"ქარხანაში 240 ქალი მუშაობდა და მარტო მე ვიყავი კაცი" - რატომ არ უნდოდა გინეკოლოგობა თემურ ჭყონიას - კვირის პალიტრა

"ქარხანაში 240 ქალი მუშაობდა და მარტო მე ვიყავი კაცი" - რატომ არ უნდოდა გინეკოლოგობა თემურ ჭყონიას

PalitraNews-ის რუბრიკაში "ბიზნესბლიცი" კითხვებს ცნობილი ბიზნესმენები პასუხობენ.

პირველი სამსახური... კარგი ბიზნესმენის მთავარი თვისება... ბიზნესისთვის მიუღებელია... კონკურენტები ჩვენზე ფიქრობენ - ამ და სხვა ბიზნესბლიცკითხვებს "კოკა-კოლა ბეთლერს ჯორჯიას" დამფუძნებელი თემურ ჭყონია პასუხობს. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

ბავშვობა..

- ბავშვობაში ჩვენ ასეთი ფიქრები არ გვქონია, რა უნდა გამოვსულიყავით. ეს არავინ იცოდა იმიტომ, რომ მარტო ჩვენზე არ იყო დამოკიდებული. ადამიანის კარიერა იმ წყობაზე იყო დამოკიდებული, რომელ წყობაშიც ცხოვრობდი. კომუნისტურ სისტემაში როგორ შეიძლება ადამიანს ეფიქრა რა უნდა გამოსულიყავი, ექიმის შვილები ექიმები გამოდიოდნენ, ინჟინერის შვილები ინჟინრები და ა.შ. ყველას ჰქონდა თავისი სეგმენტი. დედაჩემი ექიმი იყო და უნდოდა გინეკოლოგი გამოვსულიყავი, ახლა რომ ვყვები ხოლმე ამ ამბავს, ჭკუაზე არ ვარ, მე რომ გინეკოლოგი ვყოფილიყავი რა უბედურება იქნებოდა, შიშით არცერთი ბავშვი არ დაიბადებოდა.

პირველი სამსახური...

- პირველი სამსახური მახსოვს იმიტომ, რომ ვიყავი 16 წლის. მოსკოვში წავედი სასწავლებლად მარტო, ჩავაბარე და ვერ მოვეწყე, ქულები არ მეყო და პურის ქარხანაში მუშაობა დავიწყე. იქ მუშაობა სასიამოვნო იყო იმიტომ, რომ ჩემს გარდა ქარხანაში 240 ქალი მუშაობდა და მარტო მე ვიყავი კაცი. მერე იქ ცვლის უფროსად გადამიყვანეს და ა.შ.

წარმატებისთვის აუცილებელია...

- მთავარია ცოდნა. თუ ადამიანს კარგი ცოდნა აქვს, შეიძლება 24 საათი შრომა არ დასჭირდეს, ასევე მტავარია შეუპოვრობა, მიზანდასახულობა, მოკლედ კომპლექსურად არის საჭირო. საქართველოს მაგალითი რომ ავიღოთ, ბვერი ადამიანი ცხოვრობს წარსულით, ბევრი ცხოვრობს მომავლით და ნაკლები ცხოვრობს აწმყოთი, ამიტომ ჯობია, რომ აწმყოთი იცხოვრო.

ბიზნესი და პოლიტიკა...

- წარმოუდგენლად მჭიდროდ არის ეს ორი ერთმანეთთან. ბიზნესმენები ხშირად ამბობენ, რომ პოლიტიკაში არ ვერევითო, გამორიცხულია, პოლიტიკოსებიც ერევიან ბიზნესში და ბიზნესმენებიც. არჩევნებში ერევა ბიზნესმენი, მხარდამჭერია, კრიტიკით გამოდის, მეგობრობა უნდა პოლიტიკოსთან, შეხვედრებს ესწრება, პოლიტიკა მეტი კი არაფერია, აბა ახლა კანონებს სხვები წერენ.