"ვერ ვპოულობთ დოკუმენტაციას, რომლითაც გავარკვევთ, რაში დაიხარჯა 410 მილიონი ლარი" - რა ხდება "საზმაუში"?! - კვირის პალიტრა

"ვერ ვპოულობთ დოკუმენტაციას, რომლითაც გავარკვევთ, რაში დაიხარჯა 410 მილიონი ლარი" - რა ხდება "საზმაუში"?!

"კარმუშკასავით" ჰქონდათ მთელი ბიუჯეტი და საკენკს კენკავდნენ. ახლაც ვიღაცებს სურთ ამ საკენკში ნისკარტის ჩაყოფა, თუმცა ვიმეორებ, ამის უფლებას არავის მივცემთ".

6 თებერვალს, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ახალმა გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ და მენეჯმენტმა საზოგადოებას რეფორმის მათეული გეგმა წარუდგინეს, რომლის თანახმადაც არსებითი ცვლილებებისთვის გადაცემები 2018 წლამდე დროებით უნდა შეჩერდეს. "ჩვენ დროებით ვაჩერებთ გადაცემებს, რათა დიდი ხნით არ გაჩერდეს მაუწყებელი. ეს არის ჩვენი გეგმა, ეს არის ჩვენი ანალიზი, ჩვენი საექსპერტო დასკვნა აქ არსებული მდგომარეობისა", - განაცხადა მაღლაფერიძემ. მის ინიციატოვას დიდი რეზონანსი მოჰყვა. სატელევიზო გადაცემების შეჩერებას ეწინააღმდეგებიან, როგორც ტელერადიკომპანიის თანამშრომლები, ასევე არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის წარმომადგენლები. "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოსა და მაღლაფერიძის შეხვედრაზე გადაწყდა, რომ სამეურვეო საბჭო ერთი კვირის ვადაში შეიმუშავებს კონკრეტულ გეგმას, თუ როგორი უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობის შეფასების კრიტერიუმი და რეფორმაც ამის მიხედვით დაიგეგემება.

ამავდროულად, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ფოტომასალა, სადაც საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებული უმძიმესი ვითარებაა ასახული. არადა, ვიცით, რომ აღნიშნული ტელევიზია ბიუჯეტიდან ყოველწლიურად რამდენიმე მილიონით ლარით ფინასდებოდა და ფინანსდება ახლაც.

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, მაუწყებელში 2006-2016 წლებში ახალი დაფინანსების პრინციპზე გადასვლის შემდეგ, 410 მილიონი ლარი დაიხარჯა, თუმცა არხს არც რეგიონული ოფისები, არც სათანადო ტექნიკა და არც შესაფერისი შენობა გააჩნია.

ბუნებრივია ისმის კითხვა: სად მიდიოდა და რაში იხარჯებოდა ეს თანხა?!

ვასილ მაღლაფერიძე:

"შევეცდებით დისკუსია მათთან ერთად წარვმართოთ ტელევიზიაში არსებულ პრობლემებზე, რომლებსაც წლების განმავლობაში არავინ ეხებოდა, და იცით, რატომ? საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებულ უამრავ პრობლემაზე საუბარი მათ უბრალოდ, არ აწყობდათ - "კარმუშკასავით" ჰქონდათ მთელი ბიუჯეტი და საკენკს კენკავდნენ. ახლაც ვიღაცებს სურთ ამ საკენკში ნისკარტის ჩაყოფა, თუმცა ვიმეორებ, ამის უფლებას არავის მივცემთ. ამის იმედი თუნდაც როყიო განცხადებების გავრცელებით ჰქონდეთ, რადგან არ გვეშინია - სუფთა ვართ და სერიოზული მიზნის მიღწევაზე ორიენტირებული გეგმებით მოვდივართ.

მიზანი მხოლოდ ერთი გვაქვს - საზოგადოებრივი მაუწყებელი დაემსგავსოს ტელევიზიას და ვიღაცებისთვის "კარმუშკის" ფუნქცია ერთხელ და სამუდამოდ ჩამოიცილოს". (იხილეთ სრულად)

ირაკლი ტაბლიაშვილი, "საზოგადობრივი მაუწყებლის" თანამშრომელი:

- არ ვკამათობ იმაზე, რომ რეფორმები აუცილებელია, თუმცა, მნიშვნელოვანია როგორი სახით უნდა ჩატარდეს ეს რფორმა. ჩემი აზრით, არ შეიძლება ტელევიზიის რეფორმირება იმ გზით, რაც შემოგვთავაზა ახალმა ხელმძღვანელობამ. გადაცემების გაუქმებაზე კი არ უნდა იყოს ლაპარაკი, არამედ მათი შეფასება უნდა მოხდეს და ამისთვის შესაბამისი პროგრამული კრიტერიუმი დადგინდეს. ამასთანავე, კონსიტიტუციური ცვილებების წელში გადაცემების გაუქმება ყოვლად მუღებელია. სამწუხაროდ, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ხელმღვაბელობამ ის მძიმე ვითარება გამოამზიურა, რაც იქ ნახა და რაც ისედაც ცნობილი იყო, მაგრამ იქ კარგი რამეებიც ხდება, რაზეც რატომღაც არ ლაპარაკობენ, თუნდაც, ჩართვის მანქანა, რომლის ფასი 4-დან 5 მილიონამდეა. ამიტომაც ამგვარი იაფფასიანი მეთოდებით საგზადოებაზე ეფექტის მოხდენა და აპელირება გამართლებულად არ მიმაჩნია. თუ ვითარება მაინცდამაინც ფოტოებით უნდა განგვესაჯა, იქნებ კარგიც გაევრცელებინათ.

ია ანთაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველი:

- საქმე ის არის, რომ ჯერ არ ვიცით, რას გადაწყვეტს სამეურვეო საბჭო. როდესაც საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება, შემდეგ გაირკვევა, რომელ გადაცემებს და რა ფორმით შეეხება რეფორმა, - ვინ დარჩება და ვინ წავა... ახლა ჩვენ ვართ პროცესში, რომლის ბედი, ასე ვთქვათ, სამეურვეო საბჭოს ხელშია და მანამდე იქნება შეხვედრები თანამშრომლებთან, დაინტერესებულ პირებთან და ორგანიზაციებთან. როდესაც პროცესი მივა კენჭისყრამდე, შემდეგ ვნახოთ რა შედეგი დადგება, შემდეგ შეიძლება საუბარი ვადებზე, თანამშრომლების წასვლა-დარჩენაზე და ა. შ.

2011 წელს დაიდო დასკვნა, რომელშიც ეწერა, რომ ეს ორგანიზაცია არის სისტემურ კრიზისში. 2013 წელს, კიდევ ერთი კვლევა მომზადდა "საზოგადოებრივ მაუწყებელში", რომლის ავტორები იყვნენ ნიკო მელიქაძე და გიორგი გვიმრაძე და მათ დასკვნაშიც ასევე პირდაპირ წერია, რომ ორგანიზაცია ღრმა კრიზისშია. ასეთი სიტყვები არ ითქმება, თუ საქმე არ გაქვს გადაცდომებთან არამიზნობრივი ხარჯვის კუთხით... ანუ ეს პროცესი გამჭვირვალე არ იყო, კითხვები ჩნდებოდა, მონიტორინგებს ატარებდნენ, მაგრამ ცხადი მაინც არაფერია... მეტიც, რაც აქ ვართ,  ვცდილობთ, გავარკვიოთ სად მიდიოდა ეს თანხები, მაგრამ ჯერ ვერაფერი გავარკვიეთ...

- რატომ?

- არ ვიცი, ვერ ვპოულობთ დოკუმენტაციას, რომლითაც გავარკვევთ, რაში დაიხარჯა 2006 - 2016 წლებში გამოყოფილი 410 მილიონი.

ახლა უფრო ახლო მომავალზე ვართ კონცენტრირებული, თუმცა წარსული სურათის აღდგენაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)