"მამა გიორგის მიმართ უსაფრთხოების ზომები იმდენად დაცულია, რომ ვერ ვაზიარეთ" - კვირის პალიტრა

"მამა გიორგის მიმართ უსაფრთხოების ზომები იმდენად დაცულია, რომ ვერ ვაზიარეთ"

"დეკანოზ გიორგი მამალაძეს საფრთხე არ ემუქრება, ყველანაირ სამედიცინო მომსახურებას უწევენ. რაც საჭიროა მისი ჯანმრთელობისთვის ყველაფერი მობილიზებულია... უსაფრთხოების ზომები მამა გიორგის მიმართ იმდენად დაცულია, რომ დღეს ვერ ვაზიარეთ ზუსტად იმის გამო, რომ უსაფრთხოების ზომები ამას ითვალისწინებს", - ამის შესახებ მეუფე ანდრიამ ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძის მონახულების შემდეგ განაცხადა.

კითხვაზე, მისცა თუ არა დეკანოზს კურთხევა, ისაუბროს საქმის დეტალებზე, მეუფემ განაცხადა, რომ "ეს საკითხი არ წყდება კურთხევით" და მნიშვნელოვანია, აღსარების საიდუმლოების მომენტი.

"არის გარკვეული სასულიერო უფლებამოსილებები, რომელიც გააჩნია სასულიერო პირს და ამ უფლებამოსილებებში არის ერთ-ერთი ის, რომ მას არ აქვს უფლება გათქვას აღსარების საიდუმლო. დანარჩენი უკვე არის მისი სინდისი და მისი ღმერთთან ურთიერთობა. ბრალდებასთან დაკავშირებითაც იყო საუბარი და მე პირადად, ღრმად მწამს, რომ კათოლიკოს პატრიარქის მიმართ მას არანაირი ბოროტი განზრახვა არ ჰქონდა", - განაცხადა მეუფე ანდრიამ.

მისივე თქმით, სასულიერო პირის მიმართ მსგავსი ბრალდებები დაუჯერებელია. "მწამს, რომ გამოძიება სრული კეთილსინდისიერებით გამოიკვლევს ამ საქმეს და სიმართლე ითქმება", - განაცხადა მეუფე ანდრიამ.

"ინტერპრესნიუსი"