"ისე აწყობენ საქმეს, ყველაფერს მაგას დააბრალებენ" - რა მიმოწერა გაასაჯაროვა მეუფე პეტრემ?! - კვირის პალიტრა

"ისე აწყობენ საქმეს, ყველაფერს მაგას დააბრალებენ" - რა მიმოწერა გაასაჯაროვა მეუფე პეტრემ?!

ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე ცაავა მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს, თუმცა კონკრეტულად რა საკითხთან დაკავშირებით, ჯერჯერობით უცნობია. არსებობს ვარაუდი, ეს დაკავშირებული იყოს ე.წ. ცინიდის საქმეზე მის საჯარო განცხადებებთან.

თავდაპირველად გაჩნდა იმის ეჭვიც, რომ მეუფე შესაძლოა დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს დაკითხვისას ეხსენებინა და ეს გამხდარიყო პროკურატურის ინტერესის საფუძველი, თუმცა როგორც დეკანოზის ადვოკატმა  გიორგი ფანცულაიამ განაცხადა, მამა გიორგი მამალაძის ჩვენებაში მეუფე პეტრე არ ყოფილა იმ კონტექსტით დასახელებული, რომ ეს გამხდარიყო მისი პროკურატურაში დაბარების მიზეზი.

"რუსთავი 2" -ის ინფორმაციით, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პროკურატურაში შესვლამდე ტელეკომპანიას მისი და უცნობი პირის სატელეფონო მიმოწერის შინაარსი გაუმხილა.

ამ მიმოწერის მიხედვით, უცნობი პირი მეუფე პეტრეს აფრთხილებს, რომ თუ თავს არ შეიკავებს, შეიძლება პრობლემები შეექმნას.

"მეუფეო, ძალიან ნაცნობმა ადამიანმა სმს-ი მომწერა და მთხოვა გადმომეცა თქვენთვის, გიგზავნით დაკოპირებულ სმს-ს. გადაეცი ჩემგან და სთხოვე მაქსიმალურად თავი შეიკავოს, თორემ ისე აწყობენ საქმეს, ყველაფერს მაგას დააბრალებენ...  გთხოვ თავი შეიკავე, ყველაფერი დარეგულირდება...",  - ვკითხულობთ გასაჯაროებულ მიმოწერაში.

ამავე მიმოწერის მიხედვით, უცნობი პირი სხვის მონაწერს გადასცემს მიტროპოლიტს:

"... აი რ მომწერა კიდევ: არ ვიცი, თვითონ შეთანხმდნენ ასე პატრიარქთან და დიმიტრისთან. მაშინ სხვა საქმეა, მაგრამ მე ვფიქრობ დიმიტრიც სწირავს. ძალიან სერიოზული კვანძი მოხლართეს. ვერ მოგწერ დეტალებს. ყველაფერი უნდათ პეტრეს შეახოცონ. ძალიან მძიმე მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს".

შეგახსენებთ, ეს მიმოწერა "რუსთავი -2"- მა გაასაჯაროვა.