"მინახავს, როგორ აკეთებდნენ მთიელი დასტაქრები უნარკოზოდ თავის ტრეპანაციას" - ბარისახოელი დასტაქარის ვალმოხდილი ცხოვრება და საოცარი თავგადასავალი - კვირის პალიტრა

"მინახავს, როგორ აკეთებდნენ მთიელი დასტაქრები უნარკოზოდ თავის ტრეპანაციას" - ბარისახოელი დასტაქარის ვალმოხდილი ცხოვრება და საოცარი თავგადასავალი

"ჩემი ამ ქვეყნად მოსვლის ვალი იმაზე მეტად მოვიხადე, ვიდრე ერთ რომელიმე კაცს შეეძლო..."

"მქონია შემთხვევები, მშობიარეს მანქანაში დასწყებია მშობიარობა, სამშობიარო იარაღი არ მქონია და გლუკოზის ამპულა გადამიტეხია ჭიპლარის მოსაჭრელად"

მისი ცხოვრება უთუოდ ლეგენდად დარჩება - 40 წელი თოვლსა თუ პაპანაქებაში 35 სოფელში ფეხით დადიოდა, რომ ადამიანები გადაერჩინა. დღეს ბარისახოელი ექიმი ირაკლი არაბული 69 წლის არის და ვეღარაფერს ხედავს - ასე მოხდა, თუმცა მის ხმაში ვერ იგრძნობთ სასოწარკვეთას - მისი ცხოვრება მისი საგზურია, ამასთანავე, ალბათ ერთადერთია, ვისაც საკუთარი თვალით აქვს ნანახი, როგორ აკეთებდნენ მთიელი დასტაქრები უნარკოზოდ თავის ქალის ტრეპანაციას.

ირაკლი არაბული:

- დათვისში დავიბადე და გავიზარდე, - ლამაზ, მთიან სოფელში. ახლა უკვე დაცლილია, თორემ მაშინ მამაჩემი არსად წასვლას არ აპირებდა. მაგრამ ერთხელ მოვიდა 6-მეტრიანი თოვლი, დაიძრა მთიდან და გადაუარა ჩვენს სახლს... უფალი რომ ადამიანს არ გაწირავს - სახლის ჭერი ისე დასცემია ჩემს მშობლებს, რომ კოჭებს შორის მოყოლილან და სუნთქვა შესძლებიათ. მოაფათურა მამაჩემმა ხელი უკუნში და ხელში რკინის საწოლის ფეხი მოხვდა. მოგლიჯა ის ფეხი, მიადგა თოვლს ქვემოდან და ნელ-ნელა თხარა. ბოლოს თავი ამოყო და იყვირა, - მიშველეთო. ხალხს ექო მიუვიდა, მივიდნენ და დედ-მამა გადამირჩინეს. იმ დროს ბარისახოში ვმუშაობდი, სოფლიდან 5 ვაჟკაცი წავიყვანე და თხილამურებით მივაღწიე ჩემს სახლს. ვნახე დედ-მამა, ასე ბედნიერი ხშირად არ ვყოფილვარ. შემდეგ არაგვისპირში გადაასახლეს სოფელი. მე ბარისახოშო ვმუშაობდი და იქვე დავრჩი. იქ იყო ხევსურეთში ერთადერთი 25-ადგილიანი საავადმყოფო. სტომატოლოგი უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ გუდამაყრის საავადმყოფოსა და მთას რახან ჩემ გარდა ვერც ერთი ექიმი ვერ გაუჩერდა, გინეკოლოგიც გავხდი, ქირურგიც, პედიატრიც და ოფთალმოლოგიც.

- შორი სოფლებიდან როგორ მოდიოდნენ პაციენტები?

- თუ სულ გადადებული არ იყო ავადმყოფი, შესვამდნენ ცხენზე, აქეთ-იქით ამოუდგებოდნენ და ჩამოჰყავდათ ბარისახომდე. სასწრაფო დახმარების მანქანა გვყავდა, მაგრამ ამ სოფლებიდან ბევრში "სასწრაფო" კი არა, ცხენიც ვერ ივლიდა.

ბარისახოდან არხოტამდე 35 კილომეტრია და ორჯერ გადავედი ფეხით: პირველად, წვრილშვილიანი ქალი ცხენით წასულიყო ფქვილის მოსატანად, უკანა გზაზე ცხენიანად ხევში დაგორებულიყო. რვა საათი მოვუნდი ასვლას. საწყალს თავის ქალა ჰქონდა გაბზარული. ქმარი შინ არ ჰყავდა, ფეხშიშველა ბავშვები მშივრები დარბოდნენ. დატოვება არ შეიძლებოდა და ერთი კვირა ვადექი თავზე, ბავშვებსაც მე ვუცხობდი პურს. მერე წამოდგა და წამოველ. მეორედ - ცხვრის პარსვისას მწყემსებს აეტეხათ ჩხუბი და ერთმანეთისთვის ცხვრის საპარსი დუქარდი გაეყარათ მუცელში. იმ დღეს მთაში ისეთი ნისლი იყო, თბილისიდან წამოსული შვეულმფრენიც ვერ დაჯდა. გამთენიისას დავადექი გზას. როგორც იქნა, მივაღწიე. მითხრეს, შვეულმფრენი ჩეჩნეთიდან მოვიდა და ავადმყოფი წაიყვანაო, დავადექი გზას და 35 კილომეტრი ისევ ფეხით გადმოვიარე...

- ხევსურეთში ჩხუბი იმდენად ხშირი იყო, გამოთქმაც შემორჩა - ვაჟკაცი ნაიარევი სჯობსო. ასე რატომ იყო?

- დაჭრა და ჩხუბი ქალაქში არ არის?! ხევსურეთში კი უფრო ფრთხილობდნენ - ჩხუბს სიკვდილი არ უნდა მოჰყოლოდა. კაცს ხანჯალი ყოველთვის უნდა ჰქონოდა, რადგანაც არ იცოდა, გზაში რას გადაეყრებოდა. როცა სტუმრად მივიდოდა, მასპინძელი ხანჯალს მოხსნიდა, ოჯახში რომ არაფერი ცუდი მომხდარიყო და კედელზე დაკიდებდა სტუმრის გასტუმრებამდე. ასე იმიტომაც ფრთხილობდნენ, რომ იქნებ ერთის სიკვდილს ათის სიკვდილი მოჰყოლოდა - სისხლი აეღოთ. დამტერებული ოჯახების შერიგება ახლაც ხდება.

მაგრამ ხევსურეთი მხოლოდ ეს არ იყო - საარაკოა ჩვენებური ქალის გამძლეობა. მქონია შემთხვევები, მშობიარეს მანქანაშივე დასწყებია მშობიარობა, თან სამშობიარო იარაღი არ მქონია და გლუკოზის ამპულა გადამიტეხია ჭიპლარის მოსაჭრელად. სხვანაირადაც ყოფილა - ქალი ქმარს წამოუყვანია თოვლში ცხენით, მაგრამ საავადმყოფომდე ვეღარ მოუღწევიათ. "სასწრაფოთი" მისულებს ნამშობიარები ქალი უბეში ჩასმული ბავშვით ფეხზე შეგვგებებია.

- ხევსური ქალები ადრეც ხომ მარტო მშობიარობდნენ სამრელოში, სადაც 40 დღე მარტო უნდა ყოფილიყვნენ, დღეს ეს ქალის ჩაგვრად ითვლება.

- ხევსური ქალები ასე არ ფიქრობდნენ. თვით ჩემი ცოლი, თამარიც კი. ის ექთანია და ამბობს, - ხევსური ქალები იმდენად ჯანმრთელები იყვნენ, მარტო მშობიარობა არ უჭირდათ; თუ გაუჭირდებოდათ, მიმშველებლებიც გამოჩნდებოდნენ, თანაც მშობიარობიდან 40 დღის მანძილზე შვილთან იყვნენ და საქმესაც არავინ აკეთებინებდათო. ხევსურულ "სამშობიაროში" ჭერზე თოკი იყო ჩამობმული, რომელზეც მშობიარე დაეკიდებოდა და ასე მშობიარობდა.

ერთხელაც თამარი დედაქალაქში იყო, რომ დაბრუნდა, მითხრა, - ექიმებმა მითხრეს თოკზე მშობიარობაზე, საინტერესოა, დანერგვაზე ხომ არ ვიფიქროთო. მაგრამ ახლა ოღონდაც არ წამოსტკივდეთ და საკეისროს იკეთებენ, არადა, ბუნებრივი მშობიარობა დედისთვისაც აუცილებელია და ნაყოფისთვისაც.

- ქირურგობაც ხშირად მოგიხდებოდათ.

- ბევრჯერ დამსხვრეული სახსარი ბრმადაც ამიწყვია. ერთ ჩვენებურ კაცს დალეწილი წვივი შევუკარი და მერეღა წავიდა დუშეთის საავადმყოფოში. რომ დაბრუნდა, მითხრა, - ქირურგს მადლობა რომ გადავუხადე - თქვენებური ქირურგის მადლიერი იყავი, ისე გქონდა აწყობილი ფეხი, ჩემი გასაკეთებელი აღარაფერი იყოო. ბარისახოში ქირურგი არა გვყავ, ეგრე კბილის ექიმმა ამიწყო ფეხიო და - გაკვირვებული სკამიდან ვეღარ ადგაო. მაგრამ ეს რა სატრაბახო უნდა იყოს, როცა მთიელი დასტაქრები მამა-პაპის წესებით აკეთებდნენ თავის ტრეპანაციას, ძვლის ამოღებას.

- ეს თქვენ საკუთარი თვალით გინახავთ?

- მე-7-8 კლასელი ჯუთაში სტუმრად წავედი ჩემს ბიძაშვილ ბეწინა არაბულთან. ბეწინა აკეთებდა ტრეპანაციას და ვუყურე. მერე კი ექიმი გავხდი და ამ საქმის არსსაც ბოლომდე ჩავწვდი.

ხევსურები საშინელი თავის ტკივილით დატანჯულ ავადმყოფს ჯერ თავს გადააპარსვინებდნენ, მერე შემოადებდნენ თავზე ქუმელის ფაფას, მეორე დღეს დასტაქარი სახვევს მოხსნიდა, ყურადღებით დაათვალიერებდა და სადაც სახვევი ნედლი იყო, ესე იგი, იქ ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ სადაც გამხმარი - იმ ადგილას იყო თავის ქალა დაზიანებული. აი, სწორედ იმ ადგილას გალესილი ცელის პირის ნაჭრით ამოიღებდნენ თავის კანს და არყით გაწმენდილი კოვზით დაიწყებდნენ თავის ქალის ძვლის ფხეკას, ამავდროულად ზედ მარილს აყრიდნენ - არ დაჩირქდებაო.

ეს პროცესი საათი საათ-ნახევარი გრძელდებოდა. ბოლოს, ძვალს ამოფხეკდნენ თავის ტვინის ქერქამდე, გაკერავდნენ და ისევ შეუხვევდნენ. ნაოპერაციები ადგილი ხორცდებოდა და ავადმყოფი ჯანმრთელდებოდა.

- ბეწინამაც ასე გააკეთა?

- რა თქმა უნდა. ძვლის ნაფხეკი ჩემ თვალწინ ცვიოდა. პაციენტიც არაფერს ამბობდა, რადგან ხევსურეთში ტკივილი და კვნესა სირცხვილი იყო. ასეთ ოპერაციებს ბარში გადასახლებული დასტაქრები იქაც უკეთებდნენ არა მხოლოდ ხევსურებს. დედოფლისწყაროში ბერდია არაბულთან ხალხი ყოველი კუთხიდან დადიოდა. ამ ოპერაციის, ასე ვთქვათ, სქემა ის იყო, რომ ძვალი ტრავმის გამო იზნიქებოდა და თავის ტვინს ეხებოდა, პაციენტს სწორედ ამ შეხების გამო აწუხებდა გაუსაძლისი თავის ტკივილი. როცა დაზიანებული ძვალი ქერქს სცილდებოდა, ტკივილიც ქრებოდა.

- ახლა აღარ მიკვირს, რომ ყველაფერი შეძელით, დასტაქრების გენის ყოფილხართ.

- არც დავიღლებოდი, რომ ბედისწერას თავისი არ ექნა; თუმცა ეს კია - ჩემი ამ ქვეყნად მოსვლის ვალი იმაზე მეტად მოვიხადე, ვიდრე ერთ რომელიმე კაცს შეეძლო...

ეთერ ერაძე