როდემდე გაგრძელდება დიდთოვლობა საქართველოში? - კვირის პალიტრა

როდემდე გაგრძელდება დიდთოვლობა საქართველოში?

1 თებერვალს საქართველო თოვლით შეხვდა. უკვე მეორე დღეა თოვს როგორც დედაქალაქში, ისე ქვეყნის სხვა რეგიონებში. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ცივი ამინდი 5 თებერვლამდე შენარჩუნდება. დღეს და ხვალ ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ცივი ამინდი იქნება და ითოვებს. მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ქარბუქი.

2 თებერვალს პერიოდულად იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. თბილისში კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი. საქართველოს დაბლობსა და ბარში ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში -1, +4 გრადუსი იქნება.

3 თებერვალს დილიდან შედარებით გამოიდარებს. უმეტესად უნალექო ამინდი 4 თებერვალსაც შენარჩუნდება. ღამის საათებში კი კვლავ ყინვა იქნება.

დასავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის ტემპერატურა +10, +12, აღმოსავლეთ საქართველოში +5 , +7 გრადუსამდე მოიმატებს.

5 თებერვალს საქართველოს ცალკეულ რაიონში კვლავ ნალექია მოსალოდნელი.

თუ როგორი იქნება თებერვალი და უნდა ველოდოთ თუ არა ცივ დღეებს, კომენტარისთვის გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრის უფროსს, სვეტლანა ნიორაძეს დავუკავშირდით:

"თებერვლის პირველი დეკადა ცივი იქნება, ხოლო მეორე ნახევარში უფრო თბილი ამინდები იქნება. რაც შეეხება თებერვლის მეორე ნახევრის საშუალო ტემპერატურას, შესაძლებელია ცალკეულ დღეებში ტემპერატურამ 20 გრადუსსაც გადააჭარბოს როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. ნალექები ძირითადად ნორმაზე ნაკლებია მოსალოდნელი".

დიდთოვლობას მსხვერპლი მოჰყვა აჭარაში. ხელვაჩაურის რაიონში ფერიის დასახლებაში, საცხოვრებელი სახლის სახურავი ჩამოინგრა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი საცხოვრებელ სახლში მარტო იმყოფებოდა და ხის ფიცრული თოვლის მასამ დააზიანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)