"ძმამ შესაძლოა, შური იძიოსო" - სიყვარულის გამო გაწირული სიცოცხლე - კვირის პალიტრა

"ძმამ შესაძლოა, შური იძიოსო" - სიყვარულის გამო გაწირული სიცოცხლე

"ეს ის ფოტოებია, რომელიც ყველამ იცის, დანარჩენი ისეა ჩაკირული ჩემს მეხსიერებაში, რომ თან მიმაქვს... კადრები, რომლებიც რეალობას ასახავს და რომლის გამოქვეყნებისაც შეგრცხვა... უფრო სწორად, არ გაწყობდა... აწი ვეღარ შეხედავ თვალებს, რომელსაც "სულ ყველაზე ლამაზი უწოდე"... თუმცა იგივე ტექსტი სულ რაღაც 2 კვირაში სხვის თვალებსაც მოარგე... არასოდეს შემშურდება იმ ქალის, რომელიც უყვართ, მაგრამ მაინც ღალატობენ... მარტივი არ არის, ადამიანი ამ მდგომარეობამდე მიიყვანო, მაგრამ შენ გამოგივიდა... წარმატებებს გისურვებ, პიმენ... ეს ის წარმატებებია, რომელიც შენ მისურვე თვითმკვლელობაში... დედაჩემთან სამძიმარზე წამოსულ მამაშენს ის სიტყვები გამოაყოლე, რომელიც ბოლოს მიწოდე... ეს დასასრულია..." - ეს სიტყვები 35 წლის სოფიო ქოიავამ 17 თებერვალს "ფეისბუკის" გვერდზე დაწერა, ყოფილ შეყვარებულთან ერთად გადაღებული ფოტოები და ვიდეოც გამოაქვეყნა. ამის შემდეგ სამსახურიდან შესვენების დროს გავიდა და კოსტავას ქუჩაზე, ნათესავის საცხოვრებელ ბინაში მივიდა. როგორც ირკვევა, დაკეტილი ბინის გასაღები მას ჰქონდა, ბინაში აივნის კარი გამოაღო და VII სართულიდან გადმოხტა, - ასე დაასრულა სიცოცხლე.

მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა, რაც ისჯება თავისუფლების შეზღუდვით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ხუთ წლამდე. მოუწევს თუ არა პასუხისგება ამ მუხლით პიმენ ნაცვლიშვილს, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ფაქტია, დიდი გამოძიება სამართალდამცავებს ამ საქმის გასახსნელად არ სჭირდებათ, რადგან სოფიო ქოიავამ თვითმკვლელობის მიზეზი საჯაროდ განმარტა. მისი სტატუსიდან ჩანს, რომ თავი შეყვარებულ პიმენ ნაცვლიშვილთან დაშორების გამო მოიკლა.

როგორც ირკვევა, სოფიო ქოიავა და პიმენ ნაცვლიშვილი ფოთში ერთ-ერთ გადამზიდავ კომპანიაში ერთად მუშაობდნენ. პიმენ ნაცვლიშვილი ფოთის განათლების განყოფილების ყოფილი გამგის და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის, პიმენ ნაცვლიშვილის შვილიშვილია. მისი მამა ცნობილი ექიმი-ტრამვატოლოგი, ბადრი ნაცვლიშვილია. სოფიოსა და პიმენის სიყვარულის ამბავი სამსახურში ყველამ იცოდა.

მომხდარზე სტატია ჟურნალმა გზამ მოამზადა, გთავაზობთ გოგონას  ახლობლების მონაყოლიდან ამონარიდებს:

"შეძრული ვარ მომხდარით. ის არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. ძალიან მოსიყვარულე, თბილი. საავადმყოფოში მაინც გადავიყვანეთ, ექიმებიც ბევრს ეცადნენ, გადაერჩინათ, მაგრამ სოფიო უკვე გარდაცვლილი იყო. მას კისრის მალები ჰქონდა დამტვრეული. თავის ტრავმაც იყო... შემზარავი ფაქტი დღისით მოხდა. შესვენების პერიოდი იყო, ეტყობა სამსახურში თქვა, რომ შესვენებაზე გადიოდა.

იმ ბინაში სოფიო არ ცხოვრობდა, გასაღები ჰქონია. ამას ვინ წარმოიდგენდა, სიცოცხლით სავსე, ხალისიანი გოგო იყო".

"ეტყობა, გამიზნულად მოვიდა იმ ბინაში, იქ არავინ ცხოვრობს. მისი ნათესავის სახლია, დაგირავებული ჰქონდათ და ახლა ცარიელია. საავადმყოფოში მოვარდა მისი თანამშრომელი გოგონა და ტიროდა, - როგორც კი სოციალურ ქსელში მისი სტატუსი წავიკითხე, მაშინვე დავიწყე მის ტელეფონზე რეკვა, მაგრამ არ მპასუხობდაო.

... ძალიან კარგ ოჯახში აღზრდილი გოგოა, სულ მოღიმარი სახით დადიოდა. ერთი ძმა ჰყავს, მგონი ტყუპისცალია, რუსეთში იყო წასული. იქ შეიტყო ეს საშინელი ამბავი და ჩამოვიდა. ახლა ყველა იმას ამბობს, - შესაძლოა, შური იძიოსო..." (იხილეთ სრულად ჟურნალ "გზის" 23 თებერვლის ნომერში)

თეა ხურცილავა