"თუ დაცვა სიმართლეს ამბობს და ყველაფერი 20 წუთის განმავლობაში მოხდა, გამოდის, მთელ ფართობზე მოასხეს იოლად აალებადი სითხე" - კვირის პალიტრა

"თუ დაცვა სიმართლეს ამბობს და ყველაფერი 20 წუთის განმავლობაში მოხდა, გამოდის, მთელ ფართობზე მოასხეს იოლად აალებადი სითხე"

" შეიძლება ვივარაუდოთ, რომ "ბავშვთა სამყაროს" დაწვა არც უნდოდათ, მხოლოდ "არჩევანის" ჯიხურების დაწვა სურდათ"

უამრავი კითხვა გაჩნდა "ბავშვთა სამყაროს" ტერიტორიაზე ხანძრის გაჩენის შემდეგ. სავარაუდო პასუხების მიღებას გამოძიების დასრულებისა და ოფიციალური დასკვნის გახმოვანებამდე შევეცადეთ. არსებობს ვერსია, რომ ხანძარი შეგნებულად გააჩინეს. ვრცელი სტატია მომხდარზე, ცეცხლის გაჩენის ვერსიებზე მოამზადა "გაზეთმა "კვირის პალიტრამ", რომლიდანაც ნაწყვეტს გთავაზობთ

ალეკო რეკვავა, ექსპერტი: - კვალი ყოველთვის რჩება, ნებისმიერი ხანძრის შემდეგ, და მისი მოძიება კიდევ უფრო იოლია დღეს, განვითარებული ტექნოლოგიების ხანაში. ხანძრის გაჩენა ბევრი რამით შეიძლება. აუცილებლად დადგინდება, ამ შემთხვევაში თუ რამე იყო გამოყენებული.  70-იან წლებში ოპერის შენობა სპეციალური თვითაალებადი ფხვნილის შედეგად დაიწვა - ის პარტერში სკამებზე გადაფარებულ ნაჭერს მოაყარეს. ამ შემთხვევაში უნდა ინახოს კერა, საიდანაც დაიწყო წვა. თუ ასეთი რამდენიმე ადგილი იქნება, კვლევაც არ უნდა დასკვნას, რომ ხანძარი ხელოვნური წყაროს გამოყენებით გაჩნდა.

- არსებობს ეჭვის საფუძველი, რომ ცეცხლი ხელოვნურად გააჩინეს?

- თუ მოვლენებს გავუსწრებთ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ "ბავშვთა სამყაროს" დაწვა არც უნდოდათ, მხოლოდ "არჩევანის" ჯიხურების დაწვა სურდათ. ვფიქრობ, ამის გამკეთებელმა ვერ გათვალა, რა მოჰყვებოდა პროცესს. იფიქრა, რომ "ბავშვთა სამყარო" კაპიტალური შენობაა, "არჩევანისგან" დაშორებული, მაგრამ კედელი რომ შუშის იყო, ეგ ვერ გათვალა.

ვფიქრობ, რომ ხანძრის შესახებ შეტყობინება ძალიან გვიან შევიდა... სახანძრო ამბობს, წვა 350 გრადუსზე მეტი იყო და კონსტრუქციები ლღვებოდა, ფართობის ნაწილზე კი სახურავი ჩაწოლილი იყოო - ე.ი. ხანძარი გვიან დააფიქსირეს, ან დაგვიანებით აცნობეს სახანძროს...

- დაცვა ამბობს, რომ ის ადგილი კვამლის დაფიქსირებამდე 20 წუთით ადრე შეამოწმა და არაფერი იყო.

- აბსურდია, 20 წუთში 350 კვმ არ ჩაიშლებოდა და ათასობით კვმ ფართობზე ხანძარი არ გავრცელდებოდა. თუ დაცვა სიმართლეს ამბობს და ყველაფერი 20 წუთის განმავლობაში მოხდა, გამოდის, მთელ ფართობზე მოასხეს იოლად აალებადი სითხე. ეს კი, მგონი, დაცვის დანაშაულია, არა?

წაიკითხეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია: "ვფიქრობ, ხანძრის შესახებ შეტყობინება ძალიან გვიან შევიდა"(?!)