"მივდივარ საქართველოდან და მინდა მალევე დავბრუნდე უკან" - ფრანგი ქორეოგრაფის ექსკლუზიური ინტერვიუ - კვირის პალიტრა

"მივდივარ საქართველოდან და მინდა მალევე დავბრუნდე უკან" - ფრანგი ქორეოგრაფის ექსკლუზიური ინტერვიუ

"არ მეგონა, რომ რაღაცით გაკვირვებული დავრჩებოდი, მაგრამ შეუძლებელია, ყველაფერ იმის გადმოცემა სიტყვებით, რაც ჩემი თვალით ვიხილე - საოცარი ცეკვები გაქვთ ქართველებს"

"პატარა ცერემონია", ასე ჰქვია ცნობილი ფრანგი ქორეოგრაფის მედჰი ვალერსკის ბალეტს, რომლის პრემიერა თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში 4 თებერვალს გაიმართა. ეს მედჰი ვალერსკის პირველი ნამუშევარია ქართულ დასთან. რეპეტიციები 3 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. დადგმაში მხოლოდ შავ-თეთრი ფერის კოსტიუმები და დეკორაციები გამოიყენეს. ქართულმა დასმა შესანიშნავად გაართვა თავი ახალ გამოწვევას. პრემიერის შემდეგ ხანგრძლივი ტაში და ოვაციები ამის დასტური იყო. მაყურებლები აღნიშნავდნენ, რომ სცენაზე მუსიკის, პლასტიკისა და სილამაზის შერწყმა იხილეს, რომელიც თავმოყრილი იყო ამ თანამედროვე ბალეტში. კმაყოფილი და ბედნიერი ჩანდა მედჰი ვალერსკიც, რომელთან ექსკლუზიური ინტერვიუს ჩაწერის საშუალება ჩვენ სპექტაკლის დაწყებამდე მოგვეცა.

მედჰი ვალერსკი:

- "პატარა ცერემონია" 6 წლის წინ დავდგი ვანკუვერში, ბრიტანული კოლუმბიის საბალეტო დასისთვის. ბალეტი 15 მოცეკვავისთვისაა შექმნილია: 8 ქალი და 7 მამაკაცი. ძირითადი იდეა, რამაც მუშაობის ინსპირაცია მომცა ისაა, თუ რას ნიშნავს სიცოცხლე ყუთში, როგორია მოცეკვავეებისთვის ყუთში ცხოვრება. ჩავრთე სხვადასხვა საუბარი. მამაკაცის მონოლოგით ახსნილია ქალებისა და მამაკაცების ტვინებს შორის განსხვავება: მამაკაცები უფრო მეტად ყუთებს გვანან, ხოლო ქალებს აქვთ უნარი, რაღაცები ერთმანეთს დაუკავშირონ. ძალიან მაინტერესებდა მენახა ის, თუ როგორ მუშაობენ ქალები და მამაკაცები ერთად, მომწონს ჯგუფურობის იდეა, იდეა კოლექტივისა და ინდივიდის შესახებ - როგორ მუშაობენ ისინი ერთად და რა სახის ცოდნა ვითარდება ჯგუფში ისე, რომ ამის შესახებ თავად არც კი იციან.

რაც შეეხება მოცეკვავეებს, პირველად ვიმუშავე თბილისის ოპერისა და ბალეტის საბალეტო დასთან, რაც ჩემთვის დიდი პატივია. ჩემთვის ამ დასთან მუშაობა ერთგვარი გამოწვევაც იყო, ვინაიდან მე მიჩვეული ვარ თანამედროვე მოცეკვავეებთან მუშაობას, ხოლო აქ მოცეკვავეებს სხვა ფიზიკური შესაძლებლობები აქვთ, - ქალბატონები პუანტეებს არიან მიჩვეული, მოცეკვავეების ზემოთ აზიდული სხეული კი, ქვემოთ უნდა "ჩამოვწიო", უნდა გამომეყენებინა მათი შესაძლებლობები, მათი კლასიკური ტექნიკა და ცოდნა. ეს ჩემთვის საინტერესო და ამაღელვებელი სამუშაო იყო, რადგან თითქმის თავიდან მიწევდა ბალეტის შექმნა, მისი გადაკეთება იმის მიხედვით, თუ რისი შემოთავაზება შეუძლიათ თქვენი დასის წევრებს.

ვფიქრობ, რომ ამჟამად აუდიტორია და ასევე მოცეკვავეები საჭიროებენ როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე ბალეტების ინტერპრეტაციას. პარიზში ვსწავლობდი კლასიკურ ბალეტს და პარიზის ოპერისა და ბალეტის თეატრში ვცეკვავდი, შემდეგ დავიწყე თანამედროვე ქორეოგრაფიის ცეკვა. მოცეკვავეს უნდა შეეძლოს კლასიკის ცეკვა, ძალიან ძლიერი და კარგი კლასიკური ბალეტების და ამავდროულად, თანამედროვე ბალეტისაც. ვფიქრობ, რომ თქვენი დასისთვის ეს დიდებული კომბინაციაა.

ძალიან კარგია ის, რასაც ნინო ანანიაშვილი აკეთებს - თანამედროვე ბალეტების შემოტანა დასისთვის, არსებითად მნიშვნელოვანია. მოცეკვავეებმა უნდა იგრძნონ, რომ ისინი გადადიან ერთი მიმართულებიდან მეორეში. სხვადასხვა სახის ბალეტებზე მუშაობის გამოცდილება ხომ დიდი და მნიშვნელოვანი საჩუქარია.

- ნინო ანანიაშვილს საქართველოში ჩამოსვლამდე იცნობდით?

- ქალბატონ ნინოს აქ ჩამოსვლის შემდეგ შევხვდი. რა თქმა უნდა, მანამდე ბევრი რამ ვიცოდი მის შესახებ, ვის არ სმენია ნინო ანანიაშვილზე, დიახ, იგი დიდი ვარსკვლავია. იცით, საბალეტო სამყაროში ჩვენ ყველანი ერთ ენაზე ვსაუბრობთ. ცეკვა უნივერსალური ენაა და ამიტომაც ერთმანეთს მაშინვე გავუგეთ. ვფიქრობ, იგი დიდ რისკზე მიდის, როცა თანამედროვე საბალეტო ცეკვები შემოაქვს, თუმცა რისკის გარეშე ვერ გამოიგონებ, ვერ შექმნი რაიმე ახალს, საინტერესოსა და ფასეულს. სიმართლე გითხრათ, ახლა საქართველოსთან ძალიან ახლოს ვგრძნობ თავს, დიდი სიამოვნებით დავრჩებოდი კიდევ უფრო მეტხანს, რომ უკეთ შევიცნო ეს ქვეყანა, ვინაიდან აღმოვაჩინე, რომ აქ სასიამოვნო სითბო მეღვრება გულში და ვგრძნობ, რომ დაკავშირებული ვარ ამ ქვეყანასთან.

- როგორც აღნიშნეთ პირველად იმყოფებით საქართველოში, აქ ჩამოსვლამდე რა იცოდით ამ ქვეყნის შესახებ?

- ვიცოდი, რომ საქართველო ცნობილია თავისი დიდებული ღვინითა და სამზარეულოთი. ჩვენ, ჰააგაში ხშირად ვსტუმრობთ ქართულ რესტორანს. ვიცოდი, რომ მდიდარი კულტურისა და ისტორიის ქვეყანა გაქვთ. ისიც ვიცი, რომ ბალანჩინი დაკავშირებულია საქართველოსთან. საქართველო ხომ ცეკვისა და სიმღერის კულტურითაც გამორჩეული ქვეყანაა. სოციალურ ქსელში ქართული ნაციონალური ბალეტის მიერ შესრულებული ძალიან შთამბეჭდავი სანახაობის ამსახველი ვიდეო ვერსიები ტრიალებდა, რომელთაც უამრავი ნახვა და თბილი გამოხმაურებები სდევდა თან. მოხარული ვარ რომ შანსი, მომეცა ეს ყველაფერი პირადად მენახა სუხიშვილების საიუბილეო კონცერტზე.

არ მეგონა, რომ რაღაცით გაკვირვებული დავრჩებოდი, მაგრამ შეუძლებელია, ყველაფერ იმის გადმოცემა სიტყვებით, რაც ჩემი თვალით ვიხილე - საოცარი ცეკვები გაქვთ ქართველებს.

კეთილგანწყობილი, თბილი და სტუმართმოყვარე ხალხი ხართ. აქ გაბნეულ ძვირფას მარგალიტებს შორის მთრთოლვარე სული და საოცარი ხელოვნება იმალება. მინდა კიდევ ბევრი რამ გავიგო და აღმოვაჩინო ჩემთვის, თქვენი ბუნების, ქვეყნის, გარემოს შესახებ.

ამ ხალხის კეთილგანწყობას საზღვარი არ აქვს. მათი სტუმართმოყვარეობის ამბავი სამუდამოდ ჩამებეჭდება მეხსიერებაში. საქართველო სავსეა შესაძლებლობებით. აქ ყოფნისას ენერგიის მოზღვავებას ვგრძნობ.

მინდა წარმოვიდგინო, როგორი იქნება ეს დიდი პოტენციალისა და შესაძლებლობების ქვეყანა რამდენიმე წლის შემდეგ. მივდივარ და მინდა მალევე დავბრუნდე უკან. ჩემთვის საქართველოში ჩამოსვლა ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი, მე ვიტყოდი, ფანტასტიკური გამოცდილება იყო. დიდებული ქვეყანა გაქვთ, ყველაფერი ის, რაც აქ ვნახე და შევიგრძენი, უნდა გავუზიარო ჩემს მეგობრებსა და ოჯახის წევრებს.

რა არის მთავარი ცხოვრებაში? - ალბათ, სიყვარული... ბალანსის პოვნა - რათა იცხოვრო შენი მიზნებით, ოცნებებითა და ღირებულებებით. გისურვებთ თქვენი მიზნებისა და ფასეულებების ერთგული ყოფილყავით.

ეკა სალაღაია (სპეციალურად საიტსთვის)