"ილოცეთ პატრიარქის ჯანმრთელობისთვის" - ილია მეორეს ოპერაციას დღეს ჩაუტარებენ - კვირის პალიტრა

"ილოცეთ პატრიარქის ჯანმრთელობისთვის" - ილია მეორეს ოპერაციას დღეს ჩაუტარებენ

გერმანელი მედიკოსები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ქირურგიულ ოპერაციას დღეს გაუკეთებენ, რომელიც თბილისის დროით, 11:00 საათზეა დაგეგმილი.

"ილოცეთ პატრიარქის ჯანმრთელობისთვის" - მოუწოდა არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა სრულიად საქართველოს 12 თებერვალს, სამების საკათედრო ტაძარში ქადაგების შემდეგ.

უწმინდესი გერმანიაში 2 თებერვალს გაემგზავრა. საპატრიარქოს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ცისანა შარტავას განცხადებით, გერმანიაში უწმინდესის გამგზავრება ისედაც დაგეგმილი იყო, თუმცა "ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გამოვლენილმა ეპიზოდმა" გადაწყვეტილების მიღება დააჩქარა. მოგვიანებით კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა ილია მეორესთვის ოპერაციის ნაღვლის ბუშტზე გაკეთება. "გერმანიიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 8 თებერვალს, დასრულდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები. მიღებული მონაცემების საფუძველზე დადასტურდა ნაღვლის ბუშტის ქირურგიული მეთოდით მკურნალობის აუცილებლობა. ოპერაცია დაგეგმილია ორშაბათს, 13 თებერვალს", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში

მიტროპოლიტმა დიმიტრიმ "რუსთავი 2"-თან საუბარში განაცხადა, რომ  "ოპერაციის წინა მონაცემები საიმედოა და ექიმები კარგ შედეგებს პროგნოზირებენ".

"მონაცემები საიმედოა, რამეთუ ჩაუტარდა გამოკვლევები და ექიმები გვაიმედებენ, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდება. კონტაქტზე გამოდის და ჩვეულებრივად გვაქვს პატრიარქთან ურთიერთობა ", - განაცხადა მიტროპოლიტმა დიმიტრიმ.

ბერლინში ასევე იმყოფებიან ქართველი ექიმებიც, რომლებსაც ოპერაციის წარმატებულად ჩატარების იმედი აქთ.

"პატრიარქს ჰქონდა გარკვეული პრობლემები გულ-სისხლძარღვთა სისტემის წინ. ამიტომ ჩატარდა კარდიოლოგიური პროფილის კვლევები. შედეგები დამაკმაყოფილებელია. პროგნოზის გაკეთება ცოტა რთულია, მაგრამ ვიმედოვნებთ, ყველაფერი კარგად იქნება, რადგან ყველა გამოკვლევამ კარგი შედეგი გვაჩვენა", - განაცხადა კრადიოლოგმა შოთა პეტრიაშვილმა.