"ყველა ქვეყანას ჰყავს თავისი ყვარყვარე" - კვირის პალიტრა

"ყველა ქვეყანას ჰყავს თავისი ყვარყვარე"

"ყვარყვარეს ბანაობის სცენას მინუს 10 გრადუს ყინვაში ვიღებდით. გახსოვთ, ალბათ, დოდო აბაშიძე კასრში რომ არის მოკალათებული. მე მაგ დღეს 39 მქონდა სიცხე. კადრში ვიცინოდით, სიცხით გათანგულებს ვასახიერებდით, მაგრამ კამერა რომ ქრებოდა, კანკალს ვიწყებდით და ცხელ ჩაის ვეძალებოდით"

ფილმი "ყვარყვარე" 1978 წელს გამოვიდა ეკრანებზე. იგი პოლიკარპე კაკაბაძის ცნობილი პოლიტიკური სატირის - "ყვარყვარე თუთაბერის" მიხედვით გადაიღეს. ირინა ჯაბადარი ამ ფილმზე რეჟისორის ასისტენტად მუშაობდა. მან ყვარყვარეს მდივანი, ლამაზმანი განასახიერა და გულჩინა დადიანსა და ციცინო კუტალაძესთან ერთად არაჩვეულებრივი ტრიო შექმნა - სახასიათო და დასამახსოვრებელი.

- ფილმში ქართული კინოს თანავარსკვლავედი იყო დაკავებული - დოდო, ეროსი, კახი, რამაზი... გადაღებისას საჩხერეში ვცხოვრობდით, გადასაღებად კი მაღლა ავდიოდით, დაუსახლებელ ადგილას. სწორედ იქ აშენდა დეკორაციები. მათ შორის კასრის ფორმის ციხეც, ბოლოს რომ პატიმრებით იტენებოდა და სკდებოდა.

გადაღებებს შორის შუალედებს ხუმრობა და სიმღერები ავსებდა. გულჩინა დადიანი, რა თქმა უნდა, გიტარით ხელში ახსოვს ყველას. დასამახსოვრებელი იყო დოდოსა და ეროსის ბაზარში გასვლები. რამდენჯერ ვარდებით სავსე მანქანით დაბრუნებულან, მეტყოდნენ, ირა, აი, ეს შენო. როდესაც გადაღება გვქონდა, ქალბატონი ნინა, დოდოს დედა, დამირეკავდა,"ირა, კაკ მოი შალავლივი მალჩიკო, ასე მოიკითხავდა 85 წლის დედა თავის ხანში შესულ შვილს. ვპასუხობდი, კარგად-მეთქი, წამლებს დროულად სვამდა, თვალში ჩასაწვეთებელს დროულად ვაწვეთებდი, დიეტასაც იცავდა. დიაბეტი ჰქონდა და მეთვალყურეობა სჭირდებოდა.

მე ეპიზოდური როლების შემსრულებელთა შერჩევა და მასობრივი სცენებისთვის პერსონაჟების მოძიება მევალებოდა. სულ გაფაციცებული ვიყავი, რომ არაფერი გამომრჩენოდა. ყველა სცენის დასრულების შემდეგ უნდა ჩამეხატა, ვის როგორ ეცვა, მარცხნივ თუ მარჯვნივ შეკრული თYუ აწეულ-ჩამოწეული ჰქონდა საყელო, მაგიდაზე რა ეწყო, რამდენი წიგნი, რამდენი ფანქარი... მაშინ არც კომპიუტერი გვქონდა და არც მობილური ტელეფონი, უცებ რომ აღმებეჭდა კადრი, სიზუსტე სჭირდებოდა ყველა დეტალს, რადგან კონკრეტული სცენა შესაძლოა, რამდენიმე თვის შემდეგ გაგრძელებულიყო და კადრი კადრს ისე უნდა მიჰბმოდა, რომ ეს შეუმჩნეველი ყოფილიყო.

- გადასაღებ მოედანზე როგორ აღმოჩნდით?

- ხშირად მიღებდნენ მასობრივ სცენებში, მაგრამ "ყვარყვარეში" ყველაზე დიდხანს მომიწია გამოჩენამ. ახალგაზრდა ვიყავი - 27 წლის. გულჩინა დადიანის პერსონაჟი იყო ყვარყვარეს "საყვარელი გულისაო", მდივნობა მე მომანდვეს და უარი არ ვთქვი. ჩვენი ტრიოს მესამე წევრი გახლდათ ციცინო კუტალაძე. ყვარყვარეს ბანაობის სცენას მინუს 10 გრადუს ყინვაში ვიღებდით. გახსოვთ, ალბათ, დოდო აბაშიძე კასრში რომ არის მოკალათებული. მე მაგ დღეს 39 მქონდა სიცხე. კადრში ვიცინოდით, სიცხით გათანგულებს ვასახიერებდით, მაგრამ კამერა რომ ქრებოდა, კანკალს ვიწყებდით და ცხელ ჩაის ვეძალებოდით.

მეორე სცენაში ჩვენი სამეული ყვარყვარეს ქეიფის დროს ჩნდება, შუაში გულჩინა გვიზის გიტარით ხელში. ფონოგრამა ტრიალებდა და ჩვენც გრძნობით ვმღეროდით. შემდეგ ჩვენი შესრულება არ დაედო ფილმს ფონად. რამდენჯერაც მახსენდება, როგორ გვიყურებს სიმღერის დროს ყვარყვარე, იმდენჯერ კარგ ხასიათზე ვდგები.

- ამავე ეპიზოდში ცეკვავს დოდო აბაშიძე სიმღერაზე "ტრულაილას ფული რად უნდა".

- ეს ცეკვა მისი ფანტაზიის ნაყოფია, ექსპრომტად შესრულებული. დოდო უდიდესი ნიჭის მსახიობი იყო. ყვარყვარე მის კარიერაში ერთ-ერთი შესანიშნავი როლია. ბევრი დუბლი არ სჭირდებოდა, იშვიათად 2 ან, მაქსიმუმ 3, ისიც მაშინ, თუ დუეტში თამაშობდა ვინმესთან.

- მისი ბოლო, გაქცევის სცენა, განსაკუთრებით დასამახსოვრებელია.

- კაბით რომ იპარება, ხომ? მახსოვს, სიცილ-კისკისით მოირგო გულჩინას კაბა.

ყველა დროსა და ყველა ქვეყანას ჰყავს თავისი ყვარყვარე. ალბათ, ამიტომაა, რომ ფილმი არ კარგავს აქტუალურობას.

ეკა სალაღაია