მამა დავით შარაშენიძე: "პატრიარქის ბეჭედი არ დაკარგულა, უბრალოდ გაუგებრობა მოხდა" - კვირის პალიტრა

მამა დავით შარაშენიძე: "პატრიარქის ბეჭედი არ დაკარგულა, უბრალოდ გაუგებრობა მოხდა"

საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსის, მამა დავით შარაშენიძის განცხადებით, პატრიარქის ფაქსიმილე არ დაკარგულა და უბრალოდ გაუგებრობა მოხდა.

მისი თქმით, არსებობს ორი ბეჭედი, ერთ-ერთი მათგანი პატრიარქს ეკუთვნის, ხოლო მეორეს საპატრიარქოში უწმინდესის არ ყოფნის დროს, მისი ნდობით აღჭურვილი პირი იყენებს.

”ორივე ბეჭედი თავის ადგილზეა. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ორი ბეჭედია, ერთი რომელიც უშუალოდ პატრიარქს აქვს მუდმივად და ამ ბეჭდით ხდება ქონებრივი საქმიანობის განხორციელება, გადარიცხვების და სხვა საქმიანობის შესრულება. არსებობს მეორე ბეჭედი, ეს არის ჩვეულებრივი ადმინისტრაციული მომსახურეობის ბეჭედი, როცა პატრიარქი ან არ იმყოფებოდა საქართველოში, ან საპატრიარქოს შენობაში. მის მიერ გამოყოფილი პიროვნება, რომელიც არის ნდობით აღჭურვილი პირი, ამ ბეჭედს გამოიყენებს, ოღონდ პატრიარქთან შეთანხმებით და არა პირადი გადაწყვეტილებით”, - განაცხადა მამა დავით შარაშენიძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, არის თუ არა ეს პირი შორენა თეთრუაშვილი, შარაშენიძემ უპასუხა, რომ შესაძლებელია იყოს შორენა თეთრუაშვილი ან სხვა ნდობით აღჭურვილი პირი.

მისი თქმით, ბეჭდვის დაკარგვას ადგილი არ ჰქონია, უბრალოდ მოხდა გაუგებრობა.

”გაუგებრობა გამოიწვია იმან, რომ მეუფე გერასიმე დაინიშნა გერმანიის მიტროპოლიტად და ბეჭედი იქნა დასმული საქართველოში მაშინ, როდესაც მისი უწმინდესობა იმყოფებოდა ბერლინში. ეს მოხდა უწმინდესობასთან შეთანხმებით, მეუფე გერასიმე იმყოფებოდა გერმანიაში და უნდა შეხვედროდა ადგილობრივ მღვთელმსახურებს, მას უნდა ჰქონოდა შესაბამისი სტატუსი. მხოლოდ და მხოლოდ ამის გამო მოხდა ეს”, - განაცხადა მამა დავით შარაშენიძემ.

მისივე თქმით, საპატრიარქოს დაცვა ეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, ამიტომ მათ იარაღის ტარების უფლება აქვთ, ხოლო ჩხრეკაზე და იარაღის აღმოჩენაზე გავრცელებული ინფორმაცია აბსურდულია.

”რა თქმა უნდა, ისინი არიან იარაღით აღჭურვილები. ის არის შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფი. მათ აქვთ იარაღის ტარების უფლება. ჩხრეკასთან და იარაღის არსენალთან დაკავშირებით ინფორმაცია არის სრული აბსურდი, რასაც სიმართლესთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს ემსახურება კიდევ უფრო მეტ დაძაბულობას და გაუგებრობის შეტანას საზოგადოებაში. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, შსს-მაც გააკეთა განცხადება ამის თაობაზე. ეს არის ადამიანების ბოროტი ფანტაზია, რომლებსაც უნდათ ეს დაძაბულობა”, - განაცხადა მამა დავით შარაშენიძემ.

მანვე მიმართა მედიას, რომ პასუხისმგებლობით მოეკიდონ ინფორმაციას, რომელსაც ავრცელებენ და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საზოგადოებას გადაუმოწმებელი ინფორმაცია არ უნდა მიაწოდონ.

"ინტერპრესნიუსი"