"საზმაუს" რეორგანიზაციისა და რეიტინგისთვის გჭირდებათ 5 სამოყვარულო კამერა, 3 ცარიელი ოთახი და... კინაღამ დამავიწყდა, ტვინი" - კვირის პალიტრა

"საზმაუს" რეორგანიზაციისა და რეიტინგისთვის გჭირდებათ 5 სამოყვარულო კამერა, 3 ცარიელი ოთახი და... კინაღამ დამავიწყდა, ტვინი"

"ის, რასაც ვასილ მაღლაფერიძის გუნდი GDS-ზე აკეთებდა, თუნდაც რეიტინგის თვალსაზრისით, ოპტიმიზმის საფუძველს ნამდვილად არ ტოვებს"

რამდენიმე დღეა საზოგადოება აქტიურად განიხილავს ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ახალი გენდირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც სატელევიზიო გადაცემების 2018 წლამდე შეჩერებას გულისხმობს. მისი თქმით, საჭიროა ფინანსები და ელემენტარული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა, რომელიც აქვს ყველა სხვა ტელევიზიას და არ აქვს "საზოგადოებრივ მაუწყებელს".

"ამისთვის საჭიროა 2018 წლამდე დროებით შევაჩეროთ გადაცემები, რათა მოვამზადოთ პლატფორმა. ჩვენ დროებით ვაჩერებთ გადაცემებს, რათა დიდი ხნით არ გაჩერდეს მაუწყებელი. ამავე დროს ვხსნით კარს, პირდაპირი მნიშვნელობით, ჩვენ კი არ დაგვისვან მარტო კითხვები, წარმოადგინო თავისი რეკომენდაციები, თავის საექსპერტო დასკვნა. მე ძალიან გამიხარდება, ჩვენ გუნდსაც ძალიან გაუხარდება და ადგილსაც დავუთმობ დიდი სიამოვნებით, თუ მოვისმენთ იმ გეგმას, როგორ უნდა გამოვიდეთ კრიზისიდან ისე, რომ არც გადაცემები შევაჩეროთ, ამ არსებულ თანხებში ყველაფრის ისევ ისე კეთება გავაგრძელოთ, როგორ მოვუმატოთ თანამშრომლებს ხელფასები, როგორ ვიყიდოთ ახალი ტექნიკა, მე ამ პროექტს სიამოვნებით მოვუსმენდი. არა მხოლოდ facebook-ზე ლანძღვის რეჟიმში, არამედ ძალიან საქმიანად და ძალიან ყურადღებით. უნდა იყოს ძალიან დიდი მსჯელობა, ჩვენ ჯერ ეს უნდა გავაცნობიეროთ”, - განაცხადა მაღლაფერიძემ.

ამ საკითხზე მსჯელობა სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" არ წყდება:

მამუკა ღლონტი, ტელეკომპანია "მაესტროს" ერთ-ერთი დამფუძნებელი:

"1. პა-სეანსი" - ვიღებდით ერთი დანჯღრეული კამერით პირველ ადგილზე იყო რეიტინგში წლების განმავლობაში.

2.  "ტოროლა" - ვიღებდით ორი სამოყვარულო კამერით: დეკორაცია 1 დივანი ერთი პლასტიკატის ღრუბელი. ალბათ დღემდე ყველაზე რეიტინგული დილის გადაცემა.

3. "ამტანი" - ვიღებდით 3 იაფფასიანი სათვალთვალო კამერით დეკორაცია 3 ცარიელი ოთახი. დღემდე ყველაზე ცნობადი პროექტი.

კიდევ გავაგრძელებდი მაგრამ მეზარება. შესაბამისად.

"საზმაუს" რეორგანიზაციისა და რეიტინგისთვის გჭირდებათ 5 სამოყვარულო კამერა და 3 ცარიელი ოთახი... უი, კინაღამ დამავიწყდა და ტვინი"

ირაკლი ტაბლიაშვილი, "საზოგადოებრივი მაუწყებლის"თანამშრომელი:

"საზ.მაუწყებლის ხელმძღვანელობა ამბობს, რომ დისკუსია აუცილებელია... აგრეთვე, ამბობს, რომ განიხილავს ალტერნატიულ ხედვასაც.

ვიღებ ამ შეთავაზებას - ია ანთაძე, ვასილ მაღლაფერიძე უახლოეს ერთ კვირაში, თან ისე, რომ სრულად დავეყრდნობი თქვენს მიერ დასახელებულ ციფრებს, თქვენ პირადად და საზოგადოებას საჯაროდ გავაცნობ ხედვას, როგორ უნდა გამოვიდეს მაუწყებელი ამ კრიზისიდან ისე, რომ 102 გადაცემიდან 101 არ დაიხუროს.

ხედვაში ვისაუბრებ არქივზეც, შენობაზეც, ტექნიკაზეც, ნიუსრუმზეც...

ხედვას დავურთავ ზოგად ბიუჯეტს.

და ამ დოკუმენტს დავდებ მაგიდაზე.

ამთავითვე გეკითხებით, გექნებათ მზაობა, რომ მართლა შედგეს დისკუსია?

მართლა ვიმსჯელოთ?

ამთავითვე გეტყვით, რომ, რასაკვირველია, არც ჩემი ხედვა იქნება სრულყოფილი... მაგრამ, განხილვის ღირსი კი იქნება.

გთხოვთ, დამიდასტუროთ, რომ ტყუილად არ ვთხოვო დახმარება უმაღლესი კვალიფიკაციის ფინანსისტს, იურისტს... ქონების შემფასებელს, მედია კონსულტანტს, სოციოლოგს და კიდევ უძრავი ქონების შემფასებელს."

მერაბ მეტრეველი, ჟურნალისტი:

"საზმაუს" ახალ მენეჯმენტთან ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა ასეთია: ვინ თქვა, რომ ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება ხარისხიანი პროდუქციის გარანტიაა, ან მით უმეტეს რეიტინგის? ტექნიკა და ხარისხი აკლდა GDS-ს?! მაგრამ "იმედს" და რ-2-ს ახლოსაც ვერ მიუახლოვდა, ვერც "მაესტროს". მთავარია რა გავა ეთერში და რამდენად იქნება ის საინტერესო მაყურებლისთვის. ის, რასაც ვასილ მარლაფერიძის გუნდი GDS-ზე აკეთებდა, თუნდაც რეიტინგის თვალსაზრისით, ოპტიმიზმის საფუძველს ნამდვილად არ ტოვებს. რა გარანტიაა, რომ აქ გააკეთებენ უკეთესს? ასე ბრმად უნდა ენდოს მათ ბორდი, მისცეს თანამშრომლების გაყრის საშულება იმ იმედით, რომ იქნებ რამე გამოუვიდეთ?..

თუ ტელევიზიის მესამე კორპუსში გადატანას აპირებენ, რატომ არ შეიძლება ახალი ტექნიკა პირველი და მეორე კორპუსების გაყიდვით იშოვო და არა ხალხის გაშვებით? პრესტიჟული ადგილია და ბევრი სამშენებლო კომპანია დაინტერესდება."

ია ანთაძე, "საზმაუს" გენდირექტორის მრჩეველი:

"გულით მიხარია, რომ 6 თებერვლიდან სრულიად მსოფლიოს ქართველობა ვეღარ ძლებს პირველი და მეორე არხის გადაცემების გარეშე.

ოღონდ, გული მტკივა, რომ ჯერ კიდევ 5 თებერვალს "რუსთავს" და "იმედს" ცალ-ცალკე ჩვენზე თითქმის 15-ჯერ მეტი მაყურებელი ჰყავდა და პირველი არხის ყურებადობის წილი საერთო სურათში მხოლოდ 1,85% იყო."