პარლამენტის შენობასთან "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

პარლამენტის შენობასთან "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს, რომელიც გადაცემა "კურიერის" წამყვანმა ზაალ უდუმაშვილმა გახსნა, სწორედ მას მიჰყავს აქცია, რომელზეც შეკრებილ საზოგადოებას "რუსთავი 2" -ის სხვადასხვა გადაცემის წამყვანები მიმართავენ.

ტელეკომპანიის მხარდამჭერ აქციაში სამოქალაქო სექტორისა და სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტებიც მონაწილეობენ.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ხელისუფლების ზეწოლით უზენაესი სასამართლო აპირებს ტელეკომპანია "რუსთავი 2" - ის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება გამოიტანოს.

რუსთავი 2"-ის სოლიდარობის მიზნით, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები და მხარდამჭერები ვარდების მოედანზე, "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები და მათი აქტივისტები კი მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ და აქციას მსვლელობებით შეუერთდნენ.

როგორც ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ განუცხადა, დღეს ისინი იცავენ არა მხოლოდ "რუსთავი 2"-ს, არამედ მედიის ნებისმიერ წარმომადგენელს.

აქციის გამო, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია. "ვარდების მოედნიდან" თავისუფლების მოედნამდე პერიმეტრზე, რუსთაველის გამზირზე გადამკვეთ ქუჩებთან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული.

აღსანიშნავია, რომ აქციის დაწყებისთანავე, ტელეკომპანია "რუსთავი 2"- მა მაუწყებლობა განაახლა.  შეგახსენებთ, "რუსთავი 2" საპროტესტო მაუწყებლობაზე 18 თებერვლიდან გადავიდა.