”ბავშვთა სამყაროს” ოქროს ბირჟის საცავებში მოვაჭრეები შევიდნენ - რა მდგომარეობაა საცავებში?! - კვირის პალიტრა

”ბავშვთა სამყაროს” ოქროს ბირჟის საცავებში მოვაჭრეები შევიდნენ - რა მდგომარეობაა საცავებში?!

30 იანვარს გამთენიისას, თბილისში, "ვაგზლის მოედანზე" ხანძარი გაჩნდა. ძლიერი ხანძრის შედეგად სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ შენობა მთლიანად განადგურებულია. დამწვარია ათეულობით მოვაჭრის სავაჭრო ინვენტარი და პროდუქცია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ბავშვთა სამყაროს“ მეპატრონემ, გიორგი მაჭავარიანმა განუცხადა, „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაახლოებით 15 ათასი კვადრატული მეტრი ფართობია დამწვარი.

არსებული ინფორმაციით, გარდა იმ საცავისა, სადაც ოქროულობაა შენახული, გადარჩენილია შენობის ნულ სართულზე განლაგებული საცავიც, სადაც სხვადასხვა სახის პროდუქციაა განთავსებული.

"ბავშვთა სამყაროსა“ და მიმდებარე ტერიტორიაზე სამაშველო ჯგუფები 31 იანვრის ღამის განმავლობაშიც მუშაობდნენ. მიმდებარე ტერიტორიაზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ დაზარალებული მოვაჭრეებიც.

ცოტა ხნის წინ, ”ბავშვთა სამყაროს” ოქროს ბირჟის საცავებში შენახული ძვირფასი ლითონის მფლობელების შეყვანა დაიწყო. პირველ ეტაპზე ოთხი ადამიანი შევიდა, რომლებსაც საკუთარი ნივთების დათვალიერება და გამოტანა შეეძლებათ.

საცავებში მოვაჭრეები სიის მიხედვით შეჰყავთ და ყველა ჯერზე ოთხ-ოთხი ადამიანი შევა. მათ უსაფრთხოებას სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ. საცავებში შესვლა სახელითა და გვარით და პირადობის დამადასტურებელი მოწმობით ხდება.

საცავიდან გამოსვლის შემდეგ, ოქროს ბირჟის ერთ-ერთი მოვაჭრის, მაგული კერესელიძის ინფორმაციით, საცავებში არსებული ძვირფასი ლითონის ნივთები დაუზიანებელია. მისი თქმით, მას თავისი ნივთები სრულად დახვდა. კერესელიძის ინფორმაციითვე, სრულად და დაზიანების გარეშე დახვდათ ნივთები სხვებსაც.

როგორც ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განუცხადა, ბანკებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ „ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად დაზარალებულების საბანკო ვალდებულებებთან დაკავშირებით „გააკეთონ ის, რისი გაკეთებაც ამ პირობებში შესაძლებელია“.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მზადაა, საგადასახადო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისას, ხანძრის შედეგად დაზარალებულ მეწარმეებს დახმარება გაუწიოს. უწყების ინფორმაციით, 30 იანვარს, „ბავშვთა სამყაროს“ შენობასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მეწარმეთა დასახმარებლად და მათი საჭიროებების გასაცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დაზარალებულ მოქალაქეებს შეხვდა.

თბილისის ვიცე-მერის, ლაშა აბაშიძის განცხადებით, შერჩეულია კომპანია, რომელიც შენობის დემონტაჟს განახორციელებს, თუმცა მისივე განცხადებით, დემონტაჟი ვერ დაიწყება იქამდე, ვიდრე ცეცხლის ლიკვიდირება მთლიანად არ მოხდება.

რაც შეეხება ცეცხლის სრულ ლიკვიდირებას, დაკვამლიანების ცალკეული კერები ტერიტორიაზე ჯერ კიდევ რჩება, თუმცა სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მის ჩაქრობას უახლოეს საათებში ვარაუდობენ. ამასთან, მაშველი-მეხანძრეები ცეცხლის ახალი კერების გაჩენას არ ელოდებიან.

იხილეთ ფოტოგალერეა: ძლიერი ხანძარი თბილისში - მთლიანად დამწვარი "ბავშვთა სამყარო" და დაზარალებული ათობით მოვაჭრე

იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით