"რბილი, ბუზღუნა, მაგრამ უხმაურო ადამიანი" და დიდი მსახიობი - რატომ უჩივლეს გოგი გეგეჭკორს ქორწინების გამო? - კვირის პალიტრა

"რბილი, ბუზღუნა, მაგრამ უხმაურო ადამიანი" და დიდი მსახიობი - რატომ უჩივლეს გოგი გეგეჭკორს ქორწინების გამო?

(ფოტოგალერეა)

"თუ გიყვართ თქვენ სიცილი, გინდათ, გულიანად იცინოთ, თუ გსურთ, დატკბეთ კომედიის მსახიობის ბრწყინვალე ოსტატობით, მაშინ დაუყოვნებლივ შეეცადეთ, იშოვოთ ბილეთი რუსთაველის თეატრის სპექტაკლზე "ამბავი სიყვარულისა" და ნახეთ გიორგი გეგეჭკორი, რომელიც ამ სპექტაკლში ასრულებს ექვთიმე ქათამაძის როლს"

მიხეილ თუმანიშვილი

"ჩვენი პროფესიის საიდუმლოება იმაშია, რომ სცენაზე გამოსვლისას შენ გრძნობდე, თითქოს ამ როლს თამაშობ პირველად, როგორც პრემიერაზე. თუ ამ გრძნობას უმტყუნებ, მაშინ ეს როლი დაკარგავს თავის მშვენიერებას. ეს არის თეატრის მსახიობის სამზარეულოს საიდუმლოება - როგორც პირველად. ეს ძალიან ძნელია. მიუხედავად იმისა, რომ ამ ხნის მანძილზე ბევრი როლი ვითამაშე, ვცდილობდი ამ პრინციპის დაცვას. ახალგაზრდებსაც მოვუწოდებ, ისწავლონ როლის პერსპექტივაში თამაში.

მე მოცულობით დიდი როლები მითამაშია. ამ როლებიდან ერთი ათი როლი ვითამაშე კარგად, დანარჩენი, როგორც პროფესიონალმა, საშუალოდ, ბევრიც - ცუდად. მე არ ვარ ის კაცი, ჩემი როლებით ვიტრაბახო... მაგრამ მე საგრიმიორო ოთახში რომ აღარ შემოვიდე, ჩემს სარკესთან რომ აღარ დავჯდე, გრიმი არ გავიკეთო, გათავდა, მაშინ წერტილი უნდა დამესვას. რა ვქნა, ჯერჯერობით ვარ აქ, ამ თეატრში და ვთამაშობ ცოტას..."

გოგი გეგეჭკორი

გიორგი გეგეჭკორი დაიბადა 1923 წლის 23 თებერვალს პედაგოგ თამარ გელოვანისა და პოეტ ვლადიმერ გეგეჭკორის ოჯახში. მათთან ხშირად იყრიდნენ თავს ქართული კულტურის მოღვაწეები. საუბარი ძირითადად, ხელოვნებას შეეხებოდა. გიორგი ყოველთვის გატაცებით უსმენდა მათ, ფიქრობდა, კითხულობდა თეატრის შესახებ ყველაფერს, რაზეც კი ხელი მიუწვდებოდა. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე ჩააბარა, 1944 წლიდან კი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი იყო.

სტუდენტობიდან მოყოლებული, კითხულობდა ლექსებს, მოთხრობებს, ზღაპრებს, იგავ-არაკებს, ქმნიდა საინტერესო სახეებს რადიოდადგმებში. უფრო გვიან, როდესაც უკვე აღიარებული, პოპულარული მსახიობი გახდა, მის ცხოვრებაში ტელევიზია გაჩნდა. არც იყო გასაკვირი, რომ თავისი საქმის ოსტატი პირველი ნაბიჯებიდანვე ქართული ტელევიზიის მუდმივი თანამგზავრი გახდა.

მსახიობმა თეატრში 120-მდე როლი შეასრულა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მიხეილ მრევლიშვილის პიესა "ბედი მგოსნისა", სადაც მან" ნიკოლოზ ბარათაშვილი განასახიერა. ამას მოჰყვა მგელი ("ჭინჭრაქა"), ჰამლეტი ("ჰამლეტი"), ტიგრან გულოიანი ("თეთრი ბაირაღები"), პლატონ სამანიშვილი ("სამანიშვილის დედინაცვალი").

1954 წელს პირველად გამოჩნდა კინოში. ის სიკო დოლიძემ მიიწვია ფილმში "ჭრიჭინა," ლევანის როლზე, მერე კი იწვევდნენ საბჭოთა კავშირის კინოსტუდიებშიც.

გიორგი გეგეჭკორი გამოირჩეოდა უნარით ზუსტად, ზოგჯერ ფარული ირონიით, გროტესკით, ტრაგიზმითა თუ სევდით, გადმოეცა სათქმელი. მიიჩნეოდა მხატვრული თუ საავტორო ტექსტის საუკეთესო მკითხველად. მის მიერ შესრულებული სანდრო კარიძის როლი ფილმში "დათა თუთაშხია" საოცარი ნიჭიერებით გამოირჩევა. კინოში 50-მდე როლი ითამაშა, რომელთა შორის არაჩვეულებრივია როლი ფილმში "არდადეგები" - ალბათ, ბევრს ახსოვს ძაღლებით გარშემორტყმული მსახიობის განწირული ყვირილი: "დათა, კაცო, შემჭამეს ძაღლებმა, გამომხედე!.." და მიუხედავად პერსონაჟის შიშისა, ძნელია, არ გაგეცინოს.

გიორგი გეგეჭკორის მეუღლე, თეატრმცოდნე ნათელა ურუშაძე, მისი სულიერი მეგობარი იყო. მიაჩნდა, რომ ნათელას ყველაფერი უნდა სცოდნოდა - რა აწუხებდა, რა ახარებდა, რას ფიქრობდა.

გოგი გეგეჭკორმა და ნათელა ურუშაძემ ერთმანეთი თეატრალურ ინსტიტუტში გაიცნეს და 1953 წლის მარტში იქორწინეს. სტალინი ახალი გარდაცვლილი იყო, ამიტომაც მხოლოდ ხელი მოაწერეს, ქორწილი არ გადაუხდიათ. არ გასულა რამდენიმე დღე და თეატრალურ ინსტიტუტში საჩივრის წერილი მისულა, სადაც ეწერა, მაშინ, როცა მთელი საბჭოთა ქვეყანა გლოვობს დიდი ბელადის გარდაცვალებას, თქვენი თანამშრომელი ბედნიერდებაო. პრორექტორმა არ იცოდა, რა ეპასუხა სტალინის გულშემატკივრისთვის, ნათელამ კი უცებ იპოვა გამოსავალი: მისწერეთ ამ ადამიანს, გლოვის დღეებში თუკი მუშაობდა მმაჩის ბიურო, ჩანს, იქ ხელის მოწერაც შეიძლებოდაო... ორი შვილი შეეძინათ: მანანა და გიორგი.

ნათელა ურუშაძე: "როდესაც დავქორწინდით, იგი თამაშობდა "ბარათაშვილს" და მე თამამად შემეძლო მეთქვა, რომ გავყევი რომანტიკული სულის პოეტს, მაგრამ გამოხდა ხანი და ეს პოეტი გადაიქცა მეგრულ მგლად "ჭინჭრაქაში". აქ ერთი შევცბი, მაგრამ მე არ ვიცოდი, რა მელოდა. ცოტა ხნის შემდეგ იმავე სცენაზე დაიბადა მკვლელი, რეციდივისტი ტიგრან გულოიანი. ამას მოჰყვა ალქაჯი "მაკბეტში" და ვიფიქრე, ახლა მაინც დამთავრდა ჩემი გაწბილების პროცესი-მეთქი, მაგრამ ნურას უკაცრავად - რუსთაველის თეატრის რეპერტუარში ჩაეშვა სპექტაკლი "შორაპნელი ქალბატონები", სადაც გოგი საიქიოდან მოვლინებულ ადამიანს თამაშობს. ახლა თავად განსაჯეთ, რით დაიწყო და რით მთავრდება ჩემი ცხოვრების ეს ნაწილი... გოგი ყურადღებიანი მეუღლე და მამა იყო. არ მახსოვს, უცხოეთში წასულს ჩვენთვის არ ჩამოეტანოს უამრავი საჩუქარი".

ვასილ კიკნაძე, თეატრმცოდნე: "გოგი გეგეჭკორთან ერთად 10 წელი ვიმუშავე რუსთაველის თეატრში. ეს იყო ბედნიერი წლები. რამდენი შემოქმედებითი და ადამიანური სიხარული მაჩუქა ბატონმა გოგიმ. მას სტუდენტობის წლებში შევხვდი. თეატრმცოდნეები დიმიტრი ალექსიძის სპექტაკლის, "დონ სეზარ დე ბაზანის" რეპეტიციებს ვესწრებოდით. გასაოცარი, მართლაც ზღაპრული, რაღაც საზეიმო იმპროვიზაციების ფეიერვერკები იყო სარეპეტიციო პროცესი. დიმიტრი ალექსიძის იუმორი, სიტუაციების შეთხზვის უნარი, შთაგონება და გეგეჭკორის დონ სეზარის მოქნილი, დახვეწილი ელეგანტური მოძრაობა, ფორმათა უეცარი გათავისება, რეჟისორის ჩანაფიქრის ზუსტი ამოხსნა, იქვე ჩვენს თვალწინ ახალ ფორმათა თუ პლასტიკურ ნახაზთა შეთხზვა აღტაცებას გვგვრიდა სტუდენტებს. მაშინ ბატონი გოგი ხომ უპოპულარულესი ახალგაზრდა მსახიობი იყო, დავაჟკაცებული, მაგრამ ახალგაზრდა, 27 თუ 28 წლისა. ჩვენ გვხიბლავდა მისი მაღალი პროფესიული კულტურა და ეს ნამდვილი გაკვეთილი იყო სტუდენტებისათვის."

გიორგი გეგეჭკორი გარდაიცვალა 2003 წლის 11 მარტს. დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

იხილეთ ფოტოგალერეა