"ეს იყო მიზანმიმართული დარტყმა პატრიარქზე" - ვინ და რატომ უთხრა უწმინდესს ოპერაციის წინ, რომ მის მოწამვლას აპირებდნენ?! - კვირის პალიტრა

"ეს იყო მიზანმიმართული დარტყმა პატრიარქზე" - ვინ და რატომ უთხრა უწმინდესს ოპერაციის წინ, რომ მის მოწამვლას აპირებდნენ?!

"დავადასტურებ იმას, რომ შორენასთან ტკბილი ურთიერთობა არ მქონდა. ვფიქრობ, რომ ჩემი წამოსვლით საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებს უფრო კარგად დავინახავ."

საქართველოს პატრიარქის დაცვის უკვე ყოფილმა უფროსმა სოსო ოხანაშვილმა „რუსთავი 2-ის“ გადაცემა "პოსტსკრიპტუმში" საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებზე  ისაუბრა. როგორც ოხანაშვილმა განაცხადა, ის ემსხვერპლა "სიმართლისათვის ბრძოლას და შიდა დაპირისპირებებს, რომელიც საპატრიარქოს შიგნით დიდი ხანია მიმდინარეობს“.

"მივედი მის უწმინდესობასთან, ვისაუბრეთ და ვთხოვე მოეცა ლოცვა - კურთხევა რომ წავსულიყავი თანამდებობიდან. ეს იყო ჩემთვის უმძიმესი გადაწყვეტილება, ახლაც მიჭირს, მაგრამ ეს ყოველთის იქნება უმძიმესი, მე პატრიარქისთვის არ ვიყავი მარტო დაცვა", - განაცხადა მან.

"დავადასტურებ, რომ შორენასთან (პატრიარქის მდივან - რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი - კ.პ) ტკბილი ურთიერთობა არ მქონდა. ვფიქრობ, რომ ჩემი წამოსვლით საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებს უფრო კარგად დავინახავ. ჩემი სამსახური იყო ის ორგანო, რომელიც იყო აბსოლუტურად პატრიარქის და სხვას არავის ექვემდებარებოდა. მნიშვნელოვან საკითხებს ვათანხმებდი პატრიარქთან, ესეც იყო ერთ-ერთი პრობლემა. იყო მცდელობები რომ ვიღაცისთვის კიდევ შემეთანხმებინა... მე პირადად შემეძლო შესვლა პატრიარქთან და ნებისმიერ საკითხზე დავლაპარაკებოდი."

"რომ გადაწყდა ჩემი გერმანიიდან გამოფრენის საკითხი, პატრიარქისთვის უნდა ამეხსნა სიტუაცია. მას ვუთხარი, რომ მამა გიორგი მამალაძე დააკავეს და უნდა გავფრინდე - მეთქი, სულ ეს იყო,  რაც ვუთხარი, არ მითქვამს მამაო რისთვის დააკავეს, ამას ვერ ავუხსნიდი, რადგან მას რთული ოპერაციისთვის ამზადებდნენ".

ჟურნალისტ ნოდარ მელაძის ინფორმაციით, პატრიარქმა იმავე დღესვე, ფაქტობრივად, ოპერაციის წინ  მამა დავით ჭინჭარაულისგან გაიგო, რომ თითქოს მამა გიორგი მამალაძე პატრიარქის მოწამვლის მცდელობის გამო დააკავეს, ოხანაშვილმა ეს ინფორმაცია არ უარყო:

"ჩავთვალე, რომ ეს იყო მიზანმიმართული დარტყმა პატრიარქზე. რადგან მისთვის უნდა გაეკეთებინათ უმძიმესი ოპერაცია. როცა პატრიარქმა ეს ამბავი გაიგო, ყოველ 15 წუთში მირეკავდენნ, კითხულობდა, - რა ხდებაო. გერმანელმა პროფესორმა კი თქვა:  „ასე თუ გააგრძელებთ, მოგვიწევს ოპერციის გადადებაო...

"ჩემი და ყველას ვალია რომ დავეხმაროთ გამოძიებას, რომ გამოვიდეთ ამ ჩიხიდან. იყო მცდელობები, რომ რამენაირად მოხდეს ჩემი ამ საქმესთან დაკავშირება. ჩემთვის ბევრი რამ ბურუსითაა მოცული, ვიცი, რა პრობლემებიც იყო და ვიცი რასაც ებრძოდა მამა გიორგი მამალაძე. მას ჰქონდა წვდომა უამრავ ინფორმაციაზე...

არ მჯერა, რომ მამა გიორგის ვინმეს მოკვლა უნდოდა, ის არ არის ის ადამიანი, ვისაც შეუძლია ვინმე მოკლას. ის არის უსამართლობის მსხვერპლი. ეს არის ეკლესიის მტრების მიერ კარგად ორგანიზებული მზაკვრობა, რაც სისრულეში მოიყვანეს. ციხე შიგნიდან ტყდება - დარწმუნებული ვარ, შიგნიდან არიან ჩარეულები".

ჟურნალისტის კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ ეს იყოს პატრიარქის ტახტისთვს ბრძოლა, ოხანაშვილმა განაცხადა, რომ უამრავი ვერსია არსებობს.

"არ შეიძლება შიგნდან ამხელა სკანდალი ატყდეს, ეს გარედან მართული პროცესია. მე, როგორც უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა ძალიან ბევრი რამ ვიცი, ის საქმეები, რომელიც იქ ხორციელდებოდა, მაგრამ მოვა დრო, როცა ყველაფერს ვიტყვი. ეს ინფორმაცია შეიძლება საზოგადოებისთვის შოკისმომგვრელი იყოს. ეს ეხება ყველაფერს: ფინანსებს, უკანონო გარიგებებს და ა.შ."

"ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ ხალხმა იცოდეს რა მოხდა, ეკლესია უნდა გათავისუფლდეს მსგავსი ბრძოლებისაგან".