"თუ დანაშაული აქვს რაიმე ჩადენილი, უნდა დააკავონ" - რას ამბობენ დაკავებულ დეკანოზზე მეზობლები - კვირის პალიტრა

"თუ დანაშაული აქვს რაიმე ჩადენილი, უნდა დააკავონ" - რას ამბობენ დაკავებულ დეკანოზზე მეზობლები

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავეს. გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მომართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი.

გიორგი მამალაძის დედის, ქეთევან მაღლაკელიძის განცხადებით, მისთვის შვილის დაკავების მიზეზები უცნობია.

„როგორც უნდა ღმერთს, ისე იქნება. ჩვენ ბრალდებაზე არაფერი ვიცით. არც გავრცელებული ინფრმაცია არ ვიცით. მეტი ოჯახი ჩვენ არ გვაქვს, ყველა აქ ვართ და გასაქცევად საქმე არ გვაქვს,“- განაცხადა გიორგი მალაძის დედამ.

საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსს, მამა გიორგი მამალაძეს მეზობლები დადებითად ახასიათებენ და აცხადებენ, რომ მის დაკავებას არ ელოდნენ.

„არ ველოდით, არაჩვეულებრივი პიროვნებაა, ძალიან დადებითი,“ - აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი გულნარა მეტრეველი.

დაკავებულ დეკანოზს დადებითად ახასიათებს კიდევ ერთი მეზობელი ჯუმბერ შავიშვილი, თუმცა მისი თქმით, „თუ დანაშაული აქვს რაიმე ჩადენილი, უნდა დააკავონ, რადგან კანონის წესი ასეთია“.

იხილეთ ასევე: "გიორგი მამალაძის ბარგის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ციანიდი" - პროკურატურის მტკიცებით, ის მაღალი იერარქიის სასულიერი პირის ლიკვიდაციას გეგმავდა

"ინტერპრესნიუსი"