"არა, გადაცემებს არ ვხურავთ" - რა ხდება "საზოგადოებრივ მაუწყებელზე"?! - კვირის პალიტრა

"არა, გადაცემებს არ ვხურავთ" - რა ხდება "საზოგადოებრივ მაუწყებელზე"?!

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე შესაძლოა რამდენიმე გადაცემა დაიხუროს. კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" ინფორმაციით, ერთ-ერთი შესაძლოა ნინო ზაუტაშვილის საავტორო გადაცემა "რეალური სივრცე" იყოს.

"კოალიციისთვის ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვის შესახებ. ასევე იგეგმება მაუწყებლის სხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების დახურვა და თანამშრომლების მასობრივი დათხოვნა.

"რეალური სივრცე" თავისი არსით არის ჭეშმარიტად საზოგადოებრივი პლატფორმა, ქართულ მედიასივრცეში ერთ-ერთი წარმატებული თოქ-შოუ, რომელიც სიღრმისეულად, სხვადასხვა კუთხით განიხილავს აქტუალურ და მწვავე თემებს. ამისათვის პროექტს არა ერთი პროფესიული ჯილდო და აღიარება ერგო, კოალიცია მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის არც ერთი გადაცემა არ უნდა დაიხუროს მანამ, სანამ გადაწყვეტილების მიმღები პირები არ დაასაბუთებენ გადაცემების დახურვის გადაწყვეტილებას და არ წარმოადგენენ კონკრეტულ სამაუწყებლო ბადეს თუ რას სთავაზობენ მაყურებელს სანაცვლოდ. 2017 წელს ქვეყანაში ტარდება თვითმმართველოვის არჩვნები, მიმდინარეობს საკონსტიტუციო რეფორმა. საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ მნიშვნელოვან პროცესებს უნდა აშუქებდეს ინტენსიურად, უწყვეტ რეჟიმში", - ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

გავრცელებულ ინფორმაციას უკვე გამოეხმაურა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი. ვასილ მაღლაფერიძემ განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.

"საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელმა საბჭომ დავაანონსეთ, რომ 6 თებერვალს, ორშაბათს, 12 საათზე, გავმართავთ პრესკონფერენციას და საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენს ხედვას მაუწყებლის მომავალთან დაკავშირებით.

შეიძლება ეს ხედვა ვიღაცისთვის მიუღებელი იყოს და ვიღაცისთვის მისაღები, მაგრამ ამისთვის ჯერ ხომ უნდა ვთქვათ?! თუ არ ვთქვით, ამის გარეშე არც მოწონება გამოვა და არც არმოწონება! ჩვენ კი ჯერ არაფერი გვითქვამს, ვემზადებით ორშაბათისთვის!

მაგრამ არიან ექსპერტები და ჟურნალისტები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ წინსწრებით იციან, რასაც ორშაბათს გავაკეთებთ და ჰყვებიან ამის შესახებ! უბრალოდ კი არ ჰგონიათ, არამედ დარწმუნებულნი არიან, რომ იციან, რასაც ორშაბათს გავაკეთებთ!

საიდან იციან, არა არც მათ იციან, არც ვინმე სხვამ, მაგრამ იციან! სოკრატემ იცოდა, რომ არაფერი იცოდა, ამათმა კი იციან, რომ ყველაფერი იციან!

და არა მხოლოდ იციან, არამედ, წინასწარვე კატეგორიულად არ მოსწონთ და აღშფოთებულნი არიან იმით, რაც უნდა გავაკეთოთ და ამ აღშფოთებას საზოგადოებასაც უზიარებენ - წერენ პოსტებს და კომენტარებს, განცხადებებს ავრცელებენ, მსჯელობენ და შიგადაშიგ კარგა გვარიანადაც გვლანძღავენ - იმის გამო, რაც ჩვენ ორშაბათს უნდა ვთქვათ და ჯერ არ გვითქვამს! თუმცა, რატომ უნდა მოიცადონ ორშაბათამდე, თუ ახლავე იციან, რასაც გავაკეთებთ?!

დაბოლოს. მოკლე პასუხი კითხვაზე, ვხურავთ თუ არა გადაცემებს?! არა, გადაცემებს ჩვენ არ ვხურავთ! არ ვხურავთ!

თუმცა, გვინდა და ვიტოვებთ უფლებას, რომ ორშაბათს ჩვენი ხედვა გავაცნოთ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელმაც ყოველთვის ყველაფერი არ იცის და თანაც წინასწარ!", - დაწერა ვასილ მაღლაფერიძემ "ფეისბუკში".