"ბატონ ბიძინაზე დაყრდნობილმა მაინც მიაცილა ლიფტამდე" - პატრიარქისა და ივანიშვილის შეხვედრის დეტალები - კვირის პალიტრა

"ბატონ ბიძინაზე დაყრდნობილმა მაინც მიაცილა ლიფტამდე" - პატრიარქისა და ივანიშვილის შეხვედრის დეტალები

"ალბათ ბატონმა ბიძინამ გადაწყვიტა, დიდი ხნით არ შეეწუხებინა უწმინდესი"

საპატრიაქროს ირგვლივ ხმაური კვლავ გრძელდება და როგორც ჩანს, ჯერ დასასრული არ უჩანს. საზოგადოება ჯერ იმას არკვევდა, დატოვა თუ არა თანამდებობა პატრიარქის დაცვის უფროსმა სოსო ოხანაშვილმა, რომ ცნობილი გახდა, რომ პოსტი დატოვა პატრიარქის მდივნმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა.

გერმანიიდან დაბრუნებული ახალნაოპერაციები პატრიარქი ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, მეუღლესთან ერთად, ინახულა.

საპატრიარქოს ირგვლივ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელს, ლაშა ჟვანიას ვესაუბრეთ:

- ვფიქრობ, ეს მამა მიქაელის მიერ გაკეთებული ემოციური განცხადებაა. ვისურვებდი, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას წერილობითი ფორმა არ მისცეს. ის არის პატრიარქის მდივანი და პატრიარქის გარეშე ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს. შემიძლია ის დაგიდასტუროთ, რომ მას უწმინდესისთვის თავისი გადაწყვეტილება არ უთქვამს. მამა მიქაელი არის უწესიერესი ადამიანი, რომელიც ეკლესიას წლების განმავლობაში გულმოდგინედ ემსახურება და მისი დაკარგვა საქართველოს ეკლესიისთვის არ იქნება კარგი.

- პატრიარქი ბიძინა ივანიშვილმა ინახულა, თუმცა ვიზიტი ხანმოკლე იყო...

- მე თუ მკითხავთ, როდესაც ნახულობ ახალნაოპერაციებ ადამიანს, რომელიც ამ წნეხის პირობებში მართავს ეკლესიას, ეს ყველაზე ადეკვატური და გონივრული დროა. ალბათ ბატონმა ბიძინამ გადაწყვიტა, დიდი ხნით არ შეეწუხებინა უწმინდესი. მეტსაც გეტყვით, მოგეხსენებათ, უწმინდესი სწრაფად ვერ დადის, მაგრამ ბატონ ბიძინაზე დაყრდნობილმა მაინც მიაცილა იგი ლიფტამდე. უწმინდესს სტუმრებთან დახვედრის და გაცილების ასეთი ფორმა მუდმივად აქვს. შეხვედრაზე მისი უწმინდესობის მხრიდან მადლიერების და სიხარულის მეტი არაფერი ყოფილა.

- შეხვედრას კიდევ ვინ ესწრებოდა?

- მხოლოდ უწმინდესი და ბატონი ბიძინა, მეუღლესთან ერთად. შეხვედრაზე სხვა არავინ ყოფილა.

- პატრიარქის დაცვის უფროსზე, სოსო ოხანაშვილზე სხვადასხვა სახის ინფორმაცია ვრცელდება...

- დაელოდეთ სოსოს განცხადებას. საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახური არის შინაგან საქმეთა სამინისტროში ქვედანაყოფი. ბუნებრივია, ნებისმიერი ადამიანის წასვლა, გადადგომა, დატოვება, უნდა იყოს შესაბამისად დამნიშნავი სტუქტურისგან, დანარჩენი ვარაუდი, იქნება სპეკულაცია. მე ის ვნახე, და მგონი, ჟურნალისტებმაც ნახეთ საპატრიარქოში.

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)