ნინო კასრაძე: "ხანდახან საჭესთან მონსტრებს ვემსგავსებით და ადამიანობას ვკარგავთ..." - კვირის პალიტრა

ნინო კასრაძე: "ხანდახან საჭესთან მონსტრებს ვემსგავსებით და ადამიანობას ვკარგავთ..."

მსახიობი ნინო კასრაძე ჰიბრიდულ Toyota RAV4-ს მართავს და ამ ავტომობილის შესახებ საკუთარი შთაბეჭდილებები გაგვიზიარა.

"მას არ სჭირდება დიდი ძალისხმევა ევასეული წარმომავლობის დასამტკიცებლად. ის ერთი გამოხედვით თუ მოძრაობით ახერხებს ამას!" - ვკითხულობთ რეჟისორ რეზო შატაკიშვილის ბლოგში ნინო კასრაძის შესახებ, - "ადის სცენაზე და მისი შარმიც კვადრატში ადის. ის ნინო კასრაძეა. არამარტო რუსთაველის თეატრის, საერთოდ, თაობის პრიმა. ის არ ეკუთვნის არც ერთ არტისტულ დინასტიას. აღიზარდა ტექნიკური ინტელიგენტის ოჯახში, სადაც არ სუფევდა დანაშაულებრივი ფუფუნება. მას სხვა ფუფუნებით ანებივრებდნენ - სიყვარულით."

"არ ეტყობა: წლები. ეტყობა: ინტელექტი. ის ყოველთვის გაურბის იაფფასიან პოპულარობას, ყვითელ პრესას, არ საუბრობს პოლიტიკურ შეხედულებებზე, არ ცვლის წიგნს კომპიუტერზე, არ აქვს "ფეისბუქი" - მაუსის ტრიალში არ ლევს წუთისოფელს!" - ესეც ამონარიდია. ასევე რეზო შატაკიშვილის სტატიიდან.

ბევრი ვიფიქრეთ, როგორ დაგვეწყო სტატია ნინო კასრაძის შესახებ, რომელიც რამდენიმე კვირაა, ახალი, ჰიბრიდული Toyota RAV4-ით გადაადგილდება. ეს საავტომობილო ჟურნალია, ჩვენ ავტოჟურნალისტები ვართ და როცა ამა თუ ავტომობილის შესახებ წერას ვიწყებთ, ბევრი ფიქრი არასდროს გვჭირდება ხოლმე. ამ შემთხვევაში კი ფიქრი დაგვჭირდა. დიდხანს ფიქრი. და მაინც ვერაფერი მოვიფიქრეთ. იმიტომ, რომ ნინო კასრაძე უბრალოდ მსახიობი არ არის. არც უბრალო მსახიობია.

ნინო კასრაძეს ჩვენც ვიცნობთ და არ განვეკუთვნებით იმ კატეგორიას, ვინც ის მხოლოდ ტელესერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან" გაიცნო - სცენაზეც გვინახავს და ეკრანზეც. თანაც, ჯერ კიდევ ფილმ "ორფეოსის სიკვდილში", რომელიც 1996 წელსაა გადაღებული.

"მას მერე, რაც ჰიბრიდუოლ RAV4-ს ვმართავ, თითქოს სხვა ადამიანი გავხდი და სწორედ ეს მომწონს ჩემში - გარემოზე მზრუნველის როლი," - გვითხრა ნინომ და ზუსტად ისე გაგვიღიმა, როგორც სჩვევია - გულრწფელი, ნამდვილი ღიმილით. მანამდე კი, ფოტოსესიის დროს, როცა ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე გაღიმებას სთხოვდა, გვეუბნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი ვარ, ყალბი ღიმილი არ შემიძლია, თუ როლში არ ვარ და არ ვთამაშობ, ვერ ვიღიმიო. (გაგრძელება)