"ნაცნობმა რეჟისორმა მამაჩემს უთხრა, ნუ დაღუპავთ ბავშვს, არ არის მსახიობობა მისი საქმეო" - დარაბებს მიღმა მესამოცე გაზაფხულია...
"ნაცნობმა რეჟისორმა მამაჩემს უთხრა, ნუ დაღუპავთ ბავშვს, არ არის მსახიობობა მისი საქმეო" - დარაბებს მიღმა მესამოცე გაზაფხულია...
"ვეღარ დავდიოდი საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რომ დამინახავდნენ, იწყებოდა წივილ-კივილი. ჩემი ტელეფონი არ ჩერდებოდა, მეც ახალგაზრდა ვიყავი და ყველას ვუნიშნავდი შეხვედრას... პოპულარობას ბევრი უსიამოვნო მომენტებიც სდევდა. მაგალითად, "სასწრაფო" და სახანძრო დახმარების მანქანების ტევა აღარ იყო ჩემს ეზოში. ვიღაცები მშობლებს ურეკავდნენ, რეზო ავარიაში მოყვა და, ალბათ, ვერ გადარჩებაო"

"ხათუნა რომ დავინახე, გავიფიქრე, ცხვარი მგელთან მოვიდა-მეთქი. მალე ვიქორწინეთ..."


პოპულარობა კარიერის დასაწ­ყისშივე ეწვია. ქართველ გოგონებს თავდავიწყებით უყვარდათ­ კოკას როლის შემსრულებელი სპექტაკლში "დარაბებს
You must have Flash Player installed in order to see this player.
მიღმა­ გაზაფხულია". 90-იან წლებში მსახიობი გერმანიაში წავიდა, ესენის დრამატული თეატრის სცენაზე გადაინაცვლა.
ცივა... დარაბებს მიღმა გაზაფხ­ულს ელიან. დარაბებს შიგნით ბუხრის ტკაცუნს ჩემი კითხვები­ და რეზო ჩხიკვიშვილის ხმა ფარავს. ჩვენი საუბარი მისი ცხოვრების გაზაფხულებს ეხება.

- მალე მესამოცე გაზაფხულს შევხვდები... ფათერაკების მაძიებელი ბავშვი ვიყავი - თუ რამე ფუჭდებოდა ჩვენს ეზოში, ყველაფრის მოთავე მე გახლდით. სკოლაში­ ჩიტოს მეძახდნენ. გადასარევი მოსწავლე არასდროს ვყოფილვარ. თუ გაკვეთილი სათანადოდ არ მქონდა ნასწავლი, შემეძლო ის 4-5 წინადადება, რაც ვიცოდი, ისე გამეწელა, რომ ზარის დარეკვისთვის დამემ­თხვია. ამაზე კლასელები სიცილით
იხოცებ­ოდნენ. "ნამდვილი მსახიობია",­ - თქვეს ერთ დღეს ჩემზე. ასე რომ, მათგან წამოვიდა ეს იდეა...

ბევრი ჩემი თაობის წარმომადგენელი შეიწირა ნარკომანიამ. ძალაუნებურად ჩემი ახალგაზრდობა ამ ბიჭებთან ერთად გავატარე. რადიოში
ერთხელ ნარკომანი გავახმოვანე. ისე მაგრად გამომივიდა, გაგიჟდნენ რეჟისორები, რა კარგად თამაშობ, ალბათ, ერთხელ მაინც გაგისინჯავსო. არასოდეს გამომიცდია, ბევრჯერ კი მინახავს. რამ დამიცვა? ალბათ, იმან, რომ პანიკურად მეშინოდა სისხლის და შპრიცის.

ჩემებს უნდოდათ, ექიმი გამოვსულიყავი, მე კი მსახიობობა მინდოდა. ამ სურვილმა­ რომ არა და არ გადამიარა, მამაჩემმა ნაცნობ რეჟისორთან მიმიყვანა, გავიგოთ, აქვს თუ არა ნიჭიო. წამიკითხე რამეო, მთხოვა რეჟისორმა. სკოლაში პოეტებსა და მწერლებს­ რომ ვუწყობდით საღამოებს, ხმამაღლა­ და გამოთქმით ვკითხულობდი, ისე, რომ დარბაზის თავიდან ბოლოში უნდა გაეგოთ. ახლა რეჟისორთან 2 მეტრის მოშორებით ვიდექი, მაგრამ ისე მონდომებულად დავჭექე, ყურებზე ხელი მიიფარა, რა გაყვირებსო. დამშვიდობებისას მამაჩემს უთხრა, ნუ დაღუპავთ ბავშვს, არ არის მსახიობობა მისი საქმეო. ამ ამბავმა დამაღონა. ეს რომ რეჟისორმა შემამჩნია, მითხრა, თეატრალურ ინსტიტუტში გამოცდების წინ კონსულტაციები იმართება, ცოტა ხანს იარე და მიხვდები, რომ იქ სწავლას ვერ შეძლებო. მართლაც მივედი და დამეხმარა იქ სიარული, მიწაზე დავეშვი.­ 10 კაცი იყო მისაღები. ისე მოხდა, სხვებმა­ რომ ორიანები მიიღეს, მე საწყალი 3-იანი დავიმსახურე. ათეულში მოვხვდი და ლილი იოსელიანის ჯგუფში ჩავირიცხე. იმ ქალის დამსახურებაა, მე თუ დღეს მსახიობი ვარ.

სპექტაკლში "დარაბებს მიღმა გაზაფხულია" კოკას როლი რომ ვითამაშე, 21 წლის ვიყავი. ამ როლმა უზარმაზარი პოპულარობა მომიტანა, ვეღარ დავდიოდი საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რომ დამინახავდნენ, იწყებოდა წივილ-კივილი.…თავიდან ეს ძალიან მომწონდა. ჩემი ტელეფონი არ ჩერდებოდა, მეც ახალგაზრდა ვიყავი, ყველას ვუნიშნავდი შეხვედრას. მერე დავიღალე. აღარც ტელეფონთან მივდიოდი. ზოგიერთი ამით ისე გაბოროტდა, პოპულარობას ბევრი უსიამოვნო მომენტებიც სდევდა. მაგალითად, "სასწრაფო" და სახანძრო დახმარების მანქანების ტევა აღარ იყო ჩემს ეზოში. ვიღაცები მშობლებს ურეკავდნენ, რეზო ავარიაში მოყვა და, ალბათ, ვერ გადარჩებაო. ეს მანამ გაგრძელდა, სანამ ცოლს შევირთავდი.

მეუღლესთან ერთად- თქვენი მეუღლე ხათუნა ჩაგელიშვილია,­ მარი - ფილმიდან "ჩიორა".­

- ამ ფილმში ნიკას როლის გახმოვანება მთხოვეს. კი გამეგონა, "ჩიორას" გადაღებაზე ძალიან ლამაზი გოგო გამოჩნდაო. გახმოვანებისას ეკრანზე რომ ვნახე, დავიწუნე, ჩვეულებრივი გოგოა, რას გადაირიეთ-მეთქი. სხვათა შორის, მარისაც სხვა ახმოვანებდა. ამიტომ ხათუნას პრემიერაზე შევხვდი და სულ სხვა რეაქცია მქონდა... შემდეგ გადაღება დამინიშნეს სულ სხვა ფილმზე. მკითხეს, როგორი გოგო მოგიყვანოთ მეუღლის როლისთვისო. "ჩიორაში" მარის რომ თამაშობს, ისეთი, ოღონდ ის გოგო არ წამოვა, რადგან მეორეხარისხოვანი როლია-მეთქი. გავიდა რამდენიმე დღე და ხათუნა არ მომიყვანეს?! გავიფიქრე, ცხვარი მგელთან მოვიდა-მეთქი. მალე ვიქორწინეთ, მაშინ ხათუნა 21 წლის იყო, მე - 28-ის.

1993 წლამდე, სანამ არ აირია ცხოვ­რება, კარიერის პიკს მივაღწიე. დიდი გამოწვევა იყო, როდესაც ორმა გერმანელმა­ რეჟისორმა და მერაბ თავაძემ მიმიწვიეს თავიანთ პროექტში ოიდიპოს მეფის როლზე.­ ს
აქართველოში უნდა დაგვედგა, მაგრამ საბოლოოდ გერმანიაში ვითამაშეთ. როდესაც დავბრუნდით, გერმანული თეატრის მმართველმა ჩემთან მუშაობის სურვილი გამოთქვა. 2 თვეში ისევ ჩავედი, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ხომ ვერ ვისწავლიდი ისე ენას, რომ გოეთე და შილერი მეთამაშა? ვფიქრობდი, რითი გავამართლო ამ კაცის ნდობა-მეთქი. 1 წლისთავზე შემომთავაზეს სოლო სპექტაკლში თამაში. სპექტაკლი საზღვარგარეთიდან ჩასულ ბედისმაძიებელზე იყო. პრემიერის შემდეგ 15 წუთი ტაში არ წყდებოდა. პრესაში დაიწერა, მსახიობი, რომელიც მხოლოდ ერთი წელია გერმანიაში მუშაობს, გრანდიოზული იყოო. მას შემდეგ 22 წელია იქ ვარ.

- იქაურობას როგორ შეეჩვიეთ, კულტურულ-მენტალური სხვაობები გადალახეთ?

- არსებობს გამოთქმა - გერმანელი არსებობს იმისთვის, რომ იმუშაოსო. ისინი უცხოელს პატივს სცემენ, თუ ამჩნევენ, რომ ისიც მათსავით საქმისთვის თავდადებულია. ხანდახან ვფიქრობ, კარგი რა, ბოლოს და ბოლოს, თეატრია-მეთქი. მინდა, ფარდა რომ დაიხურება, მსახიო­ბს გადავუჩურჩულო: "უფ, დამთავრდა", მაგრამ ის მაინც როლიდან გამომდინარე მიპასუხებს. სანამ არ გავა თეატრიდან, იმ გმირს ეკუთვნის, რომელსაც ასახიერებს....
სამსახურიდან რომ გამოვდივარ, იქვე წყდება ჩემი კონტაქტები თეატრთან და ვეშვები მეგობრების მორევში. ქართულ წრეში ვატარებ დროს. იქ მეგობრობა სხვანაირად ესმით. მიკვირს, როდესაც მომდის ელექტრონული შეტყობინება, მაგალითად, 2018 წლის 24 მაისისთვის არ დაგეგმოთ არაფერი, ამ დღეს წვეულებაზე გეპატიჟებითო...

- ახლა რაზე მუშაობთ?

- უნდა დავამთავრო წელიწად-ნახევრის წინ დაწყებული მხატვრული ფილმი­ "ექვთიმე ღვთისკაცი". მხვდა ბედნიერება, განვასახიერო ექვთიმე თაყაიშვილი. თუ მაყურებელს გადავცემ იმ ცხოვრების მაგალითს, რაც მან გაიარა, მოხარული ვიქნები.

ეკა სალაღაია
მკითხველის კომენტარი (8)
ვაჟა ქებაძე
19 თებერვალი 2017 23:13
გაიხარე რეზო, კაი დრო იყო, როცა თქვენი დასი ამ სპექტაკლით მთელ საქართველოს რეგიონებში (და თბილისშიც რა თქმა უნდა) ფურორებს ახდენდით.ჩვენც ვხარობდით და თქვენით ვამაყობდით. ისევ გვიყვარხართ, და კვლავ წარმატებებს გისურვებთ. პატივისცემით,
ვაჟა ქებაძე
ზაზა
18 თებერვალი 2017 21:28
გაიხარე რეზო, კაი კაცი ხარ.
????
18 თებერვალი 2017 21:19
უზლიერესი მსახიობი.გმერტმა დიდხანს გაცოცხლოს.რაც მე მიტირია მის სპექტაკლზე-დარაბებს მიგმა გაზაფხულია....უფფფფ
ლალუკა
18 თებერვალი 2017 19:18
თან წაიღე მე მგონი ჩვენი კარგი მოგონებები, მის შემდეგ თეატრში არ ვყოფილვარ.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1
რუბრიკის სხვა სიახლეები