"არ იცის, რომ ტყუილს მოკლე ფეხი აქვს" - რას პასუხობს გიორგი ანდრიაძე მეუფე პეტრეს ბრალდებებს? - კვირის პალიტრა

"არ იცის, რომ ტყუილს მოკლე ფეხი აქვს" - რას პასუხობს გიორგი ანდრიაძე მეუფე პეტრეს ბრალდებებს?

"თუ 1% მაინც იქნება სინამდვილე, რაც პირდაპირ ეთერში მეუფე პეტრემ იბოდიალა, ყველა თანამდებობას (მე ბევრი თანამდებობა მაქვს აქ) დავტოვებ"

26 თებერვალს ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრე ცაავამ მორიგი სკანდალური განცხადებები გააკეთა.

ერთ-ერთი ასეთი განცხადება საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრ, გიორგი ანდრიაძეს შეეხო.

"სამარცხვინოა, ეთერებში მდივან-რეფერენტის გამოგზავნილი არამზადა ადამიანის განცხადებები, რომელიც თითქოსდა საპატრიარქოს პოზიციას იცავს. ეს არის სირცხვილი, რომ გიორგი ანდრიაძე საპატრიარქოს სახელით ლაპარაკობდეს. ადამიანი, რომელსაც ეკუთვნის სიტყვები: საპატრიარქო არის ჩემი "კლიჩკა", სადაც მხოლოდ ფული უნდა იშოვოს. მას ეკუთვნის სიტყვები, რომ ის და შორენა მართავენ საპატრიარქოს და მესამე ადამიანი ზედმეტია.

ორ დეტალს გავიხსენებ, სამების ეზოში არის მაღაზია-მარკეტი, სადაც მონასტრის პროდუქცია იყიდება, როდესაც სურსათის უვნებლობის სამსახურმა აიღო კარაქი, მასში რძის შემცველობა 0 აღმოჩნდა.

ეს არის ადამიანი, რომლის ოჯახს უკავშირდება ბიზნესი, რომელიც ყიდულობდა პურს ერთ-ერთი პურის ქარხნიდან, იფუთებოდა საპატრიარქოს სახელით და ბარდებოდა ორჯერ ძვირად..." - განაცხადა მეუფე პეტრემ.

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტის ბრალდებებს უკვე გამოეხმაურა გიორგი ანდრიაძე. მისი თქმით, გუშინ მეუფე პეტრემ ცილისმწამებლური ინფორმაცია გაავრცელა. ანდრიაძის თქმით, იმ პერიოდში, რომელზეც მეუფე საუბრობდა, იგი საპატრიარქოს ტელევიზიას ქმნიდა და ამ ტელევიზიის დირექტორი იყო ორი წლის განმავლობაში.

“გუშინ მეუფე პეტრემ გაავრცელა ცილისწამების კორიანტელი. ეტყობა, არც მეშვიდე მცნება იცის – ცილი არ უნდა დასწამო, არც ის იცის, რომ ტყუილს მოკლე ფეხი აქვს. ვთხოვ მასმედიას, შეუძლია რამდენიმე საათში გადაამოწმონ მის მიერ გავრცელებული არასწორი ინფორმაცია ე. წ. რძეზე, ყველზე და კომერციულ საქმიანობებზე, რომელსაც მისი სულიერი ძმები - “ნაციონალები” ეწეოდნენ. ამ პერიოდში მე ვაკეთებდი საპატრიარქოს ტელევიზიას, რომლის დამფუძნებელიც მე ვარ და ორი წელი ვიყავი მისი დირექტორი. რადიოს დამფუძნებელიც მე ვარ. მე ამ კუთხით ვსაქმიანობდი, კომერციულ საქმიანობას ვინ ახორციელებდა, ძალიან იოლი დასადგენია. თუ 1% მაინც იქნება სინამდვილე, რაც პირდაპირ ეთერში მეუფე პეტრემ იბოდიალა, ყველა თანამდებობას (მე ბევრი თანამდებობა მაქვს აქ) დავტოვებ. ეს არის მოკლე პასუხი, ვისაც უნდა სიმართლე გაიგოს. ქურდების თემა კიდევ საერთოდ კომიკური ჟანრიდან არის. მაინტერესებს, ფულს პატრიარქის სეიფიდან ვიპარავდი, თუ ვაგზლის ჯიბის ქურდი ვიყავი?”, - განაცხადა გიორგი ანდრიაძემ.

იხილეთ ასევე: მეუფე პეტრე: "ე.წ. უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე და არამზადა გიორგი ანდრიაძე აცხადებდნენ, რომ პრეზიდენტმა მოწამლა პატრიარქი"