"ძალიან გავერთეთ იმით, რომ მაქსიმე დედის ბრჭყალებიდან ვერ გამოდის" - რას ჰყვება მარინა კახიანი სერიალზე და ნატრულის როლზე? - კვირის პალიტრა

"ძალიან გავერთეთ იმით, რომ მაქსიმე დედის ბრჭყალებიდან ვერ გამოდის" - რას ჰყვება მარინა კახიანი სერიალზე და ნატრულის როლზე?

სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" არაერთი ცნობილი მსახიობი მონაწილეობს. მათ შორის არის რუსთაველის თეატრის მსახიობი მარინა კახიანი, რომელიც მეგრელი ქალის - ნატრულის როლს თამაშობს. საინტერესოა, რა დამოკიდებულება აქვს პოპულარულ მსახიობს გადამღებ ჯგუფთან და თავის განუყრელ "დასთან" - ეგონასთან:

- ქალბატონო მარინა, ბევრი იფიქრეთ, როცა ნატრულის როლზე მიგიწვიეს?

- სხვათა შორის, კარგა ხანს ვფიქრობდი, როგორ შევძლებდი ასე მკვეთრად განსხვავებული როლის შესრულებას. მეშინოდა, მეტისმეტად გროტესკული არ გამოსულიყო. როცა უკვე დავთანხმდი, შინაგანი ჭიდილი მაინც დამრჩა, თუმცა, როდესაც პირველი სერიები გავიდა, მივხვდი, რომ სწორად მოვიქეცი. საბოლოოდ კი მაშინ დავრწმუნდი, როცა სამეგრელოდან დიდი მოკითხვა და სიყვარული გადმომცეს. ნატრული არ არის უნაკლო პერსონაჟი, მაგრამ ამ ყველაფერს სიყვარულით აკეთებს. მეც დიდი სიყვარულით ვასრულებ როლს და ძალიან მეხმარება ის, რომ ჩემი დედულეთი სამეგრელოშია.

სულ მინდოდა რაღაც სახასიათო, ჩემგან აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანის როლი შემესრულებინა, ასე რომ, ნატრულის როლი ჩემთვის დიდი საჩუქარია.

- ეგონა და ნატრული - ეს ორი პერსონაჟი ძალიან ავსებს ერთმანეთს. ეს სერიოზული მუშაობის შედეგია, თუ ყველაფერი თავისთავად მოხდა?

- მე და ჩემმა "დამ" პირველივე გადაღებაზე უსიტყვოდ გავუგეთ ერთმანეთს. მართალია, ორივე ერთი დედის შვილია, ორივე ერთ კუთხეშია გაზრდილი და ბევრი რამ საერთო უნდა ჰქონოდათ, მაგრამ ხასიათით, მანერით, ლაპარაკით, განსხვავებულები უნდა ყოფილიყვნენ. ამიტომ, ნატრული ეგონაზე უფრო ემოციური და ფეთქებადი უნდა ყოფილიყო. მერე უკვე თავისთავად მოხდა ყველაფერი. ამას წინათ, ჩემი ერთი კოლეგა მეუბნებოდა - კადრში ერთად რომ დგახართ, უკვე ღიმილს იწვევთო - ეს ძალიან სასიამოვნო კომპლიმენტია.

- გადაჭარბებული ზრუნვის შედეგი ხომ არ არის, რომ ნატრულის შვილი გაორებული და სუსტი პიროვნებაა, რომელიც ვერ ახერხებს გადაწყვეტილების მიღებას?

- ჩვენ ძალიან გავერთეთ იმით, რომ ეს ზრდასრული კაცი, ანუ მაქსიმე, დედის ბრჭყალებიდან ვერ გამოდის, მაგრამ აქ სულ სხვა რამ იმალება - ამ ბიჭს უყვარს კატო? - არსად ჩანს, რომ ძალიან უყვარს. მას უბრალოდ მოეწონა ეს თავისუფალი და მიმზიდველი ქალი. მე მეჩვენება, რომ არც ერთი არ უყვარს. გეთანხმებით, რომ ის არ არის ჩამოყალიბებული პიროვნება და გადაწყვეტილების მიღება უჭირს.

- ხშირად ქართველი კაცების სისუსტეებს იმასაც აბრალებენ, რომ ისინი ბოლომდე დედის გავლენის ქვეშ რჩებიან.

- მართალია, ქართველი დედები ხშირად ზედმეტად ანებივრებენ შვილებს და ეს ძალიან ცუდია, მაგრამ მეორე მხრივ, ისიც არ არის სწორი, როდესაც შვილი რაღაც ასაკამდე მიდის და მერე მშობლებთან მჭიდრო კავშირს წყვეტს. არც ეს გაუცხოება მიმაჩნია სწორად. ამასთან, არა მგონია, რომ იტალიელი, ინგლისელი ან ფრანგი დედა კმაყოფილი დარჩეს, რომ მისმა შვილმა ცოლად ათი წლით უფროსი და სამ ქმარგამოცვლილი ქალი შეირთო. ამას არც მე ვურჩევდი ჩემს შვილს, შეიძლება ხელჩართული ბრძოლა არ გამემართა, მაგრამ არ ვურჩევდი...

- "ჩემი ცოლის დაქალებს" ბევრი აკრიტიკებს თუნდაც უცენზურო სიტყვების გამო...

- სინამდვილეს ვერსად გავექცევით: სამწუხაროდ, ასეთია ჩვენი რეალობა, უცენზურო ლაპარაკი თითქმის ყოველ ნაბიჯზე გვესმის. ნებისმიერი მხატვრული ნაწარმოები იმას ემსახურება, რომ ყველაფერს გარედან შევხედოთ და იგივე შეცდომები აღარ დავუშვათ, რასაც ეს პერსონაჟები უშვებენ... არ ყოფილა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი არც ერთი საკითხი, რომელსაც აქ იუმორით მაინც არ შეხებოდნენ. სცენარისტი ქეთი დევდარიანი წერს ცოცხალ და ძალიან საინტერესო როლებს და მათი "გაფუჭება" ძალიან რთულია... მალე განახლდება სერიალი და მაყურებელს კიდევ უფრო საინტერესო სანახაობა ელის...

ხათუნა ჩიგოგიძე