"საერთოდ, პატრონი ჰყავს აფხაზეთს? რამეს ვაკონტროლებთ?" - მიწასთან გასწორებული ეკლესია და ტაძრიდან მოპარული უძველესი ფილები - კვირის პალიტრა

"საერთოდ, პატრონი ჰყავს აფხაზეთს? რამეს ვაკონტროლებთ?" - მიწასთან გასწორებული ეკლესია და ტაძრიდან მოპარული უძველესი ფილები

"ადრე ასეთ ფაქტებზე აფხაზები დუმდნენ, ახლა უკმაყოფილებას ხმამაღლა გამოთქვამენ"

აფხაზეთში კიდევ ერთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე მიიტანეს იერიში. ამჯერად, გაურკვეველი მიზეზებით, ახალი ათონის ისტორიულ-კულტურულ ნაკრძალ "ანაკოფიის" ტერიტორიაზე მდებარე ტაძრის საკურთხევლის კედლიდან უძველესი წარწერებით შემკული ფილები დაიკარგა. ამის შესახებ ინფორმაცია, აფხაზმა ისტორიკოსმა ნატალია მილოვანოვამ თავის "ფეისბუკგვერდზე" გაავრცელა.

მისი თქმით, ანაკოფიის მთის წვერზე მდებარე ქრისტიანული ტაძრის საკურთხევლის კედლის დაშლის ნებართვა ნაკრძალის დირექტორმა გასცა.

"ათონის მონასტერი, XIX საუკუნის ბოლოს, ათონელმა ბერებმა ააგეს. ის ადრექრისტიანული სიმბოლოებისა და ჯვრების გამოსახულებების, ასევე მთის წვერსა და კალთებზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებისას შეგროვებული ბერძნული წარწერების ფრაგმენტებს მოიცავდა. კედლის სიღრმეში, უძველესი ნეშტები იყო ჩატანებული, რომელიც გამქრალია, ისევე, IV-VII საუკუნეების დროინდელი ქვის ბარელიეფები. ყველა მათგანს, ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა", - დაწერა აფხაზმა ისტორიკოსმა.

მისივე ინფორმაციით, ვანდალიზმის ავტორი, ნაკრძალის დირექტორი ალხას არგუნია, რომელსაც ძალიან ბევრ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა, თუნდაც იმიტომ, რომ მან ეს ყველაფერი რამდენიმე თვის წინ გააქრო და თუკი ეს, როგორც თავად ამბობს, კანონიერად განათავსა სხვაგან, მაშინ ისიც უნდა თქვას, რატომ მალავდა ამის შესახებ ინფორმაციას..."

ცნობისთვის:

ახალი ათონის მონასტერი (სრული სახელი: წმინდა მოციქული სვიმონ კანანელის მონასტერი), მართლმადიდებლური ქრისტიანული მონასტერი, დაარსებულია 1875 წელს საბერძნეთის ათონის მთის წმინდა პანტელეიმონის ბერების მიერ.

აფხაზი ისტორიკოსის თქმით, უნიკალური ექსპონატები წლების განმავლობაში ხელმისაწვდომი იყო მილიონობით დამთვალიერებლისათვის.

თავისი არგუმენტები აქვს ანაკოფიის ნაკრძალის დირექტორს ალხას არგუნს. მისი თქმით, ეს იძულებითი ნაბიჯი იყო, რადგან ბოლო დროს გახშირდა ე.წ. შავ არქეოლოგიისა და ვანდალიზმის ფაქტები. მისივე მტკიცებით, ამჟამად საკურთხევლის კედლიდან ამოღებული უძველესი ფილების ფრაგმენტები "აფხაზური სამეფოს მუზეუმშია" დაცული.

რუსებმა გულრიფშის რაიონის სოფელ წებელდაში პოლონელების სასაფლაო და ეკლესია დაანგრიეს

როგორც აფხაზეთის, დე ფაქტო კულტურის დე ფაქტო მინისტრი, ელვირა არსალია აცხადებს, კულტურის სამინისტროსა და სამეცნიერო-მეთოდურ საბჭოს ქრისტიანული სიმბოლიკის შემცველი ფრაგმენტების დემონტაჟის ნებართვა არ გაუციათ.

არსალიას განცხადებით, დე ფაქტო სამინისტროს სპეციალისტები ადგილზე გავიდნენ და დაზიანებები აღრიცხეს. უახლოეს დღეებში გაიმართება სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს გაფართოებული შემადგენლობის სხდომა, რომელზეც შემდგომი გეგმების შესახებ გახდება ცნობილი.

მომხდარს უკვე მოჰყვა აფხაზური საზოგადოების აღშფოთება. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ეს არის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ქვეყნის ისტორიის მიმართ და ზოგ შემთხვევაში, ხელმძღვანელ პირებს მიაჩნიათ, რომ ესა თუ ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი მათი საკუთრებაა.

გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს სოციალური ქსელიდან:

სეიდ გაზერდაა:

- ვინმე გვეტყვის, რა მდგომარეობაშია ახლა ეს ფრაგმენტები? რამდენად დაცულია ისინი და არის თუ არა მთელი? რატომ გააკეთა ეს ყველაფერი ბატონმა არგუნმა ყველა უწყებისგან დამოუკიდებლად? რატომ არ არის კულტურის სამინისტრო საქმის კურსში? საერთოდ, პატრონი ჰყავს აფხაზეთს? რამეს ვაკონტროლებთ? რამის მიმართ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გაგვაჩნია?

ასიდა აგრბა, აფხაზი:

- რატომ არ შეგვიძლია შევქმნათ რაღაც ფონდი, რომელიც ამ ძეგლების მოვლაზე იქნება ორიენტირებული? იმიტომ, რომ მხოლოდ სოციალური პრობლემებით ვართ დაკავებული. ეს თან ჩვენი ბრალია და თან არც არის, - რადგან ცხოვრება ასეთია. საზოგადოება ყველაფერს მაშინ იგებს, როდესაც ყველაფერი დამთავრებულია და სიტუაცია ვერ გამოსწორდება. ცივილურ სამყაროში, ისტორიულ ძეგლებს უვლიან და უფრთხილდებიან, რადგან აცნობიერებენ, რომ ეს მათი წარსულია, ჩვენ კი, მისი მოვლა და გამაგრება არ შეგვიძლია და ცალ-ცალკე, აგურ-აგურ ვიღებთ და თურმე ასე ვინახავთ ჩვენს ისტორიულ წარსულს...

შეგახსენებთ ა.წ. იანვრის დასაწყისში რუსებმა გულრიფშის რაიონის სოფელ წებელდაში პოლონელების სასაფლაო და ეკლესია დაანგრიეს სამხედრო პოლიგონის გასაფართოებლად...

რეზო ბენდელიანი, ორგანიზაცია "ქართულ-აფხაზური შერეული ოჯახების კავშირების" დამფუძნებელი:

- წებელდიდან ვარ. იმ ადგილს "პოლშას" ვეძახდით. იქაურობას წმინდა ადგილად მიიჩნევდნენ, სანთლებს ანთებდნენ და ლოცულობდნენ. კედელზე, რომელიც სავარაუდოდ, წებელდის ციხესიმაგრის ზღუდე იყო, მოსახლეობა ფერად ნაჭრებს კიდებდა. ისტორიული მაქვს დამთავრებული, იმ ადგილას არქეოლოგიურ გათხრებს ვაწარმოებდით. სამუშაო და საბრძოლო იარაღი, სამკაული გვიპოვია, რომელსაც გულრიფშის გამგეობაში ვაბარებდით... სწორედ ეს ადგილი მოასწორეს ბულდოზერებით, მისი აღდგენა უკვე შეუძლებელია... იქ ციხესიმაგრე შემთხვევით არ იყო აგებული - იქიდან ოჩამჩირის ზღვა ჩანდა, მეორე მხარეს კი კოდორამდე მიაწვდენდი თვალს. იმ მხარეს ხრამი იყო და მის ძირში არწივებს ბუდეები ჰქონდათ. ეს სტრატეგიული სიმაღლეა და, ალბათ, ამიტომაც აღმოჩნდა მათთვის საინტერესო. რამდენიმე წლის წინ ასეთ ფაქტებზე აფხაზები დუმდნენ, ახლა კი უკმაყოფილებას ხმამაღლა გამოთქვამენ. (იხილეთ სრულად: "არაერთ აფხაზ მეომარს უთქვამს, რა ტყუილად გადავიკიდეთ ქართველებიო...")

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)