერი დავით ნარმანია მივიდა, რომელიც ხანძრისგან დაზარალებულ მოვაჭრეებს გაესაუბრა და "ბავშვთა სამყაროს" მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია დაათვალიერა.

როგორც ნარმანიამ განაცხადა, ხანძრის მასშტაბი ძალიან დიდი იყო, თუმცა ამ ეტაპზე ლოკალიზებულია. მეხანძრეები ცალკეულ კერებზე მუშაობენ, რათა ხანძრის სრული ლიკვიდაცია მოხდეს.

"ზარალი ძალიან დიდია. ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობდა და მათი მხრიდან ისმის კითხვები, როგორ მოხდება ზარალის ანაზღაურება. დაზარალებულებისა და ჩვენი მხრიდან მთავარი აქცენტები კეთდება ბაზრობის ადმინისტრაციაზე. ბაზრობის ადმინისტრაციამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამ ადამიანების წინაშე. ადმინისტრაცია, პირველ რიგში, პასუხისმგებელია გამოჩნდეს ამ ადამიანებთან, უთხრან მათ, რით შეუძლიათ დაეხმარონ. გამოძიებით უნდა დადგინდეს ხანძრის გამომწვევი მიზეზები. ძალიან ბევრ კითხვას, რომელიც ამ ადამიანების მხრიდან არსებობს, უნდა გაეცეს პასუხი", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე უცნობია, რამდენი ადამიანი დაზარალდა. გამოძიება დაადგენს ხანძრის შედეგად გამოწვეულ ზარალსაც.

დავით ნარმანიამ ასევე უპასუხა მოვაჭრეების პრეტენზიას, რომ ადგილზე სახანძრო ბრიგადა დაგვიანებით მივიდა და საკმარისი წყალი არ ჰქონდა.

"ქალაქის სამაშველო სამსახური ერთ-ერთი ოპერატიული სამსახურია. არ მგონია, რომ მსგავს რამესთან გვქონდეს საქმე", - განაცხადა ნარმანიამ.

არსებული ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრი მთლიანად დამწვარია. დაზარალებულია ათობით მოვაჭრე, რომლებიც ეჭვობენ, რომ ხანძარი მიზანმიმართულად არის გაჩენილი....