"პატრიარქი რამდენიმე დღით კვლავ ბერლინის კლინიკაში დარჩება" - კვირის პალიტრა

"პატრიარქი რამდენიმე დღით კვლავ ბერლინის კლინიკაში დარჩება"

საქართველოს საპატრიარქოს მიერ 9 თებერვალს გავრცელებული განცხადების თანახმად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კლინიკურ-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები ჩაუტარდა. მიღებული მონაცემების საფუძველზე ნაღვლის ბუშტის ქირურგიული მეთოდით მკურნალობის აუცილებლობა დადასტურდა. უწმინდესს ბერლინის კლინიკაში ოპერაცია რამდენიმე საათის წინ ჩაუტარდა.

როგორც ოპერაციის დასრულების შემდეგ ბერლინის კლინიკის ქირურგმა განაცხადა, პატრიარქი რამდენიმე დღით კვლავ ბერლინის კლინიკაში დარჩება.

”რაც შეეხება რეაბილიტაციის პროცესს, უნდა დაველოდოთ რამდენიმე დღე. ამ მომენტისთვის მოხარულები ვარ, რომ ოპერაციამ კარგად ჩაიარა და ის თავს ასე კარგად გრძნობს. სავარაუდოდ სამშობლოში გაფრენამდე მას კიდევ რამდენიმე დღით ჰოსპიტალში დავტოვებთ”, - განაცხადა ექიმმა.

პატრიარქის ქართველი ექიმის, ცისანა შარტავას თქმით კი, უწმინდესი ამ ეტაპზე ინტენსიურ განყოფილებაში რჩება.

”ჩვენ გავიგეთ პროფესორისგან, რომ თვითონ კმაყოფილია. როცა ქირურგი კმაყოფილია ოპერაციით, ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგად არის. ოპერაცია ლაპარასკოპიული მეთოდით დაიწყო და დასრულდა. ყველას გილოცავთ, ყველაფერი კარგად არის. ჯერ იქნება ინტენსიურ თერაპიაში”, - აღნიშნა შარტავამ „რუსთავი 2“-თან საუბარში.