მეუფე პეტრე: "ე.წ. უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე და არამზადა გიორგი ანდრიაძე აცხადებდნენ, რომ პრეზიდენტმა მოწამლა პატრიარქი" - კვირის პალიტრა

მეუფე პეტრე: "ე.წ. უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე და არამზადა გიორგი ანდრიაძე აცხადებდნენ, რომ პრეზიდენტმა მოწამლა პატრიარქი"

ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრე ცაავამ მორიგი სკანდალური განცხადებები გააკეთა.

მისი თქმით, ე.წ. ციანიდის საქმისა და საპატრიარქოსთან განვითარებულ მოვლენების უკან პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი დგას. მან ის "ინტრიგების დედოფლად" მოიხსენია. "არ გამოვრიცხავ, რომ მამა გიორგი წამოეგო თვით ამ ქალის პროვოკაციას", - განაცხადა მეუფე პეტრემ "ციანიდის საქმეში" ბრალდებულის დეკანოზ გიორგი მამალაძის თაობაზე საუბრისას.

მან გაიხსენა ერთი ამბავი, როდესაც პატრიარქის მოწამვლის თაობაზე ასევე ბევრს ლაპარაკობდნენ.

"2009 წელს ნინოობის დღესასწაულზე, პატრიარქს სტურობდა იმჟამინდელი პრეზიდენტი, შეხვედრას მეც ვესწრებოდი... მათ ემსახურებოდა ეს ქალბატონი (ლაპარაკია შორენა თეთრუაშვილზე - კ.პ.) პრეზიდენტი მიირთმევდა ყველაფერს, რაც მიართვეს, მათ შორის პატრიარქის ულუფასაც... მეორე დღეს პატრიარქი გახდა ავად, გადაიყვანეს თოდუას კლინიკაში, ერთი საათი იყო უკონტროლო მდგომარეობაშ. ე.წ. უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე და არამზადა გიორგი ანდრიაძე, იმჟამინდელი პრესა პირდაპირ აცხადებდნენ, რომ პრეზიდენტმა მოწამლა პატრიარქი. სამწუხაროდ, იმჟამინდელ ხელისუფლებას არ ეყო გამბედაობა, რომ გამოეძიებინა ეს ფაქტი... იმედი მაქვს ამ ჯერზე მაინც იქნება ხელისუფლება მოწოდების სიმაღლეზე...

არაერთგზის ყოფილა პატრიარქის მოწამვლის შესახებ საუბარი, არასოდეს გამოძიებულა და ყოველთვის ეს ქალბატონი გამოძვრა და გადაირჩინა თავი. თუმცა, ეს ის შემთხვევაა, რაშიც ღმერთის ხელი ურევია და ეს არის ხელისუფლების ღირსება, ამ საქმის გამოძიების ბოლომდე მიყვანა..." - განაცხადა მეუფე პეტრემ.

მისივე თქმით, , მამა გიორგი მამალაძეს ციანიდი საპატრიარქოს ერთ-ერთმა პირმა მისი ნათესავი ოქრომჭედილისთვის სთხოვა:

"მამა გიორგი მამალაძეს საპატრიარქოს ერთ-ერთი გავლენიანი ადამიანი რამდენიმე ხნით ადრე სთხოვს, რომ მას მისი ნათესავი ოქრომჭედლისთვის, რომელიც ცხოვრობს უკრაინაში, სჭირდება ციანიდი, რომელიც გამოიყენება ოქროს გადამუშავებაში. მიუთითებს მის ახლობელზე, რომელიც საყდრისში მუშაობს, ასევე ოქროსთან აქვს შეხება და აქედან იწყება მამა გიორგისთან ჩართულობა. როდესაც ის ეძებს ციანიდს, აქ უკვე იწყება მსტოვრის ჩართულობა".

მან დაადასტურა, რომ მსტოვარში გულისხმობს ჟურნალისტ ირაკლი მამალაძეს.

მეუფემ უმწვავესი განცხადებები ასევე გიორგი ანდრიაძის თაობაზე გააკეთა:

"სამარცხვინოა, ეთერებში მდივან-რეფერენტის გამოგზავნილი არამზადა ადამიანის განცხადებები, რომელიც თითქოსდა საპატრიარქოს პოზიციას იცავს. ეს არის სირცხვილი, რომ გიორგი ანდრიაძე საპატრიარქოს სახელით ლაპარაკობდეს. ადამიანი, რომელსაც ეკუთვნის სიტყვები: საპატრიარქო არის ჩემი "კლიჩკა", სადაც მხოლოდ ფული უნდა იშოვოს. მას ეკუთვნის სიტყვები, რომ ის და შორენა მართავენ საპატრიარქოს და მესამე ადამიანი ზედმეტია.

ორ დეტალს გავიხსენებ, სამების ეზოში არის მაღაზია-მარკეტი, სადაც მონასტრის პროდუქცია იყიდება, როდესაც სურსათის უვნებლობის სამსახურმა აიღო კარაქი, მასში რძის შემცველობა 0 აღმოჩნდა.

ეს არის ადამიანი, რომლის ოჯახს უკავშირდება ბიზნესი, რომელიც ყიდულობდა პურს ერთ-ერთი პურის ქარხნიდან, იფუთებოდა საპატრიარქოს სახელით და ბარდებოდა ორჯერ ძვირად..." - განაცხადა მეუფე პეტრემ.