"აქ იჯდა თფილისი, აქ იჯდა ელიტა, იმ ღამეს სოფლელი ქალაქელს სწყევლიდა" - ვასკა, იგივე ვასასი იუმორისტი ინტერნეტსივრციდან - კვირის პალიტრა

"აქ იჯდა თფილისი, აქ იჯდა ელიტა, იმ ღამეს სოფლელი ქალაქელს სწყევლიდა" - ვასკა, იგივე ვასასი იუმორისტი ინტერნეტსივრციდან

"საღამო ყოფილა წყნარი და მშვიდი, სანამ არ მოვიდა "გრეჩიხას" შვილი"

"პროფესიით იურისტი ვარ, ავცდი საერთოდ ამ სფეროს. თუმცა არასდროს მქონია სურვილი, ჩემი სპეციალობით მემუშავა", - ამბობს ვასასი, იგივე ვასკა გრიგალაშვილი, ადამიანი, რომლიც ინეტრნეტის საშუალებით წამებში გახდა პოპულარული, ათასობით და ათიათასობით ადამიანი ნახულობს მის იუმორისტულ ვიდეოპოეზიას.

ბოლოს ყველაზე ხმაურიანი ვიდეო "იქ იჯდა თფილისი" აღმოჩნდა, სადაც მარინა ბერიძის ცნობილ ფრაზას ეხმაურება: "აქ იჯდა თფილისი,/ აქ იჯდა ელიტა,/ იმ ღამეს სოფლელი ქალაქელს სწყევლიდა./ აქ იჯდა რაჭველი,/ აქ იჯდა მარინა,/ სუფრასთან ლიმონი, ჩაი და მარინა./ აქ იჯდა დოი, აქ იჯდა გვარო,/ ხოხობმაც იყვირა მეც თქვენთან ვარო?/ საღამო ყოფილა წყნარი და მშვიდი,/ სანამ არ მოვიდა "გრეჩიხას" შვილი./ მინორი შეცვალა უეცრად მაჟორმა,/ გვაროს დაარტყესო, ამბავმა გაჟონა./ გადატყდა პერო და დაბნელდა ვაკეზე,/ ნიკოლოზს დარტყმისგან ყავა სდის ბაგეზე./ არ ვიცი, ვინ იყო რატი თუ შმატი,/ ყავა გამიკეთეთ, არ მინდა შრატი./ ჩვენიდან ისმოდა თბილი დო, თბილისი სი/, ეხლაც გეუბნებით, იქ იჯდა თფილისი".

მოკლედ, ვასასი ინტერნეტსაზოგადოებამ დადებითად მიიღო: "თუმცა არის ხალხი, ვისაც არ მოსწონს ჩემი ვიდეოები, მაგრამ ესეც ნორმალურია, რა თქმა უნდა, - ყველას არ უნდა მოსწონდე, თუ ასეა, მაშინ გამოდის, მოკვდი", - ამბობს ის, რომელიც შეხვედრისას ასე გაგვეცნო: "თავს უფლებას მივცემ და თქვენს წინაშე ასე წარვსდგები, - იუმორისტი ვასკა გრიგალაშვილი, იგივე ვასასი".

- შენი ვიდოები ძალიან პოპულარულია, ხალხმა ინტერნეტით, შენი ვიდეოპოეზიით გაგიცნო. რატომ გადაწყვიტე და აირჩიე ფართო საზოგადოებასთან ურთიერთობის ასეთი ფორმა?

- ძალიან მარტივად დაიწყო ყველაფერი, - ერთხელაც, ჩემს პერანგზე, რომელიც გასაშრობად თოკზე ეკიდა, მტრედებმა მოისაქმეს, გავბრაზდი და ამაზე ვიდეო გადავიღე, რომელიც გადამფრენ ფრინველებს მივუძღვენი, ლექსად "მივესიყვარულე", რასაც ბევრი ნახვა ჰქონდა. იმასაც მივხვდი, რომ ასეთი ნამუშევრები ხალხს გაამხიარულებდა და ჩემი ვიდეოების სერია დავიწყე, ანუ ვიღებდი და ინტერნეტში ვტვირთავდი ლექსებს.

- შენი იუმორისტული ლექსები ყოველთვის რაღაც პრობლემას ეხება, სჭარბობს სოციალური თემები... ლექსებს როდიდან წერ?

- სტუდენტობიდან ვწერ, ვწერდი ჩვეულებრივ ლექსებსაც, მაგრამ ერთ დღეს სიყვარულზე მინდოდა სტრიქონები შემეთხზა და "ნაშაზე" გამომივიდა, ანუ როგორც ჩანს, იმ გოგოს მიმართ სხვა განცდა მქონდა და იმის მერე წამოვიდა კაფიები...

- როგორ და როდის მოდის მუზა? რაზეა ეს დამოკიდებული?

- მუზას რაც შეეხება, - საკვირველი იცით, რა არის? ლექსების გატრენდება... რელაურად კი როცა ვიცი, რომ უნდა დავწერო და ვწერ, ასევე ლექსად ვულოცავ დაბადების დღეს ხალხს და ძალიან მოსწონთ.

- თუმცა ხშირად ბილწსიტყვაობ, შინაგანი ცენზორი ამ დროს არ მუშაობს შენში?

- ბილწსიტყვაობას რაც შეეხება, ეს ადრეულ ლექსებში უფრო იყო, სხვათა შორის, ბევრს მოსწონდა, მერე ვიდეოებს რომ ვუყურებდი, მივხვდი, რომ ცოტა დოზირება იყო საჭირო და უცენზურო ტექსტები შევამცირე.

- ხაშურელი მეგონე და სურამელი ყოფიხარ, თუმცა რამ გაყო ეს პუნქტები ერთმანეთისგან? (ლექსებში ხაშური დომინირებს). თუმცა რეალურად თბილისში ცხოვრობ და მუშაობ... ხაზგასმას მაინცდამაინც ხაშურზე რატომ აკეთებ?

- სურამი ხაშურის რაიონია, თან, ხაშურზე ძალიან ღადაობდნენ და ვიფიქრე, ცოტას მეც გავიხუმრებ და ისე რომ თან, სარგებელი მოუტანო-მეთქი... სინამდვილეში კი მართლაც სურამიდან ვარ, ვგიჟდები იქაურობაზე და სურამელებზე, ძალიან მიყვარს, მაგრამ ბედნიერი ცხოვრების საძებნელად თბილისს მოვაშურე. ვმუშაობ რადიოში. იქ გელა გნოლიძის, კარგი მუსიკოსის, იუმორისტისა და კარგი ადამიანის წყალობით მოვხვდი. მოკლედ, სამსახური "აფხაზეთის ხმის" ჰოლდინგში დავიწყე, უზომოდ მიყვარს ჩემი სამსახური მთელი შემადგენლობით.

- დაოჯახებული ხარ?

- კი, მყავს უსაყვარლესი ოჯახი, მეუღლე, სალომე ბუაძე და ერთი შვილი, სანდრო გრიგალაშვილი, ვასილიჩი.

- ლექსად რომ დაგვესრულებინა დიალოგი...

- "ყველა კითხულობს თქვენ გაზეთს,/ ყველა ერი თუ ნაცია,/ მადლობა ინტერვიუსთვის,/ ძვირფასო ლალი ფაცია"...

ეს მოუმზადებლად და ექსპრომტად, რა თქმა უნდა, დაბადების დღე რომ გექნება, უკეთესს დაგიწერ...

ლალი ფაცია (სპეციალურად საიტისთვის)