"რაც მისი უწმინდესობა დაბრუნდა, სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოში არ მინახავს" - პატრიარქის დაცვის უფროსმა თანამდებობა დატოვა? - კვირის პალიტრა

"რაც მისი უწმინდესობა დაბრუნდა, სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოში არ მინახავს" - პატრიარქის დაცვის უფროსმა თანამდებობა დატოვა?

ვრცელდება ინფორმაცია, რომ პატრიარქის დაცვის უფროსმა სოსო ოხანაშვილმა დაკავებული თანმდებობა დატოვა. საპატრიარქოს მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა ამის თაობაზე დასმულ კითხვას ასე უპასუხა:

"რაც მისი უწმინდესობა საქართველოში დაბრუნდა, მე სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოში არ მინახავს".

როგორც დეკანოზმა აღნიშნა, პატრიარქის დაცვის დანარჩენი შემადგენლობა საპატრიარქოშია.

„სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოში არ იმყოფება. არ ვიცი ამასთან დაკავშირებით არაფერი. პატრიარქის დაცვის შემადგენლობა საპატრიარქოშია", - განაცხადა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.

შეგახსენებთ, ამ ცოტა ხნის წინა სოსო ოხანაშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრას" ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, რომლში ამბობდა:

"2004 წლის 12 მაისს პირველად გავყევი პატრიარქს პირადი მცველის რანგში და უკვე 13 წელია, გვერდიდან არ მოვშორებივარ. სიმართლე გითხრათ, ძალიან გვიჭირდა, იყო უამრავი დაბრკოლება, ბევრი - ხელოვნურიც, მაგალითად, გვჭირდებოდა კავშირგაბმულობის საშუალება (ე.წ. რაცია),"რომლის შეძენასაც ფული სჭირდებოდა და არ გვქონდა. წლების განმავლობაში არავინ წერდა სპეციალურ წერილს, რომ კავშირგაბმულობისთვის სიხშირე მომეთხოვა; როგორც სპეცდანიშნულების მოქმედ ოფიცერს, იარაღის ტარების უფლება მხოლოდ მე მქონდა. მწირი იყო ადამიანური რესურსიც, კადრებს მე ვარჩევდი. რა თქმა უნდა, ძირითადი კრიტერიუმი ფიზიკური მომზადება და გონებრივი მონაცემები იყო (სხარტი და კრიტიკული აზროვნება, ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უნარი), შემდეგ პატრიარქს ვუთანხმებდი. ფაქტობრივად შიშველი ხელებით პატრიარქის დაცვა დიდი პასუხისმგებლობა იყო, თან მძიმე სამუშაო რეჟიმის პირობებში ბევრი ვერ უძლებდა და მალე მიდიოდა.

სამწუხაროდ, ასეთი ფაქტები მრავლად იყო, ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ დაცვის სამსახურს ბევრი წინააღმდეგობა შიგნითაც გვხვდებოდა, მაგალითად, მთელ ტერიტორიაზე დავაყენებინე სათვალთვალო კამერები, რამაც ზოგიერთი სასულიერო პირის უკმაყოფილება გამოიწვია. ხშირად მესმოდა, - რამდენს ბედავენ, რას ჰგავს ეს - უშიშროების სამინისტრო ხომ არ არისო და ა.შ. ვერ ვხვდები, დღემდე რატომ აშინებს წესრიგი ხალხს. არადა, ხშირი იყო საპატრიარქოში შემოღწევის ფაქტები, გალავანზე მოძვრებოდნენ, რომ პატრიარქამდე მიეღწიათ".  (იხილეთ სრულად)

იხილეთ ასევე: "მიქაელ ბოტკოველმა იცრუა" - რას აცხადებს პატრიარქის დაცვის უფროსი?