"შეიძლება მოიტაცეს" - სად გაუჩინარდა 18 წლის გოგონა?! - კვირის პალიტრა

"შეიძლება მოიტაცეს" - სად გაუჩინარდა 18 წლის გოგონა?!

8 თებერვალს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში, 18 წლის ქრისტინა ძნელაძე სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. ქრისტინას და მის მეუღლეს ერთი წლის შვილი ჰყავთ. გაუჩინარების დღეს მეუღლემ ის სოფლის სამარშრუტო ტაქსიმდე მიაცილა.

გოგონა ტაქსიში ჩაჯდა და ბათუმისკენ გაემგზავრა, - ის შინიდან იმ პირობით გავიდა, რომ ოჯახისთვის აუცილებელი საჭიროების ნივთები შეეძინა და მალევე დაბრუნებულიყო. თუმცაღა, ამის შემდეგ აღარ გამოჩენილა. ოჯახმა იმ დღესვე დაიწყო დაკარგულის ძებნა, თუმცა ამაოდ. შექმნილ სიტუაციაზე კომენტარის გაკეთება დაკარგულის ოჯახის წევრებს უჭირთ, მათთვის ოჯახის წევრის მოულოდნელი გაუჩინარება ყოვლად აუხსნელია.

"როგორც ვიცი, ქრისტინას ოჯახში კონფლიქტი არავისთან ჰქონია. ამ წუთებში მამიდა და ბიძაჩემი გამომძიებელთან იმყოფებიან. არ ვიცი, შესაძლებელია ვიღაცამ გაიტაცა და ველოდებით ზარს. სამართალდამცავები ჯერჯერობით ვერაფერს გვეუბნებიან. ჩემი და 15:00 საათზე ქმარმა სახლიდან გამოაცილა, რათა ქალაქში რაღაც შეეძინა. მე გონიოში ვცხოვრობ, ჩემი და კი ხელვაჩაურში, სოფელ ახალშენში იყო გათხოვილი", - განცახდა უჩა ძნელაძემ დის გაუჩინარების მეორე დღეს.

სოფელ ახალშენის მცხოვრები, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, შექმნილ სიტუაციაზე გვესაუბრება:

- როდესაც ქრისტინა ჩვენს სოფელში რძლად მოვიდა, მთლად ბავშვი იყო, სკოლაც არ ჰქონდა დამთავრებული. ოჯახმაც შვილად მიიღო. ქრისტინა მშრომელი, გონიერი ხალხის რძალია და მასზე ისე ზრუნავდნენ, როგორც საკუთარ შვილზე. ბავშვის მოვლაში მუდამ გვერდით ედგნენ. ამიტომ თუკი მას რაიმე უბედურება შეემთხვა, ეს ოჯახისთვის დიდი ტრაგედია იქნება; მაგრამ თუკი გოგონა მხოლოდ იმიტომ წავიდა ოჯახიდან, რომ იქ ცხოვრება არ მოსწონდა, ეს სხვა საქმეა...

როცა ადამიანი ოჯახს ქმნის, ის პასუხისმგებლობისთვისაც მზად უნდა იყოს, თუმცა ის ისეთ ასაკში გათხოვდა, რთულია ამ პასუხისმგებლობაზე ლაპარაკი... ერთიცაა, შეიძლება გარეშე თვალი ვერ ხედავდეს, მაგრამ ცოლ-ქმარს ისეთი პრობლემა ჰქონდეთ, რომ ერთმანეთთან აღარ დაედგომებოდეთ. თუ ასე იყო, ეთქვა ამ ხალხისთვის, მორჩა, აქ ვეღარ გავჩერდები, აღარ მომწონსო, ძალით არავინ დაიჭერდა.

- იქნებ ოჯახში იყო კონფლიქტი და ამან აიძულა სახლიდან წასულიყო.

- სოფელში ასეთი კონფლიქტები და ჩხუბები არ იმალება. როგორც ვიცი, ქრისტინას ძმამაც განაცხადა, - ჩემს დას ოჯახში კონფლიქტი არ ჰქონიაო. ქმარი ცოლზე ალბათ სამიოდე წლით უფროსია, მაგრამ საქმიანი ბიჭია. ისე ჩანდა, თითქოს ერთმანეთი უყვარდათ...

- გავრცელებული ინფორმაციით, მეუღლემ დაკარგული ცოლის ძებნა იმავე საღამოს დაიწყო, როგორც კი ქრისტინა არ გამოჩნდა.

- ბათუმიდან ბოლო "მარშრუტკა" დაახლოებით საღამოს 7 საათზე ამოდის სოფელში და ყველა სოფლიდან გასული იმას ამოჰყვება ხოლმე. ქრისტინა ამ ბოლო რეისსაც რომ არ მოჰყვა, ბუნებრივია, შეშფოთდნენ, ეს უკვე ნიშნავდა, რომ რაღაც ცუდი მოხდა... ქალი, რომელსაც ერთი წლის შვილი ჰყავს, ყოველთვის სახლში იჩქარის...

პოლიციამ ერთადერთი იმას მიაკვლია, რომ ქრისტინა ბათუმში ჩასვლისთანავე რომელიღაც მაღაზიაში შევიდა ტელეფონის დასატენად, სატენი დენის წყაროში შეაერთა და მაღზიიდან გავიდა. შემდეგ კი ტაქსიში ჩაჯდა და სახლის ნაცვლად ქობულეთში წავიდა. ვიდოკამერებმა სწორედ ქობულეთში დააფიქსირეს ბოლოს. ამის გარდა მისმა ოჯახმა ჯერჯერობით არაფერი იცის და ღმერთმა ქნას, რომ რაიმე უბედურება არ იყოს მომხდარი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)