"რუსმა ჯარისკაცმა მით­ხრა, გაიქეცი, დედიო..." რეპორტაჟი კონფლიქტური ზონიდან - კვირის პალიტრა

"რუსმა ჯარისკაცმა მით­ხრა, გაიქეცი, დედიო..." რეპორტაჟი კონფლიქტური ზონიდან

დამწვარ ოთახში აგურის ბუხარზე მდგარი საათი ზუსტად იმ დროს გაჩერდა, როცა სახლს ცეცხლი წაუკიდეს - აქ ჯერ კიდევ 2008 წლის 8 აგვისტოს საღამოს 9 საათი სრულდება

მოხუცს მარხილზე წყლით სავსე ბოთლები დაელაგებინა და მძიმედ მიუყვებოდა აღმართს... მთელი სიცოცხლე შავ დღეში ვართ, ომამდეც ასე იყო და ახლაც ასეა, - მითხრა და გზა განაგრძო...

"ომი დამთავრდა, მშვიდობის გეშინოდეთ, ხალხო!" - ბერტოლდ ბრეხტის სიტყვების ჭეშმარიტებაში გუგუტიანთკარის მცხოვრებლები კარგა ხანია დარწმუნდნენ... ომიდან ცხრა წლის თავზე აქ ისევ უმუშევრობას, სიდუხჭირეს ებრძვიან...

თოვდა და სოფელს შემორჩენილი მოსახლეობა სიცივეს სახლებში ემალებოდა, მხოლოდ სკოლიდან მომავალი ბავშვები ახალისებდნენ იქაურობას...

გუგუტიანთკარამდე ქართველ სამხედროებთან ერთად გავიარე. სოფელი კონფლიქტურ რეგიონშია, რამდენიმე მეტრში ოკუპანტების გავლებული მავთულხლართებია და ჩვენივე უსაფრთხოებისთვის მარტო სიარულის უფლება არ მოგვცეს. ერთ-ერთი ჩვენი თანმხლები სამხედრო ცხინვალის რაიონის ქართული სოფლიდან არის დევნილი - ახლა ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიიდან ვიცავ ჩემს ქვეყანასო... გზად რამდენიმე მიტოვებული და ჩამონგრეული სახლები გვხვდება. გაუკვალავ თოვლში უსიტყვოდ მივუყვები სოფლის მთავარ გზას. გზის ბოლოს მოხუცი შემხვდა - მარხილზე წყლით სავსე ბოთლები დაელაგებინა და მძიმედ მიუყვებოდა აღმართს... დახმარება შევთავაზე. უარი მითხრა: "მთელი სიცოცხლე შავ დღეში ვართ, ომამდეც ასე იყო და ახლაც ასეა. სასმელი წყლის მოსატანად რამხელა გზის გავლა გვიწევს, რომ იცოდე... იქით რუსები, აქეთ - გაჭირვება, საშინელი პირობები და შიში, რომელიც ვერაფრით მოვიშორეო და გზა განაგრძო...

გადამწვარი უბანი

გზად ხნიერი მამაკაცი შემხვდა, ამირანი, ზემო უბანში ომის დროს გადამწვარი საკუთარი სახლის სანახავად მიდიოდა. ასეა ცხრა წელი. ყოველდღე იქ მიდის, სადაც მთელი სიცოცხლე გაატარა. უხმოდ ვუყურებთ მისი ღობიდან სულ რამდენიმე მეტრში გავლებულ მავთულხლართსა და მის მიღმა ავტომობილით მოსიარულე ოკუპანტებს... გულისტკივილს სიტყვებზე მეტად მისი დარდით დანაოჭებული სახე მიმხელს. ალბათ ბევრი აქვს სათქმელი, მაგრამ საუბარი უმძიმს და ყველა სიტყვას ცრემლს აყოლებს... 2008 წლის 5 აგვისტოს საღამოს მეზობელი სოფლიდან სროლა გაისმა. ვერ იჯერებდნენ, უფრო სწორად, არ უნდოდათ დაჯერება, რომ ომი დაიწყო. მერე, როცა სროლის ხმა გახშირდა, მძიმე ტექნიკაც გამოჩნდა, ზემო უბნის ოთხმა მცხოვრებმა ძლივს გაასწრო მტერს. ამირანი შორიდან უყურებდა, როგორ იწვოდა მისი სახლი...

ამირან გუგუტიშვილი: -"აქ ყოველდღე მოვდივარ, ვუყურებ გადამწვარ სახლს, მაგრამ მაინც მენატრება... ჭიშკარიც კი ჩამომიხსნეს... ჩემ გვერდით ცხოვრობდა ცხონებული ჩემი ძმის ცოლ-შვილი, წინ - ჩემი ბიძაშვილები. ყველა გადაგვწვეს რამდენიმე საათში. ისე დაინაცრა ყველაფერი, რომ ფოტოების და საბუთების წამოღებაც კი ვერ მოვასწარით."

მისი უზარმაზარი სახლიდან გარუჯული კედლებიღა შემორჩა. დამწვარ ოთახში აგურის ბუხარზე მდგარი საათი ზუსტად იმ დროს გაჩერდა, როცა სახლს ცეცხლი წაუკიდეს - აქ ჯერ კიდევ 2008 წლის 8 აგვისტოს საღამოს 9 საათი სრულდება...

- "წელს გადავწყვიტე, ამ სახლში დამეწურა ღვინო და ვაშლი შემენახა. სულ სხვანაირი გემო აქვს ღვინოს, სულ სხვანაირი გემო აქვს აქ შენახულ ვაშლსაც..."

მეორე სართულზე ასასვლელი კიბეც დამწვარია, სახელდახელოდ გადებული ფიცრები თოვლს დაეფარა. ძლივს ავედით. სახლი სულ რომ არ ჩამონგრეულიყო, ამირან პაპამ ცოტა ხნის წინ თუნუქით გადახურა. სჯერა, რომ აქ ოდესმე ისევ შეძლებს ცხოვრებას. "აგერ, რამდენიმე მეტრშია მავთულხლართები, დღეში რამდენჯერ გადიან და გამოდიან რუსები, ვერ გეტყვი. ვიცი, ჯერ აქ დაბრუნება შეუძლებელია, მაგრამ არ ვკარგავ იმედს."

"მცემეს უმოწყალოდ, სისხლი მდიოდა..."

ამირან პაპა და ამ გადამწვარი უბნის მკვიდრნი ომის დროს სოფლის მიტოვებული სკოლის შენობაში შესახლდნენ. აქ დღეს ოთხი ოჯახი ცხოვრობს. ეზოში ეთერ გუგუტიშვილი მხვდება...

ეთერ გუგუტიშვილი: - ოთხი შვილი მყავს, სამი ქალიშვილი დაოჯახებულია, მათაც გადაუწვეს სახლები. 71 წლის ქალი ვარ. სროლა რომ ატყდა, წამითაც არ მიფიქრია აქაურობის დატოვება. ჩემმა შვილმა ცოლ-შვილი გაიყვანა სოფლიდან. მჯეროდა, რომ ხელს არავინ მახლებდა და შევძლებდი სახლის გადარჩენას... მიმძიმს იმ დღეების გახსენება. მარტო ვიყავი უბანში. როცა სახლში შემოცვივდნენ, თმაში მტაცეს ხელი და გამათრიეს. მცემეს უმოწყალოდ, სისხლი მდიოდა... მათ კონტროლირებად სოფელში გადამიყვანეს, განყოფილებაში მიმიყვანეს და იქაც მცემეს. მერე ერთი ღვთისნიერი რუსი ჯარისკაცი მომიახლოვდა, შევეცოდე და როცა მარტო დავრჩით, მითხრა, გაიქეცი, დედიო... მოვრბოდი და ყოველ წამს ველოდი, როდის მესროდა რუსი... ვაშლის ბაღ-ბაღ ვირბინე. მერე დიდ წყლის მილში შევძვერი. სოფელში რომ ჩამოვედი, დაცარიელებული დამხვდა. მერე აღარაფერი მახსოვს... შიშიანობა დამეწყო. ახლა საბავშვო ბაღში აღმზრდელად ვმუშაობ. აქ ოთხი ოჯახი ვცხოვრობთ, თითო ოჯახს თითო ოთახი გვაქვს. ოთახში ექვსი კაცი ვცხოვრობთ. ეს სახელმწიფო საკუთრებაა, რომ დაგვიკანონონ, იქნებ ისე მოვაწყოთ, რომ ნორმალურად ცხოვრება შევძლოთ."

"აქ ყველაფერი კეთდება, რათა მოსახლეობამ უკეთ იგრძნოს თავი"

სოფლის ცენტრში ძველი კოლმეურნეობის შენობაა. ერთ ოთახში გამგეობა, მეორე მხარეს - საბავშვო ბაღი, ზედა სართულზე სპორტული დარბაზია. დანარჩენი ოთახები უფანჯრო და მოუვლელია.

შამილ თუხარელი, გამგებლის წარმომადგენელი მერეთის ადმინისტრაციულ ერთეულში: - ხუთი თვის წინ გუგუტიანთკარს მაღალმთიანი სოფლის სტატუსი მიენიჭა, პენსიონერებს გაეზარდათ პენსია, ყოველ ახალშობილზე სახელმწიფო ოჯახს ერთი წლის განმავლობაში 100 ლარს უხდის, ყველა ოჯახს ეძლევა 200-ლარიანი ბუნებრივი აირის ვაუჩერი. ელექტროენერგიის საფასურს განახევრებულს იხდიან, თითქმის 90% სოციალურად დაუცველია, ასევე იღებენ დახმარებას. ამჟამად სოფელში 220-კაციანი 80 კომლია. ომის დროს ბევრი წავიდა, ზოგი მალევე დაბრუნდა, ზოგი ახლა ბრუნდება. აქ სარწყავი წყალი ყოველთვის ჭირდა. უკვე გაკეთდა ჭები და სასმელი წყლის პრობლემაც მოიხსნა. ვმუშაობთ სარწყავი წყლის რეაბილიტაციაზე. ყველაფერი კეთდება, რათა მოსახლეობამ უკეთ იგრძნოს თავი...

ომის შემდეგ დაბადებულმა თაობამ ომი გადმოცემით იცის. ისიც იციან, რომ მათი სახლებიდან რამდენიმე მეტრში ომისა და შიშის მძიმე სუნია, იციან, რომ ადრე ეკლიან მავთულხლართებს იქითაც საქართველო იყო, დღეს ოკუპირებული ტერიტორია ჰქვია, იციან, რომ ამ ეკლიან საზღვარს იქით მათი წინაპრების სახლები, ქართული მიწა და საფლავებია, იციან, რომ საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლები დაიხოცნენ, თუმცა ისიც იციან, რომ იმავე დროს აგვისტოს გმირები დაიბადნენ...

თორნიკე ყაჯრიშვილი