"ეს ყველაფერი მოწყობილია" - რატომ გაჩნდა ხანძარი "ბავშვთა სამყაროში"?! (ფოტოგალერეა) - კვირის პალიტრა

"ეს ყველაფერი მოწყობილია" - რატომ გაჩნდა ხანძარი "ბავშვთა სამყაროში"?! (ფოტოგალერეა)

30 იანვარს გამთენიისას, თბილისში, "ვაგზლის მოედანზე" ხანძარი გაჩნდა. ძლიერი ხანძრის შედეგად სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ შენობა მთლიანად განადგურებულია. დამწვარია ათეულობით მოვაჭრის სავაჭრო ინვენტარი და პროდუქცია. გამოწვეული ზარალი ჯერჯერობით უცნობია. მოვაჭრეების გათვლით, სავარაუდოდ 100 ათასობით ლარის ზარალი მიადგათ. სავაჭრო ცენტრში ძირითადად ოქროს ნაკეთობების, ავეჯის, ხალიჩების, ფარდების, ტანსაცმლის და სხვა ნივთების რეალიზაცია ხდებოდა.

ფოტოგალერეა

ხანძრის გაჩენის ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო. საქმე "სისხლის სამართლის კოდექსის" 187-ე მუხლით აღიძრა, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

„ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებისას ერთი მეხანძრე დაშავდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მეხანძრემ დაზიანება სავაჭრო ცენტრის ერთ-ერთი კედლის ჩამონგრევის შედეგად მიიღო.

მეხანძრე მხრის არეშია დაშავებული. მას პირველადი დახმარება ადგილზე გაეწია. შენობის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად ადგილზე კიდევ ერთი მეხანძრე იმყოფებოდა, თუმცა ის თავს კარგად გრძნობს.

როგორც შენობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ „ბავშვთა სამყაროს“ ტერიტორიაზე უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო. მათი ინფორმაციით, ღამის საათებში დაცვა სისტემატურად ამოწმებს ტერიტორიას, ასევე იკეტება ყველა კარი.

„ტერიტორიის შიგნით უსაფრთხოება სრულად დაცულია. „ბავშვთა სამყაროს“ ტერიტორიაზე ხანძრის პირველი შემთხვევა არ არის და ისევე როგორც მაშინ, ამჟამადაც ხანძარი გაურკვეველი მიზეზებით გაჩნდა“.

რაც შეეხება ზარალის ანაზღაურებას, მისი თქმით, ადმინისტრაციას მოვაჭრეების კომპენსაციის საშუალება არ აქვს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, მერაბ მალანიას განცხადებით,  ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

„გამომწვევ მიზეზებზე ჯერ ადრეა საუბარი. გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 187-ე მუხლით დაიწყო, რომელიც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. შეტყობინება 04.10 საათზე შემოვიდა. 5-6 წუთში ადგილზე იყვნენ 31 მანქანა და 200 კაცამდე მეხანძრე-მაშველი. რაც შეეხება რეაგირების დაგვიანებას, რეაგირება არ ყოფილა დაგვიანებული. დაგვიანებული იყო შეტყობინება. როგორც ჩანს, გვიან შეამჩნიეს ხანძარი. კერა, როგორც ჩანს, არ არის შენობაში. ეს არის ბაზრის ტერიტორიაზე“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანიამ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა ბავშვთა სამყარო“ და მისი მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერა და ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ აუცილებელია დროული გამოძიება.

„შენობა არის შიგნიდან მთლიანად დეფორმირებული. სამწუხაროდ, შესვლა ვერ ხერხდება რადგან ბეტონის ფილა დაზიანებულია და შეიძლება ნებისმიერ დროს ჩამოინგრეს. როგორც ჩანს, შენობა დასანგრევია. რაც შეეხება დაზარალებულ თანამოქალაქეებს, სამწუხაროა და მათ ჩვენ თანავუგრძნობთ. ისინი მუნიციპალიტეტის და მთავრობის მხრიდან მიიღებენ ყველანაირ დახმარებას. ვინ არის პასუხისმგებელი, ამაზე საუბარი ნაადრევია. ყველაფერი დადგინდება. ადმინისტრაციის დადანაშაულებას არ ვიჩქარებთ და დასკვნებს ვერ გამოვიტანთ წინასწარ. დამნაშავეს დაადგენს გამოძიება“, - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

მისივე თქმით, შესაძლოა, მოქალაქეებისთვის მოხდეს კრედიტებზე შეღავათების გაკეთება და სწორედ ამ კუთხით მოხდეს მათი დახმარება.

კახა კალაძე, ენერგეტიკის მინისტრი:

„ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, ძალიან დამთრგუნველია ის ყველაფერი, რაც ვიხილეთ. შევდივარ იმ ადამიანების მდგომარეობაში, ძალიან მძიმეა ეს მათთვის. პირველ რიგში აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება, უნდა გაირკვეს მიზეზები. სამომავლოდ მე ვფიქრობ, ერთგვარი ვალდებულებაც კი უნდა იყოს სავაჭრო ცენტრების, ბაზრობების აუცილებელი დაზღვევა. ვფიქრობ, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და ეს უნდა იყოს კატეგორიული მოთხოვნა, გამკაცრებული უნდა იყოს ამ მიმართულებით მიდგომები“.

სადაზღვევო კომპანია „ალდაგი", რომელშიც „ბავშვთა სამყარო“ იყო დაზღვეული, ხანძრის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლის. როგორც ჟურნალისტებს „ალდაგის“ ქონებრივი ზარალების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა ვახტანგ ებიტაშვილმა განუცხადა, „ალდაგში“ დაზღვეულია მხოლოდ და მხოლოდ ბავშვთა სამყაროს შენობა-ნაგებობა და არა მოვაჭრეების კუთვნილი ქონება. მისივე თქმით, აღნიშნული შენობა-ნაგებობა დაზღვეულია 6 მილიონ ლარად.

„დღევანდელი ხანძრის შედეგად დაზიანდა სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“ დაზღვეული სააქციო საზოგადოება „ბავშვთა სამყაროს“ კუთვნილი შენობა-ნაგებობა. ჩვენი ჯგუფები ინფორმაციის მიღებისთანავე ჩართულები არიან ზარალის რეგულირების პროცესში. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან. ამ ეტაპზე შენობის შიგნით შესვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, მიზეზების და ასევე ზიანის ოდენობის დასადგენად. ჩვენი მხრიდან უმოკლეს დროში მოხდება მოცემული სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზარალის ანაზღაურება“, - განაცხადა ებიტაშვილმა.

ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზებზე მოვაჭრეები საუბრობენ.

"მიზეზებზე არავინ არ საუბრობს, ვინ იტყვის რამეს? ვინ რას აგვინაზღაურებს? ვინ რას ჩამოგვაწერს?... გათბობა ჩვენ არ გვქონდა და არაფერი, ვიყინებოდით და შიშით "პლიტასაც" არ ვრთავდით. დენი მაშინვე ითიშებოდა, როგორც ვამთავრებდით მუშაობას. ჯერ შუქები ქრებოდა და მერე გავდიოდით შენობიდან... იყო საუბარი რომ აქ აშენება უნდოდათ რაღაცის. გაიჟღერა რომ "კარფურის" მსგავსი ცენტრი უნდა აშენებულიყო. აშენებულიყო კი ბატონო, მაგრამ ჩვენ რას გვერჩოდნენ?!.. ჩვენ არ დავზარალებულიყავით...", - ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე.

"თითო ადამიანის უკან 10 და 15 კაცი დგას. ულუკმაპუროდ დავრჩით, ათი ათასობით ლარი გვაქვს ვალი. ეს ყველაფერი მოწყობილია! რუბილნიკით ითიშებოდა შუქი საღამოს 7 საათზე და როგორ გაჩნდა ხანძარი ღამის 2 საათზე? ამბობენ, რომ აუქციონზე იყო ტერიტორია გატანილი და გაიყიდა. ეთქვათ და დავტოვებდით ტერიტორიას, საქონელს მაინც გადავარჩენდით...", - ყვება კიდევ ერთი მოვაჭრე.

იხილეთ ფოტოგალერეა: ძლიერი ხანძარი თბილისში - მთლიანად დამწვარი "ბავშვთა სამყარო" და დაზარალებული ათობით მოვაჭრე

იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია