ვინ და რატომ გაავრცელა პატრიარქის დამონტაჟებული მიმართვა?! - კვირის პალიტრა

ვინ და რატომ გაავრცელა პატრიარქის დამონტაჟებული მიმართვა?!

16 თებერვალს სოციალურ ქსელ "ფეისბუკში", ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის გვერდმა გაავრცელა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა, სადაც პატრიარქი საუბრობს დეკანოზ გიორგი მამალაძეზე, გერმანიაში ჩასვლის მიზეზზე და მალე საქართველოში დაბრუნებაზე. (იხილეთ: პატრიარქი: "მე ვიცნობ მამა გიორგის უკვე კარგა ხანია და კარგის მეტი არაფერი მომისმენია და მინახავს მისგან")

თუმცა, ტელეკომპანია "ობიექტივის" მტკიცებით, 16 თებერვალს გავრცელებული პატრიარქის მიმართვა დამონტაჟებულია და ახალ ვიდეომიმართვას ავრცელებს.

დღეს გავრცელებული ჩანაწერის თანახმად, პირველი ვარიანტისგან განსხვავებით, პატრიარქი ასევე, ყურადღებას ამახვილებს დეკანოზ გიორგი მამალაძის განცხადებებზე. ილია მეორის პირველი მიმართვიდან, რომელიც ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის გვერდზე გავრცელდა, ამოჭრილია შემდეგი ნაწილი:

„რა მოხდა, რატომ მოხდა, რომ მამა გიორგი ლაპარაკობს ხან ერთს, ხან - მეორეს, ვისი დავალებით ხდება ეს? - ამბობს პატრიარქი.

„ობიექტივის“ მიერ გავრცელებული პატრიარქის მიმართვის სრული ვერსია ასეთია:

„მწუხარება და სიხარული ტყუპი ძმებივით დადიან ერთად. როცა ადამიანი სიხარულშია, ის უნდა ელოდოს მწუხარებას. ჰოი, მწუხარებავ, შენ საწყისი ხარ სიხარულის. ჰოი, სიხარულო, შენ საწყისი ხარ მწუხარებისა. ეს არის აღმოსავლური სიბრძნე. სამწუხაროდ, მე მომიხდა გერმანიაში ჩამოსვლა და გამიკეთეს ნაღვლის ოპერაცია. ოპერაცია კარგად დამთავრდა, კარგი შედეგებია და ექიმები იტყვიან ამის შესახებ. მე ასევე მინდა შევეხო იმ უცნაურ და რაღაც არანორმალურ სიტუაციას, რომელიც დაკავშირებულია მამა გიორგი მამალაძესთან. მე ვიცნობ მამა გიორგის უკვე კარგა ხანია და კარგის მეტი მე არაფერი მომისმენია და მინახავს მისგან.

რა მოხდა, რატომ მოხდა, რომ მამა გიორგი ლაპარაკობს ხან ერთს, ხან - მეორეს, ვისი დავალებით ხდება ეს?

მე მინდა ვთქვა ერთი რამ, რომ ჩვენი ეკლესია და ქვეყანა და ქართველი ხალხი, საქართველოს მოსახლეობა მუდამ იყო ერთი გამთლიანებული ორგანიზმი და იქნება მომავალში. ვერავინ ვერ შეძლებს ჩვენი ერისა და ეკლესიის დარღვევას. მე სამ დღეში ჩამოვალ თბილისში და იმედი მაქვს, ყველაფერი დამშვიდდება, გაირკვევა და ყველაფერი ნორმაზე დადგება. ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო“, - აცხადებს პატრიარქი.

პატრიარქის მდივანის, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, ამ ფაქტის შესახებ დღეს შეიტყო. დეკანოზი მიიჩნევს, რომ ვიდეო გარკვეულმა პირმა მიზანმიმართულად დაამონტაჟა.

„ამ წუთში ვერაფერს ვერ გეტყვით, სანამ დელეგაცია არ დაბრუნდება და არ შევიტყობთ, ვინ მოახდინა ამ ჩანაწერის მონტაჟი. რატომ მოხდა ისე, რომ ვიღაც, ყოველ შემთხვევაში, ალბათ, მისი ინტერესების სასარგებლოდ, ასეთი დამონტაჟებული გამოუშვა ეს ფირი იქედან. ჩვენ დავინტერესდებით სერიოზულად, ვინ იმყოფებოდა იმ დროს იქ და ვინ ცდილობდა, რომ პატრიარქის ნათქვამი სიტყვები აქ ასეთი მონტაჟით შემოსულიყო და საჯარო სივრცეში ასე გავრცელებულიყო“, - აღნიშნა დეკანოზმა.

მისივე თქმით, პატრიარქის მიერ ნათქვამი რამდენიმე წინადადება, რომელიც სოციალური ქსელით 16 თებერვალს გავრცელებულ ვიდეოში არ არის, ცვლის კონტექსტს.

„პატრიარქის მიერ ნათქვამი რამდენიმე წინადადება ცვლის კონტექსტს და როგორც ჩანს, უწმინდესს აქვს აბსოლუტურად ლეგიტიმური კითხვა. ის რაც პროკურატურამ გაავრცელა, რაშია საქმე, რატომ მოხდა ასე. როგორც ჩანს, როდესაც დაბრუნდებიან ეს საკითხი ძალიან სერიოზული დისკუსიის საგანი გახდება“, - განაცხადა მამა მიქაელმა.

"ინტერპრესნიუსი"