"ექიმები ამტკიცებდნენ, რომ წამლები დალია, მაგრამ..." - რა გახდა 18 წლის გოგონას გარდაცვალების მიზეზი? - კვირის პალიტრა

"ექიმები ამტკიცებდნენ, რომ წამლები დალია, მაგრამ..." - რა გახდა 18 წლის გოგონას გარდაცვალების მიზეზი?

ქუთაისში, კლინიკა "უნიქალ მედიში“ ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. 18 წლის გოგონა კლინიკაში სამი დღის წინ, კომატოზურ მდგომარეობაში შეიყვანეს, მკურნალობის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა დღეს კვლავ დამძიმდა, რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა.

ახლობლები ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებაში მედიკოსებს ადანაშაულებენ და საქმის გამოძიებას ითხოვენ.

"სახლში ვიპოვეთ გონებადაკარგული. გამოვიძახეთ სასწრაფო, რომელმაც გადაიყვანა ჭიათურაში, ამოურეცხეს კუჭი და შემდგომ რეანომობილით გადმოიყვანეს ქუთაისის კლინიკაში. 2 დღე იმყოფებოდა უგონოდ და შემდგონ გონზე მოვიდა. ეგონათ, რომ გოგონამ წამლები დალია და იყო სუიციდის მცდელობა, მაგრამ ასე არ ყოფილა. გარდაცვლილის დედა ყველას უმტკიცებდა, რომ უბრალოდ გონება დაკარგა, თუმცა არავინ უსმენდა, ექიმები ამტკიცებდნენ, რომ წამლები დალია, მაგრამ სინამდვილეში, წამლები კი არა, გარდაცვალების მიზეზი ფილტვები აღმოჩნდა. 1-2 დღე გონზე იყო, გველაპარაკებოდა, დედას სთხოვა მობილური მომიტანეო, უცებ დაგვირეკეს, რთული სიტუაციაა და სასწრაფოდ მოდით კლინიკაშიო. მისვლიდან რამდენიმე წუთში შემიყვანეს და მითხრეს, გარდაიცვალაო. რომ ვიკითხე - რა დაემართა-მეთქი, არ იცი, რითიც შემოიყვანეთ, წამალი რომ ჰქონდა დალეულიო, ასე მიპასუხეს", - განაცხადა ჟურნალისტებთან გარდაცვლილი გოგონას ახლობელმა.

კლინიკის მთავარი ექიმი შოთა მარუაშვილი კი აცხადებს, რომ "უნიქალ მედიში“ პაციენტის გადასარჩენად ყველაფერი გაკეთდა.

"ცუდი ფაქტი მოხდა, მაგრამ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ მის გადასარჩენად. მეტს ვერაფერს გეტყვით. დანარჩენს ექსპერტიზა დაადგენს“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას შოთა მარუაშვილმა.