"მეუფე პეტრე ჩემი მისამართით რასაც ამბობს, მოვიდეს და პირში მითხრას" - კვირის პალიტრა

"მეუფე პეტრე ჩემი მისამართით რასაც ამბობს, მოვიდეს და პირში მითხრას"

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრე ცაავამ გადაცემა ”არჩევანში” ქორეპისკოპოსს იაკობზეც ილაპარაკა. მეუფე პეტრეს განცხადებით, ის ”უნებლიე თანამონაწილეა შორენა თეთრუაშვილის ინტრიგების”.

”შორენა თეთრუაშვილი მისი გარემოცვის წევრებს, რამდენიმე სასულიერო პირს, მისი დავალებების კარგად შემსრულებლებს ეძახის ”ოქროს თევზს”. ეს არის პროტოპროსვიტერი გიორგი, ქორეპისკოპოსი თეოდორე პირველ რიგში, რომელიც ფინანსურ საკითხებში არის ყველაზე მეტად ჩართული.

რაც შეეხება მეუფე იაკობს, ის არის ძალიან პატრიოტი ადამიანი. მე ვფიქრობ, რომ შეცდომაშია შესული, რაღაც პიროვნული დაპირისპირებით, ჩართულია სამწუხაროდ ამ ქალბატონის მიერ დაწყებულ ინტრიგებში, უნებლიეთ არის თანამონაწილე. ჩემი პირადი აზრია, რამეთუ ვიცი მისი გულისხმიერება და სიყვარული სამშობლოს და ეკლესიის მიმართ”, - განაცხადა ჭყონდიდის მიტოპოლიტმა.

"ჩემი მისამართით რასაც ამბობს, მოვიდეს პირში მითხრას", - ასე პასუხობს ქორეპისკოპოსი იაკობი ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრე ცაავას მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებს.

როგორც მეუფე იაკობმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა, მიტროპოლიტ პეტრე ცაავას მიერ გამოთქმული ბრალდებები არასერიოზულია.

„მეუფე პეტრემ თავის ნათქვამზე თვითონ უნდა გააკეთოს კომენტარები. ჩემი მისამართით რასაც ამბობს, მოვიდეს პირში მითხრას“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

რაც შეეხება შეკითხვას, მართლაც აქვს თუ არა საპატრიარქოში დიდი გავლენა შორენა თეთრუაშვილს, როგორც ამას მეუფე პეტრე ცაავას ამტკიცებს, ქორეპისკოპოს იაკობის თქმით, „შეიძლება მეუფე პეტრეზე აქვს და უნდა მისი გავლენისგან გათავისუფლება“.

„შეიძლება მეუფე პეტრეზე აქვს (გავლენა) და გათავისუფლება უნდა მისი გავლენისგან. ჩვენზე რა გავლენა უნდა ჰქონდეს? ეს არის არასერიოზული რაღაც“, - აღნიშნა ქორეპისკოპოსმა იაკობმა.

მისივე თქმით, ხშირად სხვების განცხადებების გამო რცხვენია.

„არ მინდა დაჭერილ ადამიანზე რამე ვილპარაკო. ჩვენზე ძალიან იმას არასდროს არ შეტკიოდა გული - რა თქმა უნდა, მამალაძეს ვგულისხმობ და მამალაძის კეთილსინდისიერებაზე პირველად მეუფე პეტრესგან მოვისმინე. ვიცნობ მაგ ადამიანს და პირველად მოვისმინე კეთილსინდისიერიაო რომ თქვეს. არასერიოზულია ასეთი განცხადებები. თავისთვის (პეტრესთვის) არის უკეთესი. საზოგადოებაში თუ უნდა რომ ავტორიტეტი ჰქონდეს და პატივისცემა, მასეთი რაღაცეებით ხომ... ხშირად მრცხვენია ხოლმე სხვების მიერ გაკეთებული განცხადებების გამო“, - განაცხადა ქორეპისკოპოსმა იაკობმა.