სვანური ტრადიცია და ბებიას თავს გადახდენილი ამბავი, რამაც რეჟისორ მარიამ ხაჭვანს საერთაშორისო აღიარება მოუტანა - კვირის პალიტრა

სვანური ტრადიცია და ბებიას თავს გადახდენილი ამბავი, რამაც რეჟისორ მარიამ ხაჭვანს საერთაშორისო აღიარება მოუტანა

30 წლის მარიამ ხაჭვანი სვანეთში, სოფელ უშგულში დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ, იურიდიულ ფაკულტეტზე ჩასაბარებლად ემზადებოდა, თუმცა ნაუცბათევმა გადაწყვეტილებამ ის თეატრალურ უნივერსიტეტში მიიყვანა, მარიამმაც ცხოვრება სარეჟისორო ფაკულტეტს დაუკავშირა.

ახალგაზრდა რეჟისორს მოკლემეტრაჟიანმა ფილმებმა, რომელიც საკუთარივე სცენარით გადაიღო, უდიდესი წარმატება მოუტანა...

- უშგულში დავიბადე და გავიზარდე, თავგადასავლებით სავსე ბავშვობა მქონდა. მშობლები თავისუფლად გვზრდიდნენ, არაფერში გვზღუდავდნენ, როცა გვინდოდა ვითამაშებდით, როცა გვინდოდა ვისწავლიდით. მიყვარს მთა, სვანეთი და ჩემი სოფელი. როდესაც სკოლას ვამთავრებდი, იურიდიულ ფაკულტეტზე ჩასაბარებლად ვემზადებოდი, მაგრამ მოულოდნელად სახლში გამოვაცხადე, რომ სარეჟისორო ფაკულტეტზე მინდოდა სწავლის გაგრძელება. სხვათა შორის გაუხარდათ ჩემ მშობლებს, მიკვირს, ეს აზრი რატომ მომივიდა თავში, რადგან მანამდე ფილმების ყურება დიდად არ მყვარებია. ვფიქრობ, ეს ღმერთის ნება იყო.

- იყო მოკლემეტრაჟიანი ფილმები "ლიჩანიში", "კვირიკობა", "ბექნუ", თუმცა ყველაზე დიდი მოწონება ფილმმა "დინოლამ" დაიმსახურა, რომელიც სვანურ ტრადიციებზეა აგებული. მოგვიყევით, ფილმის გადაღების იდეა როგორ გაჩნდა...

- ფილმი აგებულია ერთ-ერთ სვანურ ტრადიციაზე - ქალს დაქვრივების შემდეგ თუ მთხოვნელი ეყოლებოდა, ის აუცილებლად უნდა გათხოვილიყო. თუ ქვრივი საქმროზე უარს იტყოდა, ეს საქმე უკვე ხატზე ირჩეოდა, რადგან საქმროს ოჯახს შურისძიების სურვილი უჩნდებოდა... საქმე ისაა, რომ კაცი დაწუნებულად მიიჩნეოდა და გაუჭირდებოდა ცოლის შერთვა, ამიტომ შემდგომში უკვე ოჯახს სთხოვდა ქალის ხელს და თუ ოჯახიც უარს ეტყოდა, ხატზე აფიცებდნენ საქმროს და მის ოჯახის წევრებს.

თუ ქალს შვილი ჰყავდა, მისი გათხოვების შემთხვევაში ის აუცილებლად პირველი ქმრის ოჯახში რჩებოდა, მიიჩნევდნენ, რომ ბავშვები თავისი გვარის გარემოცვაში უნდა გაზრდილიყვნენ.

ბებიაჩემი 5 წლის იყო დედამისი რომ გათხოვდა და დატოვა. მწარედ იხსნებს ხოლმე ამ ამბავს, როგორ გაიღვიძა დილით და როგორ გაეკიდა თოვლში ფეხშიშველ დედას. სცენარის შესაქმნელად და კარგი ფილმის გადასაღებად სხვა რა არის საჭირო?! საერთოდ კინო რაც მეტად ასახავს რეალობას, რაც მეტადაა მისი ფაბულა ცხოვრებასთან ახლოს, მით მეტად აინტერესებს მაყურებელს. მთავარია, გულწრფელი იყო და თითოეული პერსონაჟის ემოცია მაყურებლამდე ზუსტად მიიტანო. სრულმეტრაჟიან ფილმში ბებიას ეპიზოდური როლი მივეცი, დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად გაართმევდა თავს როლსაც, რომ არა ერთი პრობლემა - ყოველი ეპიზოდის გადაღებისას მეკითხებოდა, როგორი იყოო? ამას ვერ გადავაჩვიე.

- რატომ იყო აუცილებელი ქვრივი ქალის გათხოვება?

- მიზეზი ბევრია. იმ პერიოდში სტატისტიკის მიხედვით მამაკაცები ჭარბობდნენ ქალებს, მეორე მიზეზი კი იყო ის, რომ ყველა ერთმანეთის ნათესავი იყო, ბევრიც ავადმყოფობით იღუპებოდა, ზოგი ნადირობისას, ზოგიც კი ბუნებრივი მოვლენების მსხვერპლი ხდებოდა. მარტო ქალი ვერ გაუძღვებოდა ოჯახს, ვერ მოუვლიდა საქონელს, ვერ მოიტანდა შეშას, თივას და ვერც ხანგრძლივი ზამთრის დროს სახურავის გადათოვლას შეძლებდა. ამიტომაც პატიოსანი გზით ახალი ოჯახის შექმნა სირცხვილად არ მიიჩნეოდა.

- შენ მოგწონს ეს ტრადიცია?

- ვერ ვხვდები საზოგადოებამ რატომ უნდა მიიღოს ეს ცუდად. ტრადიციის უარყოფით მხარედ შეიძლება ის ჩავთვალოთ, რომ ბავშვები იჩაგრებოდნენ, მაგრამ ამასაც თავისი პლუსი ჰქონდა, მათ პატარაობიდანვე აჩვევდნენ დამოუკიდებელ ცხოვრებას და უფრო მარტივად გაჰქონდათ თავი. მოგეხსენებათ, იმ პერიოდში მთაში ცხოვრება ძალიან რთული იყო, მძიმე პირობებში უწევდათ მუშაობა ყველა კი ვერ უძლებდა ამას. ბებიაჩემი 91 წლის არის, საშინელი ცხოვრება აქვს გამოვლილი, უმძიმესი ბავშვობა, მაგრამ ისე მხნედ არის, რომ შეხედავ სიბერის არ შეგეშინდება.

- ამ ფილმმა როგორც საქართველოში ასევე ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ დიდი წარმატება მოიპოვა.. მოგვიყევით ფესტივალების შესახებ და როგორ მოხვდით იქ?

-"დინოლამ" 18 საერთაშორისო პრიზი მოიგო და პირველი ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმი გახდა, რომელიც ევროპულ კინოაკადემიაზე წარადგინეს. პირველი საფრანგეთში მონპელიეს ფესტივალი იყო. შემდეგ იყო "ა" კლასის კინოფესტივალებზე, კლერმონ-ფერარზე, ჰონკონგში, ფრაიბურგში, ქაიროში, მათ შორის იყო ხმელთაშუა ზღვის არეალის ქალთა მოკლემტრაჟიანი ფილმების ფესტივალი, რომელიც საფრანგეთში, კერძოდ მარსელში ჩატარდა.

- მოკლემეტრაჟიანი ფილმის შემდეგ ახლა უკვე სრულმეტრაჟიან ფილმზე მუშაობთ... როგორც ვიცი ფილმი სვანურადაა და მსახიობებიც არაპროფესიონალები... თავს როგორ ართმევენ?

- დიახ, ეს ფილმი სრულმეტრაჟიანია და "დედე" ჰქვია, რომელიც სიყვარულზეა. ჩემი დიდი სურვილი იყო ფილმი სვანურ ენაზე ყოფილიყო და მასში სვანებს ეთამაშათ, რათა ზუსტად გადმომეცა ნამდვილი მუხტი და რეალობა. გული მწყდება იმაზე, რომ სვანური ენა ნელ-ნელა იკარგება, და ღმერთმა არ ქნას მისი გაქრობა. ფილმში მხოლოდ ერთი პროფესიონალი მსახიობი გიორგი ბაბლუანი მონაწილეობს.

- გადაღებები სად მიმდინარეობდა და როდისთვის იხილავს მას მაყურებელი?

- გადაღებები სვანეთში, უშგულში, ყაზბეგში და ასევე კასპში მიმდინარეობდა. მაყურებელი ფილმს უკვე ამ წელს იხილავს. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩემს პროდიუსერ ვლადიმერ კაჭარავას და მთელს შემოქმედებით ჯგუფს, უშგულელებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც პატარა წვლილი შეიტანა ამ ფილმის შექმნაში.

ნინო ჩიქოვანი (სპეციალურად საიტისთვის)