"40 000 ლარის ქონება დამეწვა" - გაიცანით დაზარალებული ბიჭი, რომელიც დამწვარ "ბავშვთა სამყაროსთან" მყოფ პოლიციელებს საჭმელს სთავაზობდა - კვირის პალიტრა

"40 000 ლარის ქონება დამეწვა" - გაიცანით დაზარალებული ბიჭი, რომელიც დამწვარ "ბავშვთა სამყაროსთან" მყოფ პოლიციელებს საჭმელს სთავაზობდა

ლევან ლონდარიძის სახელი და გვარი ბევრისთვის უცნობია, თუმცა მისი ფოტო ალბათ ერთადერთი პოზიტიური რამ იყო, რაც "ბავშვთა სამყაროს" ხანძრის შემდეგ გავრცელდა. ფოტო ინტერნეტმომხმარებელმა ლუკა კახიშვილმა "ფეისბუკზე" შემდეგი წარწერით გამოაქვეყნა:

"ეს კაცი ბავშვთა სამყაროში ხანძრით დაზარალებულია, ყველაფერი დაეწვა რაც გააჩნდა. დაცვის პოლიციასთან მივიდა და საჭმელი მიუტანა, ამდენი ხანია დგახართ, მოგშივდებოდათო, ადამიანებმა ყველაფერი დაკარგეს და მაინც სხვაზე ზრუნავენ, მადლობა ესეთ ადამიანებს, რომ არსებობთ!"

ამბობს, რომ განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია, თუმცა მის საქციელს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ლევანს მეუღლე და პატარა ქალიშვილი ჰყავს, დანარჩენს კი თვითონ მოგვიყვება:

ლევან ლონდარიძე:

- ეს არ ყოფილა წინასწარგანზრახვით გაკეთებული... დაზარალებულებს, ვინც "ბავშვთა სამყაროსთან" ღამეს ვათენებდით, ცეცხლი გვენთო, რადგან ძალიან ციოდა. იქ მდგომ პოლიციელებს შევთავაზეთ, რომ მოსულიყვნენ და გამთბარიყვნენ, მაგრამ ჯებირების აქეთ არ გადმოიოდნენ, როგორც ჩანს, ასეთი ბრძანება ჰქონდათ. ჩვენ მთელი დღე იქ ვიდექით, ბუნებრივია მშივრები ვიყავით და უნდა გვეჭამა. ბევრი არაფერი გვქონდა, მხოლოდ ძეხვი და პური და როცა დავჭერით, რაღაც ნაწილი ავიღე და იქ მდგომ ბიჭებსაც შევთავაზე. ბოლო-ბოლო ეს ხალხი ჩვენ ქონებას იცავდა ამ ყინვაში.

- ამ ფოტომ ძალიან დიდი რეზონანსი გამოიწვია...

- არც მიფიქრია თუ ვინმე ამ ყველაფერს იღებდა. ახლაც ვერ ვხვდები, ვინ და საიდან გადაიღო. იქ ვინც იდგა, ის ბიჭები, სავალდებულო სამხედრო სამსახურს იხდიან და მოუწიათ მორიგეობა. მეც გამოცდილი მაქვს ეს და ვიცი, რა მდგომარებაშიც იყვნენ. სამწუხაროდ, არ გამომართვეს საჭმელი, ვუთხარი რომ მოვეფარებოდი, ვიდრე არ მორჩებოდნენ ჭამას, მაგრამ ალბათ მაინც მოერიდათ სიტუაციის გართულების. დიდი მადლობა გადამიხადეს, თუმცა რომ გამოერთმიათ და ეჭამათ უფრო გამიხარდებოდა. სიმართლე გითხრათ მიკვრის ხალხის ასეთი რეაქცია, რადგან არაფერი განსაკუთრებული არ გამიკეთებია და დარწმუნებული ვარ, ჩემს ადგილას ბევრი მოიქცეოდა ასე.

alt

- ლევან, ჩვენთვის ცნობილია, რომ თქვენც ძალიან დაზარალდით...

- დიახ, სამი დახლი მქონდა ორი ვერცხლეულის და ერთი მინანქრის. მეც ვაკეთებ მინანქარს, მეუღლესაც ვასწავლე და ჩვენივე გაკეთებულს ვყიდდით, სულ 40 000 ლარის ქონება მქონდა და სრულად განადგურდა ყველაფერი. მცირე ნაწილი გადარჩა, მაგრამ ჩამონგერული ნაწილის ქვეშაა. ვხედავ ჩემს ნივთებს, მაგრამ ვერ ვიღებ. არ მიშვებენ, მეუბნებიან, რომ შეიძლება ჩამოინგრესო. ამდენი ხანია არ ჩაინგრა და რაღა ჩემი შესვლისა ჩაინგრევა?! არადა, ის ნაწილი მაინც რომ გამოვიტანო, გადავადნობ და ამ ყველაფრის თავიდან დასაწყებად მეყოფა.

- დახმარებას თუ გპირდებათ ვინმე?

- არავის არაფერი უთქვამს, თუმცა ამბობენ, რომ შეიძლება ბანკთან გვიშუამდგომლონ და 6 თვით გადაგვივადონ ვალდებულებები. დამიჯერეთ, ესეც კი, ძალიან დიდი შეღავათი იქნება. პირადად მე სახლი მაქვს ჩადებული ბანკში

- თუ გადაგივადეს, როგორ ფიქრობ შეძლებ ამ ყველაფრის ნულიდან დაწყებას?

- აუცილებლად დავიწყებ და ისევ დავდგები ფეხზე, ძალიან მიყვარს ის რასაც ვაკეთებდი, რადგან ჩემი სპეციალობაა მინანქრის კეთება, სხვა სამსახური რომც გამოჩნდეს, ამას მაინც არ შევეშვები, რადგან მიყვარს ეს საქმე.

- ბევრს საუბრობენ დაზღვევი არ ქონაზე, სამომავლოდ როცა დაიწყებ ისევ ამ საქმეს, ისარგებლებ დაზღვევით?

- აქამდე არც მიფიქრია მაგაზე, მაგრამ ამის მერე დაზღვევის გარეშე ნაბიჯს აღარ გადავდგამ და შედარებით მშვიდათაც ვიქნები

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)