როგორია დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა? - კვირის პალიტრა

როგორია დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლის მცდელობის საქმეზე ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ჩაფიძის კლინიკაში გუშინ ღამე გადაიყვანეს. ადვოკატის ინფორმაციით, დეკანოზს რამდენიმე დღე მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, თუმცა ზუსტი დიაგნოზი ცნობილი არ იყო.

როგორც დღეს ჩაფიძის კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, ზაზა ლაზარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დეკანოზ გიორგი მამალაძეს უტარდება აუცილებელი კვლევები და კონსულტაციები სხვადასხვა სპეციალისტის მიერ. მისივე განმარტებით, მიოკარდიუმის მწვავე დაზიანება, რომელიც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გავრცელდა, გამოირიცხა.

ზაზა ლაზარაშვილის განცხადებით, პაციენტი რჩება კლინიკაში და ყველა კვლევის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ მკურნალობის რა ფორმა სჭირდება.

"გრძელდება მკურნალობა და კვლევები იმ პროტოკოლის მიხედვით, რომელიც მის მდგომარეობას შეესაბამება. ჯერჯერობით რჩება კლინკაში, ტარდება კვლევები, რომელთა უმრავლესობაც მოითხოვს დროს, ზოგიერთი კვლევა 24 საათს საჭიროებს. როდესაც ყველა მონაცემი გაანალიზდება მივიღებთ გადაწყვეტილებას, მკურნალობის თუ რა ფორმა სჭირდება შემდგომ. პაციენტი შემოვიდა სინკოპეს (გონების კარგვის) დიაგნოზით, თუმცა ამავე დროს ყურადღებას იპყრობდა ცხელება და ამიტომ ხდება კომპლექსური კვლევები. მოწვეულია სხვადასხვა სპეციალისტი, მათ შორის ინფექციონისტი, ნევროლოგი და სხვა", - განაცხადა ზაზა ლაზარაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"