"ბრალდება თუ დაუმტკიცდა, უნდა დაისაჯოს" - რა "გაუგებრობა" მოხდა სოსო ოხანაშვილსა და მეუფე იაკობს შორის? - კვირის პალიტრა

"ბრალდება თუ დაუმტკიცდა, უნდა დაისაჯოს" - რა "გაუგებრობა" მოხდა სოსო ოხანაშვილსა და მეუფე იაკობს შორის?

პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სოსო ოხანაშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძეს დადებითად ახასიათებს და აცხადებს, რომ მომხდარით ”გაოგნებულია”.

საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში სოსო ოხანაშვილი აღნიშნავს, რომ გაუთქმელობის შეთანხმებაზე ხელი აქვს მოწერილი, ამიტომ საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

”მამალაძეზე ვერაფერს ვიტყვი. ვიცნობ და დადებითად დავახასიათებ მას. გაოგნებული ვარ. უბრალოდ და არ ვიცი, რა გითხრათ. ბრალდება თუ დაუმტკიცდა, უნდა დაისაჯოს”, - განაცხადა ოხანაშვილმა.

რაც შეეხება პატრიარქის უსაფრთხოებას, სოსო ოხანაშვილის თქმით, უწმინდესის უსაფრთხოება ყოველთვის დაცული იყო და მომავალშიც ასე იქნება.

სოსო ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა პროკურატურაში დაკითხვაზე ყოფნის შესახებაც.

”მე ვიყავი გამოძახებული როგორც მოწმე, რადგან ამჟამად ვარ პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და ეს უშულოდ ეხებოდა ამ თემას. დამიბარეს, ჩავფრინდი, გაირკვა და გამოვფრინდი უკან”, - განაცხადა ოხანაშვილმა.

კითხვაზე, იცოდა თუ არა, რა იყო დაკითხვის თემა, ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ „დაახლოებით იცოდა“, თუმცა პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სხვა დეტალებზე არ საუბრობს.

”ვერ დაგიდასტურებთ, არის თუ არა საუბარი ბრალდებაში უმაღლეს სასულიერო პირზე, რადგან ხელი მაქვს მოწერილი გაუთქმელობაზე. როგორც გამოაცხადეს, გრიფით საიდუმლო არ არის, მაგრამ ხელწერილი არსებობს”, - აღნიშნა სოსო ოხანაშვილმა.

რაც შეეხება უწმინდესის დაცვას, სოსო ოხანაშვილის განცხადებით, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიჭები მას ეხმარებიან და ”პატრიარქის დაცვა გვერდზე არ გაუწევიათ”.

შორენა თეთრუაშვილთან დაკავშირებით დასმული შეკითხვა კი, სოსო ოხანაშვილმა უპასუხოდ დატოვა, ხოლო მეუფე იაკობთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მათ შორის უბრალოდ ”გაუგებრობა მოხდა”.

”შორენაზე ვერ გიპასუხებთ, ეს კითხვები შემდეგში. მე არ ვიცი, მეუფე იაკობი რას ამბობს, მე მას ძალიან დიდ პატივს ვცემდი, ვცემ და უბრალოდ გაუგებრობა მოხდა ჩვენს შორის. მე მაინც ამ ყველაფერს სხვანაირად ვუყურებ. უბრალოდ ისე ახლო ურთიერთობა, როგორც გვქონდა, არ გვაქვს, მაგრამ ეს მისი საქმეა. მან უკეთ იცის”, - განაცხადა სოსო ოხანაშვილმა.

ის არ გამორიცხავს, რომ პროკურატურამ დაკითხვაზე კიდევ დაიბაროს და ოხანაშვილი გამოძიებასთან ბოლომდე გეგმავს თანამშრომლობას.

”გამოძიებული უნდა იქნას ყველაფერი, რაზეც არის ეჭვები”, - აღნიშნა ოხანაშვილმა.