"მეეჭვება, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა იძლეოდეს იმის საშუალებას, რომ მან საპატიმრო დაწესებულებაში მამა გიორგი მამალაძე მოინახულოს" - კვირის პალიტრა

"მეეჭვება, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა იძლეოდეს იმის საშუალებას, რომ მან საპატიმრო დაწესებულებაში მამა გიორგი მამალაძე მოინახულოს"

21 თებერვალს საღამოს, ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული, დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩაფიძის გულის ცენტრიდან "ავერსის" კლინიკაში საბადრაგო სამსახურის თანხლებით გადაიყვანეს, სადაც მას დამატებითი გამოკვლევები ჩაუტარდა, თუმცა დეკანოზი ამის შემდეგ მალევე კვლავ ჩაფიძის კლინიკაში დააბრუნეს.

მამა გიორგი მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, დეკანოზი პატრიარქს და წმინდა სინოდის წევრებს შეხვედრას სთხოვს:

"მამა გიორგი დიდი თხოვნით მიმართავს პატრიარქს, რომ თუ იქნება შესაძლებლობა მისი ჯანმრთელობიდან გამომდინარე, სანამ გამოძიებას მისცემს ჩვენებას, ეს ყველაფერი უთხრას პატრიარქს. თუ პატრიარქი ვერ შეძლებს, ის ელოდება წმინდა სინოდიდან სასულიერო პირებს, რომ მოვიდნენ და დეტალურად მოუყვეს, რასთან არის რეალურად საქმე. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება, თუმცა თუ გავითვალისწინებთ გუშინდელ საუბარს ნანა კაკაბაძის მხრიდან, უპრიანი იქნება თუ იქნება მამა პეტრე. დიდი იმედი გვაქვს, რომ საპატრიარქოდან იქნება ადეკვატური პასუხი. ის არის სასულიერო პირი და სურვილი აქვს, პირველ რიგში, ინფორმაცია მიაწოდოს საპატრიარქოს".

ადვოკატის ინფორმაციით, ისინი ასევე მიმართავენ პროკურორებს დაკითხვისთვის.

შეხვდება თუ არა პატრიარქი დეკანოზ გიორგი მამალაძეს, საკითხის გასარკვევად პატრიარქის მდივანს, მამა მიქაელ ბოტკოველს დავუკავშირდით:

- მე რამდენადაც ვიცი, ოფიციალური თხოვნა ამასთან დაკავშირებით საპატრიარქოში არ შემოსულა და ამ ეტაპზე ეს საკითხი არ განიხილება, რადგან პატრიარქი სულ ორი დღეა, რაც დაბრუნდა გერმანიიდან, სადაც მას რთული ოპერაცია ჩაუტარდა და მეეჭვება, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა იძლეოდეს იმის საშუალებას, რომ მან საპატიმრო დაწესებულებაში ადამიანი მოინახულოს.

- იმ შემთხვევაში თუ დეკანოზ მამალაძეს საპატრიარქოში გადაიყვანენ?

- არ ვიცი, ამის შესახებ ვერაფერს გეტყვით, ეს საკითხი არ დასმულა, არ განხილულა და არ გვილაპარაკია.

- ადვოკატის ინფორმაციით, დეკანოზის თხოვნაა, რომ თუ პატრიარქი ვერ შეძლებს მის ნახვას, ის სინოდის წევრებს ელოდება...

- მე რამდენადაც ვიცი, სინოდის წევრები აცხადებენ, რომ სახელმწიფოს უჭირს, მისი უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, იქ სასულიერო პირის შეშვება, რადგანაც მისი ჯანმრთელობის საფრთხე არსებობს და ამიტომაც არის ასეთი თავშეკავება.

პ.ს. დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩაფიძის გულის ცენტრიდან ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. ჩაფიძის კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ზაზა ლაზარაშვილის განცხადებით, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ის სტაციონარულ მკურნალობას აღარ საჭიროებდა.

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)