"სახელმწიფოსთვისაც რთულია, კონკრეტულ პირებს ხელაღებით დასდოს ბრალი პატრიარქის მკვლელობის მცდელობაში" - კვირის პალიტრა

"სახელმწიფოსთვისაც რთულია, კონკრეტულ პირებს ხელაღებით დასდოს ბრალი პატრიარქის მკვლელობის მცდელობაში"

ამ რამდენიმე დღის წინ, ანალიტიკოსმა არჩილ გამზარდიამ "ფეისბუკის" პირად გვერდზე სენსაციური რამ დაწერა. მისი ვარაუდით, შესაძლებელი იყო გარკვეულ პირებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლიკვიდაცია ჰქონოდათ დაგეგმილი და ეს გერმანიაში შეიძლება მომხდარიყო.

ამ, ერთი შეხედვით, დაუჯერებელი ვარაუდის გარშემო ეჭვები მას მერე გაძლიერდა, რაც გერმანიაში სამკურნალოდ მყოფ პატრიარქთან ჯერ სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი ჩავიდა, 13 თებერვალს კი "რუსთვი 2"-მა გაავრცელა ინფორმაცია საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის და საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის დირექტორის, მამა გიორგი მამალაძის დაკავების თაობაზე. გაირკვა ისიც, რომ პატრიარქის დაცვის უფროსს სოსო ოხანაშვილს პროკურატურაში გამოსაცხადებლად გერმანიიდან ჩამოსვლა დასჭირდა. ის ახლა ისევ გერმანიაშია და როგორც იქ მყოფნი ამბობენ, აგრძელებს პატრიარქის დაცვას. მინიშნებები არაერთი გაკეთდა, რომ თითქოს ეს დაკავება შესაძლოა პატრიარქის მოწამვლის მცდელობას უკავშირდებოდეს, თუმცა დანამდვილებით რაიმეს მტკიცება შეუძლებელია. ვრცელდებოდა ინფორმაციით, რომ საქმე შესაძლოა დაკავშირებული ყოფილიყო ქონებრივ პრობლემებთან, კერძოდ კი ვერაზე, თარხნიშვილის ქუჩაზე ყოფილი მე - 3 სამშობიაროს შენობის გასხვისებასთან, თუმცა პროკურატურის განცხადებამ ყველაფერი სწორედ იქითკენ წაიყვანა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე თითქოს მკვლელობას ამზადებდა, თუ ვისი, ეს მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს არ დაუზუსტებია. მისი თქმით, იგეგმებოდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის ლიკვიდაცია.

რა საფუძველი და წყარო უმაგრებდა ზურგს არჩილ გამზარდიას, როდესაც ზემოთხსენებულ სტატუსს წერდა?

არჩილ გამზარდია:

- მე დავწერე ჩემი ვარაუდი, მივიჩნიე, რომ საზოგადოებას ეს უნდა სცოდნოდა. რომ მქონოდა რაიმე დეკლარირებული ინფორმაცია რომელიმე წყაროსაგან, ბუნებრივია, პირველ რიგში ამას შესაბამის უწყებებს მივაწვდიდი. ჩემს განცხადებებს უფრო დავარქმევდი პრევენციას, რომ მსგავსი რამე არ მომხდარიყო. შესაძლოა ბევრი რამე ვივარაუდოთ, რომელიც შეიძლება იყოს ამოტივაციური. მე ვარ ანალიტიკოსი და ხშირად ვუშვებ ალბათობებს, თეორიულ შესაძლებლობებს... სამწუხაროდ, ჩემი მოსაზრებები აღმოჩნდა მართალი, მაგრამ კარგია, რომ საფრთხის პრევენცია მოხერხდა.

ჩემი გადასახედიდან, ზოგადად ეს არაა ერთი ეპიზოდისაგან შემდგარი ამბავი, ამ საქმეში უფრო მეტი ეპიზოდი უნდა იყოს, რადგან, როგორც წესი, ასე ხდება ხოლმე. ჩემი აზრით, აქ უფრო ორგანიზებულ და მიზანმიმართულ პროცესთან უნდა გვქონდეს საქმე.

- როგორ ფიქრობთ, მას მერე რაც პატრიარქის ოპერაცია ჩაივლის და საპატრიარქოს დელეგაცია დაბრუნდება საქართველოში, საპატრიარქო გასცემს პასუხს საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს?

- ვწუხარ, რომ საპატრიარქო ზედმეტად ჩაკეტილი ორგანიზაციაა, რაც ბევრად მეტი ჭორის და ფანტაზიის გავრცელების საშუალებას იძლევა, ვიდრე რეალობაა. არ მგონია, რომ ამას ნათელი ასე მარტივად მოეფინოს. ძალიან საფრთხილო თემაა, როცა საქმე შეეხება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს ადამიანს - პატრიარქს. ვვარუდობდი, რომ დამნაშავეები, შესაძლოა კიდეც ეპოვნათ, მაგრამ, ცოტა სხვა კვალიფიკაციით მომხდარიყო მათი დაკავება. თუმცა შევცდი, ერთიცაა სახელმწიფოს მხრიდანაც რთულია კონკრეტულ პირებს ხელაღებით დასდოს ბრალი პატრიარქის მკვლელობის მცდელობაში, იმედია, ყველაფერი ბოლომდე იქნება გამოძიებული. მთავარი ისაა, რომ პატრიარქი იყოს უსაფრთხოდ.

- დაკავებული მამა გიორგის (მამალაძე) მეუფე დიმიტრისთან დაახლოებულ სასულიერო პირად მოიხსენიებენ, ამ ცოტა ხნის წინ, ცხადად გამოჩნდა ისიც, რომ მეუფე დიმიტრი დაპირისპირებულია მეუფე იაკობთან, როგორ ფიქრობთ ამ ორი მეუფის დაპირისპირების შედეგი ხომ არაა ეს ყველაფერი და ხომ არ ვართ პატრიარქობისთვის ბრძოლის მოწმენი?

- ჩემი აზრით, ამ პროცესის ორი ეპისკოპოსის დაპირისპირებამდე დაყვანა, არასწორია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მრავალი წლის წინ, მეუფე იაკობი საერთოდ არ იყო ეპისკოპოსი, როდესაც ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მეუფე დიმიტრი შესაძლოა დაინტერესებული ყოფილიყო პატრიარქობით, ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მისი შექმნილი და ორგანიზებულია "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი", რომელიც (ამაზე მგონი უკვე ყველა თანხმდება) თავის ქმედებებით ძირითადად ძირს უთხრის საპატრიარქოს და პატრიარქს. მეუფე დიმიტრისთან მიმართებაში ასევე არსებობს კითხვები, საგარეო ორიენტაციის საკითხთან დაკავშირებით, ხომ არაა აქ ჩართული რუსეთის თემაც?! ეს შეკითხვები ჩნდებოდა, შესაძლოა ეს ალოგიკური შეკითხვებიც არის, მაგრამ ის ტრიალებს საზოგადოებაში და სჭირდება პასუხები!

იხილეთ: პროკურატურის განცხადება

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)