პატრიარქის მდივანი: მამა გიორგი მამალაძის ადვოკატებისა და სინოდის წევრების შეხვედრას პატრიარქი არ დაესწრება - კვირის პალიტრა

პატრიარქის მდივანი: მამა გიორგი მამალაძის ადვოკატებისა და სინოდის წევრების შეხვედრას პატრიარქი არ დაესწრება

პატრიარქის მდივნის, მამა მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა გამოთქვეს სურვილი, შეხვდნენ წმინდა სინოდის მღვდელმთავრებს, რაზეც მათი მხრიდანაც არის მზაობა.

მისივე თქმით, შეხვედრას თავად პატრიარქი არ დაესწრება.

”ჩვენ გვაქვს სრული მზაობა ამისთვის და ველოდებით მამა გიორგის ადვოკატების მოსვლას საპატრიარქოში. ჩვენ შევხვდებით მათ და მოვისმენთ ინფორმაციას, თუ რისი თქმა უნდათ. ცნობისთვის მინდა განვაცხადო, რომ მამა გიორგის სამივე ადვოკატი ორი დღის წინ დილით, იმყოფებოდნენ მის უწმინდესობასთან და მათ უწმინდესობა ჩააყენეს საქმის კურსში იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც მამა გიორგის უკავშირდება. ასე, რომ აზრი იმის თაობაზე, რომ ჩვენ თავს ვიკავებთ დაცვის მხარესთან შეხვედრაზე, უსაფუძვლოა. ასეთი კომუნიკაცია არსებობდა და დღესაც ვაცხადებთ მზაობას, შევხვდეთ მამა გიორგის ადვოკატებს”, - განაცხადა მამა მიქაელმა.

მისი განცხადებით, შორენა თეთრუაშვილი მზად არის ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას დაეხმაროს

“ქალბატონი შორენა პასუხისმგებლიანი ქალბატონია. თუკი მასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებებს გაუჩნდებათ შეკითხვები, ქალბატონი შორენა მზად არის, მიიღოს მონაწილეობა და დაეხმაროს ძიებას ამ საკითხში. ასევე მოიქცევა საპატრიარქოს ყველა მაღალი რანგის თანამშრომელი, თუნდაც ეს მე მეხებოდეს. მეც მზად ვარ, მივიღო მონაწილეობა, თუ გამოძიებას ჩემს მიმართაც გაუჩნდება კითხვები. ამ დრომდე ქალბატონ შორენასთან ოფიციალური მიმართვა მისი დაკითხვის თაობაზე არ შემოსულა. თუ პროკურატურის მხრიდან ასეთი მცდელობა იქნება, გიდასტურებთ საპატრიარქოს და ქალბატონ შორენას პოზიციას, ის, რა თქმა უნდა, მიიღებს მონაწილეობას”, - განაცხადა დეკანოზმა მიქაელმა.

იხილეთ ასევე: "მეეჭვება, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა იძლეოდეს იმის საშუალებას, რომ მან საპატიმრო დაწესებულებაში მამა გიორგი მამალაძე მოინახულოს"

"ინტერპრესნიუსი"